Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტების შეთანხმება თანამშრომლობაზე


რატომ უნდა ვითანამშრომლოთ და რა მოტივაცია გვაქვს ამისთვის? - ეს კითხვები ერევანში ჩასულმა ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა საკუთარ თავს და ერთმანეთს დაუსვეს. „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პროექტებზე იმსჯელეს და ჩამოაყალიბეს საერთო ხედვა, რომელიც მედიაპროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან განსხვავებით, საზოგადოება და პოლიტიკოსები დიალოგისთვის მზად არ არიან. მნიშვნელოვანია ერთმანეთის განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა. სამოქალაქო დიალოგის ფორმატში გამართული 4 შეხვედრის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია გახსნილად და უსაფრთხოდ განვიხილოთ რთული თემები ისე, რომ ეს კონფლიქტში არ გადაიზარდოს“ - ასე იწყება საერთო ხედვის შესავალი ნაწილი.

სამი დღის განმავლობაში ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საუბრობდნენ პრობლემებსა და საერთო შეხების წერტილებზე. ასეთი შეხების წერტილების მოძებნა მათ არ გასჭირვებიათ. არის პრობლემები, რომლებიც ამ სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებთ - მაგალითად, საზოგადოების მრავალმხრივი და ობიექტური ინფორმირება, რასაც ქართული, ოსური და აფხაზური მედია დღეს მოკლებულია. ამიტომ ერევანში შეკრებილი ჟურნალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების ნაწილმა საერთო მიზნად მედიის მიმართ უნდობლობის დაძლევა მოვლენების მრავალმხრივი და დაბალანსებული გაშუქებით დაისახა. ყველა თანმხდება, რომ ეს არ არის ადვილად მისაღწევი მიზანი, მაგრამ იმ ჟურნალისტებს, ვინც თანამშრომლობისთვის მზადაა, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ესა თუ ის ამბავი არაერთ წყაროზე გადაამოწმონ. ჟურნალისტებმა იმუშავეს საგანმანათლებლო, პროფესიული დონის ასამაღლებელ და შემეცნებით პროექტებზე. სოხუმელი ჟურნალისტი როინ აგრბა მიიჩნევს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მას გაგრძელების დიდი პერსპექტივა აქვს.

რაც მეტი კონტაქტია, რაც მეტადაა საზოგადოება ინფორმირებული, მით ნაკლებია გაუგებრობა და სიძულვილი. „ტაბულას“ ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი მიიჩნევს, რომ მედიამ სტერეოტიპებით დატვირთული გარემო უნდა გადალახოს და ჟურნალისტებმა თამამად უნდა ისაუბრონ სამშვიდობო პროექტებზე.

ცხინვალში გამომავალი გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ხშირად ესწრება. იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოების განვითარების პროცესში მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მისი აზრით, სამშვიდობო პროექტებში ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

დაძაბულობისა და უნდობლობის მოხსნა ყველა მხარის ინტერესშია. ეს განწყობა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ერთობლივად შემუშავებულ ტექსტში, რომელიც საერთო ხედვას ასახავს,ჩაწერეს: „თანამშრომლობით გვინდა ვაჩვენოთ მაგალითი, რომ ძალების გაერთიანებით შევძლებთ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების გაკეთებას, რათა მომზადდეს მიმართულება უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, როცა ამის დრო დადგება“. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯგუფის წევრები, რომლებმაც საპროექტო იდეებზე იმუშავეს, ერთმანეთს კარგად იცნობენ და მზად არიან თანამშრომლობის საერთო კავკასიური პლატფორმა შექმნან.

ერევანში შემუშავებული ერთ-ერთი საპროექტო იდეა ერთობლივ პრეს-ტურს ეხება. იდეის მიხედვით, ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტები იმოგზაურებენ იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტები იყო - გაეცნობიან იქ არსებულ გამოცდილებას და საერთაშორისო ორგანიზაციების როლს ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში. „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა და კობერმი ახორციელებდა.

XS
SM
MD
LG