Accessibility links

logo-print

ირაკლი ქურასბედიანი: გიორგი ბარათელი დნეპროპეტროვსკში დაკრძალეს


გასული კვირის ბოლოს ვითარება უკიდურესად დაიძაბა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის ოლქში, სადაც მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევდა, თებერვლის მინსკის სამშვიდო შეთანხმების ძალით. 9 აგვისტოს ღამით ქალაქ დონეცკში უცნობებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს ეუთოს მისიის კუთვნილი 4 ჯავშანმანქანა, 10 აგვისტოს კი ამ ინციდენტს ე. წ. დემილიტარიზებული ზონის გარშემო სერიოზული საბრძოლო შეტაკებები, მსხვერპლი და ორმხრივი ბრალდებები მოჰყვა. დონბასის ოლქში გასულ კვირაში უკრაინის არმიამ რამდენიმე მებრძოლი დაკარგა. მათ შორის იყო 24 წლის გიორგი ბარათელი, რომელიც დნეპროპეტროვსკში გადაასვენეს და იქ დღეს დაკრძალეს.

„მე როგორც ვიცი, მამამისი საქართველოში ცხოვრობს და დედა კი დნეპროპეტროვსკთან ახლოს, რომელიღაც რაიონის სოფელში. დღეს დაასაფლავეს იქ. ჩასვლა ვერ მოვახერხე, რადგან შორს ვარ“, - გვითხრა ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა, რომელიც უკრაინის არმიის მოხალისეა და მოწინავე 79-ე ბრიგადასთან ერთად წელიწადია, რაც კონფლიქტის ზონაში იმყოფება.

9 აგვისტოს კი დონბასში, კონფლიქტის ზონაში, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქი გორლოვკა, რომელსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ. სეპარატისტთა სამხედრო წყაროების ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, უკრაინის სამხედრო უწყებამ კი სეპარატისტებს დასდო ბრალი ქალაქის მიმდებარე სამთავრობო ჯარების პოზიციების დაბომბვაში.

ბოლო თვის განმავლობაში ყველაზე დიდი შეტაკება კი დონბასის ოლქში 10 აგვისტოს აღინიშნა.

სადღაც ბოლო ორი-სამი დღეა საკმაოდ გააქტიურდა სიტუაცია. ფაქტიურად, ყველა მიმართულებით - მთელი ფრონტის ხაზზე - მოხდა შეტაკებები. რაც შემიძლია გითხრათ, სადმე რომელიმე უბანზე რაიმე გარღვევა არ მომხდარა და ჯერჯერობით არც ამის ნიშნებია...

უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის ცნობით, ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლის შედეგად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა შეძლეს ქალაქ სტაროჰნატივკაზე კონტროლის შენარჩუნება, სეპარატისტების თავდასხმის მიუხედავად. სტაროჰნატივკა მდებარეობს დაახლოებით შუა გზაზე სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ დონეცკსა და კიევის ხელში მყოფ მარიუპოლს შორის. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ კიევში ჟურნალისტებს უთხრა, რომ წუხელ უკრაინის პოზიციებს 400-მდე სეპარატისტმა შეუტია, 10 ტანკისა და 10 ჯავშანტრანსპორტიორის მხარდაჭერით.

ამ ინფორმაციას უკრაინის არმიის ქართველი მოხალისე ირაკლი ქურასბედიანიც ადასტურებს:

„სადღაც ბოლო ორი-სამი დღეა საკმაოდ გააქტიურდა სიტუაცია. ფაქტიურად, ყველა მიმართულებით - მთელი ფრონტის ხაზზე - მოხდა შეტაკებები. რაც შემიძლია გითხრათ, სადმე რომელიმე უბანზე რაიმე გარღვევა არ მომხდარა და ჯერჯერობით არც ამის ნიშნებია. ეს შეიძლება ბრძოლით დაზვერვა იყოს ანდა, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგეს სურს, რომ შეცდომაში შეგვიყვანოს და ცრუ მანევრით ცდილობს ყურადღება გადაიტანოს იმ მიმართულებიდან, სადაც შეტევის განხორციელებას შეეცდება“.

ამასობაში, დონეცკელი სეპარატისტების თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ედუარდ ბასურინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა შეაჩერეს უკრაინის ჯარები ამავე რეგიონში წინსვლის მიღწევის მცდელობისას. ბასურინის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაკარგეს ორი ტანკი, ერთი ჯავშანტრანსპორტიორი და ერთი სამხედრო სატვირთო ავტომანქანა.

როგორც მთელი კონფლიქტის განმავლობაში ხდება, მოწინააღმდეგე მხარეები ახლაც ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თუმცა ერთი რამ ფაქტია: დაპირისპირების ზოლის ორივე მხარეს კონცენტრირებულია დიდძალი ცოცხალი ძალა და შეიარაღება და ხშირია ცეცხლის შეწყვეტის ფაქტები, რასაც თავის ანგარიშში დონბასის ოლქში მყოფი ეუთოს სპეციალური სამხედრო დამკვირვებელთა მისიაც ადასტურებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG