Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით


კახა კალაძემ ამირან ლაგვილავა კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა

კახა კალაძემ ამირან ლაგვილავა კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" ამირან ლაგვილავა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, გამოიძიონ, თუ რატომ მოხდა დაუკითხავად მისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება.

ამირან ლაგვილავა განცხადებაში წერს, რომ არ მიუმართავს გაწევრიანების თხოვნით ოპოზიციური პარტიისთვის და თანხმობის გარეშე გამოიყენეს მისი პირადი მონაცემები. საუბარია საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა მიქაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ამირან ლაგვილავა დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მან საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ოპოზიციური პარტიის მანდატი, საიდანაც ირკვევა, რომ ამირან ლაგვილავა ენმ-ის წევრი 2013 წელს გახდა:

„სანამ კანდიდატს წარადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, გულის ჯიბეში ღრმად ჩაუყავით ხელი და ნახეთ, რომელი პარტიის მანდატს ატარებს იგი. ასევე მინდა ძალიან გთხოვოთ, ნუ აქციეთ „ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში „ქართული ოცნების“ პარტიული კადრების სამჭედლოდ და ნუ დაამსგავსეთ ის ძველი რომაული მითოლოგიის ღმერთს, ორსახა იანუსს“.

კახა მიქაიასავე თქმით, ამირან ლაგვილავამ 2013 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც მიიღო.

ინფორმაციას ადასტურებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბათლომე შელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამირან ლაგვილავას პარტიის დატოვების თაობაზე ამ დრომდე არ მიუმართავს:

„ამირან ლაგვილავა 2013 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მანამდე იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ ორი საკრებულოს მოწვევის წევრი. დღეს მისი „ქართულ ოცნებაში“ გადასვლა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ან რაღაც დაპირებასთან, ან დაშინებასთან“.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადასტურებს, რომ 2013 წლის მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ, მისივე თქმით, პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. მან განმარტებები ღირსების ორდენის შესახებაც გააკეთა:

„არ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გასვლაზე განცხადებას როგორ დავწერდი? მე შესვლაზეც არ დამიწერია განცხადება და ბლანკი არ შემივსია. მე მივიღე ორდენი 2013 წელს. დამიბარა საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ლევან კონჯარიამ, ეწყო იქ რამდენიმე და მითხრეს, ამოარჩიეო ერთი, მომცეს. რვა წელი ვემსახურე, ფრაქციის თავმჯდომარე ვიყავი, მთავრობას ვემსახურებოდი, პარტიას და სხვა რისთვის უნდა მიმეღო ორდენი?“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამირან ლაგვილავა გასულ კვირაში ზუგდიდის სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

კორცხელში შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს საკრებულომ, ხმათა უმრავლესობით, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს "თავისუფალი დემოკრატებიდან" ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. კომისიის დასკვნის თანახმად, მან სხდომები 6 თვეზე მეტი ვადით გააცდინა და მიზეზებიც არ წარმოუდგენია. ეს გადაწყვეტილება ცოტნე მურღულიას გასაჩივრებული აქვს. სხდომაზე იმავე საბაბით საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა "ქართული ოცნების" პროპორციული სიით გასულ კახა მიქაიას. მიქაია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ჯონი ზარანდიამ შეცვალა. საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG