Accessibility links

logo-print

გორში „ქართული ოცნების“ აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა


„ქართული ოცნების“ აქცია გორში

„ქართული ოცნების“ აქცია გორში

გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიტინგი ზუსტად დანიშნულ დროს დაიწყო. მანამდე აქციას ქარელის, კასპისა და ხაშურის კოლონები შეუერთდნენ. აქციაზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. აქციაზე მისული რიგითი გორელები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ადამიანის შრომა სათანადოდ დაფასდეს.

კოალიციის ლიდერები, რომლებიც სცენის მიღმა იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებს კომენტარებს აძლევდნენ, ყველა მათგანი რამდენიმე დღის წინ კარალეთში მომხდარ ინციდენტს იხსენებდა. ზვიად ძიძიგურის აზრით, მერეთისა და კარალეთის ამბებმა უკუშედეგი გამოიღო და იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა ვიდრე მოელოდნენ.

გუბაზ სანიკიძე კი აცხადებს, რომ ქუჩაში ხალხი უსამართლობას გამოჰყავს, ამიტომ რაც მეტი „კარალეთი“ იქნება, მით უფრო გაიზრდება მათი მომხრეების რაოდენობა.

კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ სცენის უკან თავშეყრილ ადამიანებს შეხვდა, აქვე იმყოფებოდნენ, რუის-ურბნისის ეპარქიიდან ჩამოსული სასულიერო პირები. სიტყვით გამოსვლისას კი ივანიშვილმა კოალიციის საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებსა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებს დაპირისპირებას და ქვეყანა აღარ იქნება დაყოფილი ხელისუფლების „უტეხ მომხრეებად" და „შეუპოვარ მოწინააღმდეგეებად".

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსაც შეეხო, მისი აზრით, შეშინებულ სააკაშვილს კიდევ უფრო მკაცრი ხელი სჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„მას არჩევნებისთვის სჭირდება ზონდერბრიგადები, რომელთა მართვითაც ახალაია არის განთქმული", - აღნიშნა ივანიშვილმა. მან დღეს პოლიციელებსაც მიმართა და უკანონო ბრძანებების შეუსრულებლობისკენ მოუწოდა. კოალიციის ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობას დებს. მისი აზრით ერგნეთის ბაზრობა იყო ის ადგილი, სადაც ქართველებისა და ოსების დაახლოება ხდებოდა.

„მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც დალაგდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხს. რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელიც უპრინციპოა და არაკორექტული. ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საერთო ენას აფხაზებთან და ოსებთან", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ დეკლარაციის შეთავაზება, რადგან მისი აზრით, პირველ რიგში მმართველი პარტია ახდენს ხალხის დაპირისპირებას.

აქციის ბოლოს ივანიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. გორში კოალიციას ისტორიკოსი და კონფლიქტოლოგი სოსო ვახტანგაშვილი წარმოადგენს, რომელიც წლების წინ აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში, შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში. ხაშურში ქართული ოცნების სახელით კენჭს ცნობილი ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი იყრის, ქარელში – ცნობილი სპორტსმენი ლერი ხაბელოვი, ხოლო კასპში – ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი.

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ახლა მთავარია, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გაგრძელდეს მუშაობა და კონფლიქტის ზონის სოფლებში ვითარების დაძაბვა არ მოხდეს.

გორში დღევანდელი აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა, საპატრულო პოლიცია კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG