Accessibility links

logo-print

"ქართული ოცნება" საარჩევნო რეფორმის ინიციატივით გამოვა


ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისია

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა პარტიებმა განაცხადეს, რომ პარლამენტს ამ კვირაში წარუდგენენ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს და მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე უზრუნველყოფენ. მმართველი კოალიციის წევრი პარტიების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" განაგრძობს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და ამჯერად საზოგადოებას სთავაზობს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მომდევნო, ისე მისი შემდგომი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების სრული დაცვით.

"ქართული ოცნების" გეგმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს „კარგი პრაქტიკის კოდექსის“ შესაბამისად, რომლის თანახმად, ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს და არავითარ შემთხვევაში 15%-ს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა.

მმართველი კოალიცია აღნიშნავს, რომ ოლქების გათანაბრება უზრუნველყოფს საპარლამენტო მანდატების განაწილებისას ამომრჩევლის ნების შესატყვისი შედეგის მიღებას და ამასთან, მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაწესდება 50%-იანი ბარიერი. „ქართული ოცნების“ განცხადებით, კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტსაც, რომლის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით. „საკონსტიტუციო უმრავლესობით კანონპროექტის მიღების უზრუნველსაყოფად, კოალიცია მზადაა აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მმართველი კოალიციის წევრი პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სისტემის რეფორმირებით დაინტერესებულ სხვა სუბიექტებს, მხარი დაუჭირონ კოალიციის მიერ შეთავაზებულ „უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას, რომელიც შექმნის მყარ გრძელვადიან გარანტიას საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისათვის."

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG