Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე მაისში უნდა გამოჩნდეს


ერთ-ერთი ღვინის მაღაზია თბილისში
ერთ-ერთი ღვინის მაღაზია თბილისში
ქართული ღვინისა და მინერალური წყლების კომპანიები რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს შეძლებენ შესვლას. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ღვინის კომპანიების შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა. ქართული ღვინის მწარმოებელი 36 კომპანია და ასევე მინერალური წყლის 4 კომპანია ახლა რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციის პროცესს შეუდგება, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა. რა გზით შევა ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე და რა გეგმები აქვთ კომპანიებს?

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა ქართული ღვინის იმ 36 კომპანიისა და 4 მინერალური წყლის კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომელთა შემოწმებაც დასრულდა და რომელთაც რუსულ ბაზარზე შესასვლელად საკუთარი პროდუქციის რეგისტრაციის დაწყების უფლება მიეცათ. როგორც რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ უთხრა რუს ჟურნალისტებს, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაახლოებით 200 სახეობას ელიან:

”ალბათ, შემოსვლის ნებართვას ღვინის პროდუქტებს მივცემთ. ჩვენი შეფასებით, ეს, ალბათ, 150-200 სახეობის ქართული ღვინის პროდუქტი იქნება. მათ რეგისტრაციის ნება მიეცემათ და რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ შემოვლენ ჩვენს ბაზარზე”.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები იმ დარჩენილი კომპანიების შემოწმების შედეგებს დაელოდებიან, რომელთა ექსპერტიზაც რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ 25 მარტიდან იგეგმება. სულ, რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილი 82-მა კომპანიამ გამოთქვა. როგორც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გენადი ონიშჩენკოს უწყების ექსპერტებისა და სპეციალისტების შემოწმების პირველმა ეტაპმა საქართველოში ობიექტურად და პროფესიულად ჩაიარა და, მისივე თქმით, ფაქტობრივად, ყველა საწარმომ გამოცდა ჩააბარა. მისივე სიტყვებით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რაც დაახლოებით ერთთვიანი პროცედურაა, ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე მაისის ბოლოსთვის უნდა გამოჩნდეს. ლევან დავითაშვილის პროგნოზით, მომავალი წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე დაახლოებით 8-10 მილიონი ბოთლი იქნება:
ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი

”პირველი წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება შევძლოთ 8-10 მილიონი ბოთლის ექსპორტირება რუსეთში. ეს არ არის პატარა ციფრი. ცნობისათვის: დღეს ქართული ღვინის ექსპორტი არის 23-24 მილიონი ბოთლი ყველა სხვა ქვეყანაში. თუ ამას დაემატება 10 მილიონი ბოთლი და შევინარჩუნებთ იმ ზრდის ტემპს, რომელიც ამჟამად გაგვაჩნია, ჩვენი ღვინის ექსპორტი ერთი წლის თავზე შეიძლება იყოს 40 მილიონი ბოთლი. ეს გულისხმობს, რომ რუსეთს 20-25% შეიძლება ეკავოს ქართული ღვინის ექსპორტში, რაც სოლიდური მაჩვენებელია, მაგრამ არა იმდენად სარისკო, რომ ჩვენ მარტო რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებული, ანუ განსხვავებული კონიუნქტურა გვექნება საექსპორტო ბაზრებზე”.

ღვინის კომპანია ”თელავის ღვინის მარნის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ რამაზაშვილი, რუსულ ბაზარზე უახლოესი 2 წლის განმავლობაში დიდ იმედს არ ამყარებს - ჯერ ერთი, იმიტომ რომ, მისი სიტყვებით, ქართულ კომპანიებს რთვლის პერიოდში რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და, შესაბამისად, ლიმიტირებული პროდუქცია აწარმოეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ღვინოს გასაყიდად ვერ გაიტანენ და, ამასთან, როგორც ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ანუ ემბარგოს შემდეგ, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია უკვე სხვა ქვეყნის პრიდუქციამ ჩაანაცვლა:

”რაც არ ვართ რუსეთის ბაზარზე, იქ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა - შეიცვლებოდა მომხმარებლის პრიორიტეტებიც, ქართული ღვინო, ნაწილობრივ, სხვა ღვინით ჩანაცვლდებოდა; ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ, რომ გასაყიდ თაროზე ადგილი ლიმიტირებულია, ანუ შეზღუდულია, ანუ ქართული ღვინო ერთ-ორ წელიწადში ვერ მოახერხებს იმავე მოცულობაზე დაბრუნებას, რა მოცულობაც 2005 წელს იყო”.

ქართული ღვინის ექსპორტის მაქსიმუმი რუსულ ბაზარზე 2005 წელს დაფიქსირდა და 52 მილიონი ბოთლი შეადგინა.

რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებას სარისკოდ მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობა. დავით დარჩიაშვილის თქმით, რუსული ბაზარი არცთუ ისე პროგნოზირებადია და, შესაბამისად, უკვე დივერსიფიცირებული ქართული პროდუქციის კვლავ რუსულ ბაზარზე დაბრუნება სარისკო საქმეა:

”რუსეთში როდის რას დაგიბლოკავენ, როდის სად რა ბიუროკრატიული ბარიერი დაგხვდება, რომელიც უნდა გადალახო სრულიად უკანონო გზებით, და კრემლში როდის რაღაც სხვა ხასიათზე გაიღვიძებენ და გადაწყვეტილება ამის მიხედვით შეიცვლება სანიტარულ სფროშიც კი, ამის წინასწარმეტყველება არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, ეს არის სერიოზული პრობლემა და თუ ეს პრობლემები ყოველთვის იქნება გადალახული, საქართველო სუვერენიტეტს არ დაკარგავს - მე ეს მადარდებს პირადად, ქართული სუვერენიტეტი - და, ამავე დროს, თუ ქართველი მეღვინეები შემოსავალს ნახავენ, მაშინ - კი, ბატონო”.
ჩვენი მეღვინეები ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი ხალხია. მათ კარგად იციან, თუ რასთან ექნებათ საქმე. იქ ხიბლიც ძალიან დიდია, რუსულ ბაზარზე, და ნებისმიერ ბიზნესს რისკებიც თან ახლავს...
ზურაბ აბაშიძე


ამასთან, დავით დარჩიაშვილის სიტყვებით, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება, მაშინ როცა რუსეთს ეს ვალდებულება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგად გაუჩნდა. ამ აზრს ნაწილობრივ იზიარებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, თუმცა ის პოლიტიკური პროცესის შედეგადაც მიიჩნევს რუსული ბაზრის გახსნის შესაძლებლობას. ზურაბ აბაშიძეს არა აქვს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით რაიმე დათმობის მოლოდინი. მისი სიტყვებით, ახლა თავად მეწარმეების გადასაწყვეტია ისარგებლებენ თუ არა პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად გაღებული კარით და შევლენ თუ არა რუსულ ბაზარზე:

”ჩვენი მეღვინეები ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი ხალხია. მათ კარგად იციან, თუ რასთან ექნებათ საქმე. იქ ხიბლიც ძალიან დიდია, რუსულ ბაზარზე, და ნებისმიერ ბიზნესს რისკებიც თან ახლავს. ამიტომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ, უღირთ თუ არ უღირთ. პოლიტიკოსებისა და დიპლომატების საქმეა დახურული კარი გახსნან და ამ კარში ვინ შევა და ვინ არ შევა, ეს უკვე ცალკეული ბიზნესმენის გადასაწყვეტია”.

რაც შეეხება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შესვლის გზებს, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ერთი გზა ეს არის ზემო ლარსის საავტომობილო გამშვები პუნქტი, რომელთან დაკავშირებითაც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა განიხილება სხვა მარშრუტებიც - ეს არის სარკინიგზო გადაზიდვები აზერბაიჯანის გავლით. და მესამე ვერსია არის საბორნე მიმოსვლა, კერძოდ, საუბარია ნოვოროსიისკზე. თუმცა, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დღეს ბორანი ამ მიმართულებით არ მოძრაობს, მაგრამ თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება ეს საბორნე გზაც გაჩნდეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG