Accessibility links

რუსი სპეციალისტების სტუმრობის შედეგად, რუსეთის ბაზარზე ათეულობით ტონა ხილი გაიტანეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროცესი ახლა უკვე ქარველი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდება. რუსეთის ბაზარზე დაშვებული ხილისა და ბოსტნეულის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ჯერ მხოლოდ რამდენიმე სახეობაა გატანილი. ჩაიკეტება თუ არა რუსეთისკენ ახლად გაკვალული საექსპორტო გზა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გამო?

ახალი კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვანი ხილი - რუსეთის ბაზარზე 2014 წლის 26 მაისიდან დაუშვეს, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის, "როსსელხოზნადზორის“, დასტურის შედეგად. თუმცა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ვერიკო გულუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის ჯგუფში გაერთიანებული პროდუქტებიდან ამ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე მხოლოდ სამი დასახელების გატანა მოხერხდა:

”ამ ეტაპისთვის საქართველოდან განხორციელებულია 134 ტონა ხილის ექსპორტი. კერძოდ, კახეთის რეგიონიდან 82 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, შიდა ქართლიდან - 35 ტონა ბალი, ხოლო გურიიდან - 17 ტონა ლურჯი მოცვი. რაც შეეხება პროდუქციის ჩამონათვალს, ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტოსა და "როსსელხოზნადზორის" მიმოწერის შედეგად შეთანხმებული ხილი. მოლაპარაკებები გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია შემდგომ ეტაპზე სხვა პარტიაზე იყოს ლაპარაკი”.

ტვირთი - ის, რომელიც დააკმაყოფილებს რუსეთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს და თავისუფალი იქნება რუსეთისთვის საკარანტინო მავნე ორგანიზმებისგან, თავისუფლად შევა ბაზარზე...

ატამი, ვაშლატამა, ბალი და მოცვი რუსეთის ბაზრისკენ მას შემდეგ დაიძრა, რაც საქართველოში რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის - "როსსელხოზნადზორის" - 4-კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რუსი სპეციალისტები 23 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში თავად აწარმოებდნენ საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარიულ კონტროლს. ამიერიდან კი ხილისა თუ ბოსტნეულის კონტროლისა და სერტიფიცირების პროცესს ქართველი ფიტოსანიტრები განახორციელებენ.

”ამაში იგულისხმება დათვალიერება, მიკროსკოპული კვლევა, მათ შორის - ლაბორატორიული კვლევა. ეს ხდება შერჩევით, გარკვეული ბიჯის დაცვით, არ ხდება მთლიანი პარტიის შემოწმება. არის თუ არა საკარანტინო ობიექტი - ამის გარკვევა, არსებული პრაქტიკის მიხედვით, დახედვის საფუძველზეც არის შესაძლებელი. ტვირთი - ის, რომელიც დააკმაყოფილებს რუსეთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს და თავისუფალი იქნება რუსეთისთვის საკარანტინო მავნე ორგანიზმებისგან, თავისუფლად შევა ბაზარზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვერიკო გულუამ.

რუსეთის ბაზარზე პროდუქციის, მაგალითად, ატმის გატანის აზრს კახეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავენ, თუკი გასაყიდი ფასი მისაღები იქნება. ამასთან, გლეხები შიშობენ, რომ შუამავალ კომპანიებს მათზე გაცილებით დიდი მოგება დარჩებათ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს რადიო თავისუფლებას, პროდუქციის გატანის საშუალება აქვს ყველას, ვინც საჭირო დოკუმენტაციას მოაგროვებს, და სახელმწიფო არანაირად არ ჩაერევა ამ პროცესში. უწყების ინფორმაციით, ეს მხოლოდ კერძო სექტორის საქმეა და ფერმერებმა და პროდუქციის გატანის მსურველმა ბიზნესმენებმა საერთო ენა ერთმანეთში უნდა გამონახონ.

აქვე ვთქვათ, რომ დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია - მაგალითად: ჩაი, დაფნა თუ ჩირი - რუსეთის ბაზარზე, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლის 28 ივნისიდან დაუშვეს. 2013 წლის 14 ოქტომბრიდან კი მწვანე შუქი აინთო ქართული თხილისთვის, ციტრუსისთვის, ყურძნისთვის, ვაშლისთვის, მსხლისა და კომშისთვის.

მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე

საქართველოს ხელისუფლება არ მოელის, რომ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კვალდაკვალ, რუსეთი ისე გაუბრაზდება საქართველოს, რომ კარს მიუხურავს მისკენ სულ ახლახან დაძრულ პროდუქციას. თუმცა ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. პირველი დეტალები გაირკვევა 7 ივლისიდან, როცა ერთმანეთს რუსი და ქართველი ექსპერტები შეხვდებიან. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა 30 ივნისს, ამ პროცესში ჩართული იქნება მისი უწყების წარმომადგენელიც:

”ეს არის წმინდა პრაქტიკულ დონეზე დაგეგმილი შეხვედრა, რომელმაც, შეცვლილი პირობების გამო, რაც საქართველოს ახალ ვითარებაში აყენებს, უნდა განსაზღვროს, არის თუ არა რაიმე ცვლილება მოსალოდნელი ორმხრივ ურთიერთობებში”.

ექსპერტების აზრი კი ამ მხრივ არაერთგვაროვანია. თუკი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს ემბარგო და ვითარების ასეთი დაძაბვა, უბრალოდ, თავადაც არ აძლევს ხელს, მეორე ნაწილი მოელის, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან, დასჯის მიზნით, აუცილებლად დაუხურავს კარს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციას.

XS
SM
MD
LG