Accessibility links

logo-print

კოალიცია „ქართული ოცნება“ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში გაიმართება. კოალიცია ასევე აპირებს საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილება, რომელიც 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. მმართველი კოალიციისაგან განსხვავებით, პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს შუალედურ არჩევნებს და მოითხოვს, უახლოესი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით - მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით - ჩატარდეს.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ორ რაიონში - მარტვილსა და საგარეჯოში - ჩატარდება. კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები საზოგადოებას კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა:

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები: სოსო დანელია - მარტვილის საარჩევნო ოლქში და თამარ ხიდაშელი - საგარეჯოს რაიონის საარჩევნო ოლქში. მე ვარ დარწმუნებული, ეს არჩევნები იქნება ისეთივე ხარისხიანი და წარმატებული, როგორიც ჩავატარეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“.

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით...

31 აგვისტოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ასევე გაავრცელა განცხადება საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ, რომლის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა, რასაც მოითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილების მიხედვით, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა არ შეიცვლება - იქნება კვლავ 73 ერთმანდატიანი ოლქი, მაგრამ შეიცვლება მათი საზღვრები, საარჩევნო ოლქები კი გათანაბრდება 10-15 პროცენტის ცდომილების ფარგლებში, რაც დაშვებულია საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება 40 000-დან 54 000-მდე. გარდა ამისა, ცვლილება ითვალისწინებს 50-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესებას მაჟორიტარული არჩევნებისთვის. კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით. საკონსტიტუციო უმრავლესობით კანონპროექტის მიღების უზრუნველსაყოფად, კოალიცია მზადაა აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან“.

განცხადების შინაარსის კომენტირებისას, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, განაცხადა, რომ ცვლილებები შექმნის მყარ და გრძელვადიან გარანტიას საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისათვის:

დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი

„ძალიან კარგი შერეული სისტემაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ერთმანდატიან ოლქებში იქნება 50 %-იანი ბარიერი, რაც ვერ გაბედა ვერც ერთმა ხელისუფლებამ. ანუ იქნება არჩეული ნამდვილი უმრავლესობის მიერ პირველ ან მეორე ტურში. ეს - ერთი. მეორე ის, რომ საარჩევნო ოლქების სრული გათანაბრება ხდება“.

თუმცა, მიუხედავად ამგვარი ნაბიჯებისა, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის არსებითი შეცვლისათვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ასე ფიქრობს ზურაბ ხარატიშვილი, ხელმძღვანელი პარტიისა „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, რომელიც, 12-მდე სხვა პარტიასთან ერთად, ბოიკოტს უცხადებს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს.

„’ქართულმა ოცნებამ’ გამოაცხადა, რომ არანაირი რეალური საარჩევნო რეფორმის გატარებას არ აპირებს და რომ მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით არის დაკავებული. ასევე გამოაცხადა, რომ მინიმუმ 2020 წლამდე მას სურს, რომ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. „ქართული ოცნება“ აპირებს ხელისუფლების მიტაცებას, არათანაბარი პირობებით, მინიმუმ ოთხი წლით“, - უთხრა ზურაბ ხარატიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციური პარტიების მიერ შუალედური არჩევნებისათვის გამოცხადებულ ბოიკოტს სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევენ მმართველ კოალიციაში. თინათინ ხიდაშელი, ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი საგარეჯოს რაიონიდან, მიიჩნევს, რომ, ბოიკოტის გამოცხადებით, ოპოზიცია ცდილობს თავი დააღწიოს გარდაუვალ მარცხს:

„თუ ხარ პოლიტიკური პარტია და არჩევნებს უცხადებ ბოიკოტს, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდე და ჩამოყალიბდე, გესმის თუ არა რას ნიშნავს იყო პოლიტიკური პარტია. არასოდეს, რესპუბლიკური პარტიის საქმიანობის არც ერთ ეტაპზე ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც ერთი არჩევნებისთვის. ეს იქნებოდა საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა, პირველ რიგში!“

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ის, რომ უნდა გადადგეს დღევანდელი მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, შევქმნათ ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობა და ვიზრუნოთ ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნაზე...

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს არც „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თქმით, შუალედური არჩევნები არსებითად ვერაფერს შეცვლის ქვეყანაში, სადაც არის როგორ მწვავე ეკონომიკური, ასევე ინსტიტუციური კრიზისი, რაც გამოიხატება ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაში.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ის, რომ უნდა გადადგეს დღევანდელი მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, შევქმნათ ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობა და ვიზრუნოთ ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნაზე. შუალედური არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია კანონს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ძალა საპარლამენტო არჩევნებში ყოველთვის უნდა იღებდეს მონაწილეობას, მიუხედავად კანონისა, მით უმეტეს, რომ ამ რეპუტაციის მთავრობას ვერც კანონი უშველის და ვერც სხვა დამატებითი ბერკეტები, რომლის მოპოვებას და გამოყენებას ისინი ცდილობენ“, - უთხრა სერგო რატიანმა რადიო თავისუფლებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით კი, საგარეჯოსა და მარტვილის რაიონებში შუალედური არჩევნების ჩატარება იმის გამო გახდა საჭირო, რომ ეს ორი რაიონი მაჟორიტარი დეპუტატების გარეშე დარჩა: მარტვილის დეპუტატი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, მაჟორიტარი დეპუტატი საგარეჯოს რაიონიდან თინათინ ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG