Accessibility links

ეროვნული არქივი კინომუსიკის ასობით ჩანაწერს ინახავს, ბევრი მათგანი ხალხმა დღემდე ზეპირად იცის. რაც შეეხება თანამედროვე კინომუსიკას, ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს ამ მხრივ ცუდი ვითარებაა, რადგან ფილმები ცოტაა, საავტორო მუსიკა კი - კიდევ უფრო ნაკლები. ქართული კინომუსიკის წარსული და მომავალი თეა თოფურიას სიუჟტში.

ეზოებისა და მთების თავზე უცნაური, ძლივს შეკოწიწებული „ცათმფრენი“ მიფრინავს, ზედ ორი კაცი ზის და მუსიკა ისმის. არავინ ელოდა, მაგრამ შერეკილები მაინც გაფრინდნენ. მუსიკა, რომელიც ფილმის ფინალურ კადრს დაადეს, დღეს საქართევლოს ეროვნულ არქივში ინახება. მასთან ერთად თაროებზე სხვა უამრავი ჩანაწერია, ქართული კინომუსიკის არქივი. ეს ყველაფერი თავის დროზე აქ ფირფიტებით მოიტანეს და მერე წლების განმავლობაში მის ციფრულ ვერსიებს ამზადებდნენ.

მოხდა ისე, რომ გაიზარდა თაობა კომპოზიტორებისა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონიათ კადრთან შეხება. ზოგმა ორმოცს, ორმოცდაათს გადააბიჯა და ფილმი არა აქვს გაფორმებული, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება და მონაცემები გააჩნდათ...

ეროვნულ არქივში სულ 296 ქართული ფილმი ინახება. მისი ციფრულ მატარებელზე გადაყვანა 2009 წელს დაიწყო და 2014-ში დასრულდა.პირველი ჩანაწერი 1924 წლის ფილმია, მას კომპოზიტორი არც ჰყოლია, მთლიანად ხალხური მუსიკით გააფორმეს. ეროვნული არქივის ფონოგანყოფილების უფროსი ეკა სანიკიძე ამბობს, რომ ხალხურ მუსიკაზე აწყობილი ფილმები საკმაოდ ხშირია:

„არ არსებობს არც ერთი ქართული მხატვრული ფილმი, რომელშიც არ არის მართლა დასამახსოვრებელი ქართული მუსიკა. პირველი ქართული ფილმები, რა თქმა უნდა, ხალხური სიმღერებით და ქართული საცეკვაო მუსიკით იყო შევსებული, მერე უკვე კომპოზიტორების მიერ - ისეთი კომპოზიტორების, როგორიც იყო რევაზ ლაღიძე, აზმაიფარაშვილი... მაგალითად, ფილმი „პირველი მერცხალი“, ძალიან დამახასიათებელი მუსიკალური შესრულება აქვს“.

და კიდევ ერთი ფილმი ფეხბურთზე, მსგავსი მუსიკით. ლეგენდარული ფეოლა სახლის სახურავზე ზინას ემალება.

„- დოლაბერიძე, რა სახლმმართველობა ხარ შენ, ბინის ქირის წაღებაზე მაგრები ხართ, მაგრამ წყალი რომ ჩამოგვდის ოჯახში, იმას რატომ არ კითხულობთ არც ერთი.

- პატივცემულო ზინა, ისე შევარემონტე. ერთი წვეთი წყალი აღარ ჩამოვა ახლა“.

გარდა ამისა არქივში დაცულია 66 ნახატი ფილმი. მათ შორის ეკა სანიკიძე ყველაზე მეტადმერი დავითაშვილის მიერ გაფორმებულ „წუნა და წრუწუნას“ გამოყოფს. საერთოდ, მერი დავითაშვილი უამრავი ნახატი ფილმის კომპოზიტორია.

სამწუხაროა ის, რომ არც მასტერკლასები, არც ვორკშოფები ამ მიმართულებით არ კეთდება. არ არის. არანაირი დინამიკა არ გვაქვს...

„- თუ გიცქერი, მზე მინათებს,

თუ არა და - ბნელიაო.

-ვერც ჰოს გეტყვი, ვერც- არასა,

მიჭირს, ბიჭო, ძნელიაო...“

ნახატი ფილმებისთვის მუსიკა დაწერილი აქვს გია ყანჩელსაც, რომელიც 1987 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირმა საუკეთესო კომპოზიტორად დაასახელა.

„აბა, ჰე, მოვდივარ,

ესა ვარ, რაცა ვარ.

გჭირდებით? გიშველით, ვფიცავარ!

სოფლის ტვირთი მხრებზე ავიკიდე.

არ გეგონოთ ვინმეს შევუშინდე.

ცხრა ამდენი მიწის ქვეშ ვარ კიდევ, ჰეი“.

ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე კინოში მუსიკას უფრო ნაკლებად იყენებენ და ეს არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინოს ტენდენციაა. მისივე თქმით, ამას ვერ იტყვი ჰოლივუდზე.

თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილი

„შეგრძნება მაქვს, რომ ჰოლივუდი იყენებს რაღაც დაკონსერვებულ მუსიკას, რომელიც ედება სანტიმენტალურ თუ ამაღელვებელ-პათეტიკურ სცენებს. არის კონვეიერული წარმოების და ინდივიდუალური ჟღერადობა არ გააჩნია. მაგრამ, ამის პარარელურად, ამერიკულ კინოში შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე ტარანტინო, რომლის საუნდტრეკი ცალკე მოვლენაა“.

კომპოზიტორი მიშა მდინარაძე ამბობს, რომ თანამედროვე ქართულ კინომუსიკის მიმართულებით ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც ზოგადად კინოში, ანუ ცუდი. მისი თქმით, ადრე კინოში გაჟღერებული სიმღერები ხალხმა ზეპირად იცოდა, თანამედროვე ფილმებიდან კი ასეთი დასამახსოვრებელი მუსიკა ნაკლებად ახსენდება.

„სამწუხაროა ის, რომ არც მასტერკლასები, არც ვორკშოფები ამ მიმართულებით არ კეთდება. არ არის. არანაირი დინამიკა არ გვაქვს“.

კომპოზიტორ არჩილ გიორგობიანის თქმით, გარდა იმისა, რომ კინოს ნაკლებად იღებენ, რასაც იღებენ, იმის საავტორო მუსიკით გაფორმებაც ძვირი ჯდება: საჭიროა ორკესტრი, სტუდიური მომსახურება და ასე შემდეგ...

„მოხდა ისე, რომ გაიზარდა თაობა კომპოზიტორებისა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონიათ კადრთან შეხება. ზოგმა ორმოცს, ორმოცდაათს გადააბიჯა და ფილმი არა აქვს გაფორმებული, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება და მონაცემები გააჩნდათ“.

​მისივე თქმით, რეალობა ისეთია, რომ თუ რამე მუსიკა მაინც იქმნება იმასაც დილეტანტები წერენ.

„დილეტანტები წერენ, ისინი, ვისაც პარტიტურის შექმნაც არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ძალიან ნიჭიერიც იყოს. მაგრამ ადრე როგორც იყო (საბჭოთა კავშირის დროს) ისე არაა - ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ალფრედ შნიტკე რუსეთში, კინემატოფრაფში ძალიან აქტიურად მუშაობნენ. ისინი ყველა პროფესიულ დაბრკოლებას ლახავდნენ, რადგან გააჩნდათ პროფესიული განათლება და კინოხედვა, რაც არსად არ ისწავლება. ეს დამოკიდებულია მხოლოდ კარგ რეჟისორზე და კარგ კომპოზიტორზე“.

თუმცა, რა თქმა უნდა, არის თანამედროვე ქართული ფილმები, რომელშიც თემატური თანხვედრის გამო უკვე არსებული მუსიკაა გამოყენებული, მაგალითად ფილმი „მანდარინები“, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის სიმღერით მთავრდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG