Accessibility links

logo-print

შარკა ზაჰრადნიკოვა: ქართულ მუსიკაში სულ სხვანაირი ჰარმონიაა


პრაღაში მოქმედი მოყვარულთა ანსამბლი „ჰაერი“, რომლის რეპერტუარშიც უკვე ოცამდე ქართული ხალხური სიმღერაა, ნელ-ნელა იხვეჭს პოპულარობას, ივსება ახალი წევრებით და დიდ სცენაზე გასვლაზეც ოცნებობს, თუმცა ანსამბლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კონცერტით იმ ქვეყანაში - საქართველოში - ჩასვლაა, რომლის ჰანგების შესრულებამ პრაღაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიისა და ეროვნების წარმომადგენლები გააერთიანა. ამ მიზნის მიღწევაში დახმარებას მათ ჩეხეთში საქართველოს საელჩო უკვე დაჰპირდა. სწორედ საქართველოს საელჩოში შეხვდა ანსამბლ „ჰაერის“ წევრებს კობა ლიკლიკაძე და მათ რეპერტუარსა და გეგმებსაც გაეცნო.

ბრაზილიელი ბერნარდო ტონასი მეხუთე თვეა, რაც პრაღაში იმყოფება. იგი ფილმების სუბტიტრებს თარგმნის პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზე, სამუშაოსგან თავისუფალ დროს კი ახალ გატაცებას ანდომებს - რეპეტიციებზე დადის და ქართულ ხალხურ სიმღერებს ეუფლება ანსამბლ „ჰაერში“, რომლის წევრებთანაც იგი მისმა კოლეგამ და მეგობარმა გოგომ, ფრანგმა ანიჩკა რეიმბაუტმა დააკავშირა.

„სულ რაღაც ხუთ თვეზე ოდნავ მეტია, რაც ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიმყოფები. ჯერ ჩეხურადაც კი ვერ ვლაპარაკობ. ანსამბლ „ჰაერში“ მე ახალი წევრი ვარ, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა მასში მისვლა. მე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ვიცოდი არც საქართველოსა და არც ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. და მახსოვს, ჩემი შთაბედჭილება იყო აბსოლუტურად შოკის მომგვრელი, ამ სიტყვის დადებითი მნიშვნელობით, როდესაც პირველად მოვისმინე ქართული სიმღერა“, ამბობს ბრაზილიელი ბერნარდო ტონასი, პროფესიონალი თარჯიმანი და მოყვარული მუსიკოსი, რომელმაც სულ რაღაც სამ თვეში - ხაზს ვუსვამ, სამ თვეში - შეისწავლა რამდენიმე ურთულესი ქართული სიმღერა, მათ შორის, „შენ ხარ ვენახი“ და „ასლანური მრავალჟამიერი“ და ანსამბლ „ჰაერის“ ერთ-ერთ სოლისტად იქცა.

პრაღაში უკვე იყო ქართული სიმღერის სურვილი და მე რომ ჩამოვედი პრაღაში საქართველოდან, სადაც სამი წელი ვცხოვრობდი, - ახლა გაზაფხულზე ჩამოვედი, - ვნახე, რომ აქ არის ჯგუფი, სადაც რამდენიმე სიმღერა უკვე იცოდნენ...

ორი წლის წინ ანსამბლი „ჰაერი“ პრაღაში ვერონიკა ბრატრიხოვამ და მისმა სამმა კოლეგამ დაარსეს. მაშინ რეპერტუარში სულ 4 -5 სიმღერა იყო. ახლა კი ჩეხეთში მოქმედ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ჰაერში“ თორმეტი კაცია და რეპერტუარიც თვიდან თვემდე იზრდება. ეს დინამიკა „ახალი სისხლის“, ანსამბლ „ჰაერის“ ახალი წევრის, შარკა ზაჰრადნიკოვას დამსახურებაა. შარკა სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში, სადაც ჩეხეთის მთავრობის გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობდა. შარკამ კარგად შეისწავლა როგორც ქართული ენა, ისე ქართული ხალხური სიმღერები და ამ გამოცდილებას ახლა ანსამბლ „ჰაერის“ წევრებს უზიარებს:

„პრაღაში უკვე იყო ქართული სიმღერის სურვილი და მე რომ ჩამოვედი პრაღაში საქართველოდან, სადაც სამი წელი ვცხოვრობდი, - ახლა გაზაფხულზე ჩამოვედი, - ვნახე, რომ აქ არის ჯგუფი, სადაც რამდენიმე სიმღერა უკვე იცოდნენ. ჩვენ გაზაფხულზე დავიწყეთ რეგულარულად რეპეტიციები, შეხვედრები და ნელ-ნელა კონცერტები. ანუ 9 თვეა უკვე, რაც ერთად ვართ და ვმღერით“.

რადიო თავისუფლება: კონცერტებს მხოლოდ ჩეხეთში ატარებთ თუ სხვა ქვეყნებშიც? მაგალითად, საქართველოში თუ ჩაგიტარებიათ კონცერტი?

შარკა ზაჰრადნიკოვა: „არა, არა, საქართველოში არ ვართ ნამყოფი ჯერ. ძალიან გვინდა, რომ წავიდეთ. შეიძლება მომავალ ზაფხულში წავიდეთ ყველა ერთად. კონცერტებს ძირითადად ჩეხეთში ვატარებთ, პრაღასა და სხვა ქალაქებში“.

ჩვენ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისში იქნებ ვინმე პროფესიონალი ჩამოვიყვანოთ ერთი ან ორი კვირით საქართველოდან, რომ უფრო პროფესიულ დონეზე ტრენინგები ჩავატაროთ და დავხვეწოთ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა სიმღერას უკვე ძალიან კარგად ასრულებენ...

რადიო თავისუფლება: მოსწონთ აქ ქართული სიმღერები?

შარკა ზაჰრადნიკოვა: „ძალიან მოსწონთ, რადგან საერთოდ სხვანაირია მუსიკა და სხვანაირი ჰარმონიაა. მუსიკოსები გვეუბნებიან, გვეგონა, რომ მუსიკაზე ყველაფერი ვიცოდით და არაფერი გაგვაკვირვებდა, მაგრამ ეს ქართული მუსიკა კონცერტზე რაღაც ისეთი ახალია, რასაც არ ელოდნენ, რაღაც ძალიან ლამაზი“.

ჩეხეთში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ჰაერი“ ინტერნაციონალურია - ანსამბლის წევრთა უმრავლესობა ჩეხები არიან, მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, ფრანგი და ბრაზილიელიც ჰყავთ და სიამოვნებით მიიღებენ მსურველებს სხვა ქვეყნებიდანაც, თუმცა, როგორც შარკა ზაჰრადნიკოვამ გვითხრა, მათ ახლა ყველაზე უფრო მეტად ქართველი ლოტბარის დახმარება სჭირდებათ, რათა უფრო დახვეწონ საშემსრულებლო ოსტატობა და ქართულ საკრავ ინსტრუმენტებზე - ფანდურზე, ჩონგურსა და სალამურზეც - ისწავლონ დაკვრა. ჩეხეთში, ქართულ სათვისტომოში, ამ საქმის მცოდნე ქართველი პროფესიონალი, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა, ამიტომ ანსამბლ „ჰაერს“, რომელსაც საკუთარი ფინსანსური საშუალებები ჯერჯერობით არ გააჩნია, დახმარებას ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე დაჰპირდა.

ზაზა გოგსაძე

ზაზა გოგსაძე

„ჩვენ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისში იქნებ ვინმე პროფესიონალი ჩამოვიყვანოთ ერთი ან ორი კვირით საქართველოდან, რომ უფრო პროფესიულ დონეზე ტრენინგები ჩავატაროთ და დავხვეწოთ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა სიმღერას უკვე ძალიან კარგად ასრულებენ, მაგრამ მაინც... და შემდეგ, ალბათ, საქართველოშიც ჩამოვლენ და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან აქტიურ მუშაობას და გვექნება დიდი თანამშრომლობა. ახლა რაც შეეხება მომავალ გეგმებს, რასაკვირველია, ვგეგმავთ ანსამბლის სპეციალური კონცერტის ჩატარებას პრაღაში. ამაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც დაგვეხმარება“.

ამ სამომავლო დიდი კონცერტისათვის კი ანსამბლ „ჰაერის“ წევრები გულმოდგინედ ემზადებიან და როდესაც რეპეტიციებს დარბაზში ვერ ახერხებენ, კარგი ამინდის დროს პარკებში იკრიბებიან. მადლობა ღმერთს, რომ არც პრაღა განიცდის კარგი პარკების დეფიციტს, ანსამბლ „ჰაერის“ წევრებს კი ქართული ხალხური სიმღერის ხალისი ყოველთვის აქვთ და არ სჭირდებათ დიდი ხვეწნა-მუდარა, რომ იმპროვიზებულად ღია ცის ქვეშ „თუშის ქალაო“ შემოსძახონ.

ჩეხეთში მოქმედი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ჰაერს“ ფეისბუკზე აქვს საკუთარი გვერდი, რომელზეც ყოველდღიურად იზრდება ვიზიტორებისა და მიმდევრების რაოდენობა. თუმცა, შარკა ზაჰრადნიკოვას არ დაუმალავს, რომ ის და მისი მეგობრები მოუთმენლად ელიან რეპორტაჟს რადიო თავისუფლებაში, იმ ენაზე და იმ ხალხისათვის, რომლის სიმღერების სიყვარულმაც გააერთიანა პრაღაში მცხოვრები ჩეხი, ფრანგი თუ ბრაზილიელი - გააერთიანა იმ სახელწოდების ქვეშ, რომელიც ლამაზად გამოითქმის და რომელიც ყველა სულდგმულს სჭირდება.

XS
SM
MD
LG