Accessibility links

logo-print

7 აპრილს მუსიკალური სამყარო ელეონორა ფეიგანის, იმავე ბილი ჰოლიდეის, დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი კონცერტი გაიმართება. მის ხსოვნას არაერთი სტატია, რადიო თუ ტელეგადაცემა მიეძღვნება, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ „ლედი დეის“ როლის შესახებ ჯაზური ვოკალის განვითარების საქმეში. გაიხსენებენ მის ტრაგიზმით სავსე ცხოვრებას, ხრინწნარევ, ირონიითა და სევდით გაზავებულ ვოკალურ მეტყველებას, ეროტიზმითა და მელანქოლიით გაჯერებულ განუმეორებელ ბალადებს. თუმცა არის კიდევ ერთი ამბავი, რომელსაც დიდი ინტერესით ელიან ბილი ჰოლიდეის შემოქმედების თაყვანისმცემლები. თანამედროვე ჯაზური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერლის, კასანდრა უილსონის, ახალ ალბომს ვგულისხმობ, რომელიც 7 აპრილს „ლედი დეის“ პატივსაცემად გამოიცემა.

თავად არტისტმა პროექტი ერთგვარ ჯადოსნურ გემს შეადარა და განაცხადა, რომ მისი მეშვეობით ბილი ჰოლიდეის 21-ე საუკუნეში გადმოყვანას შეეცდება. დისკს სახელწოდებაც მისტიკური შეურჩია - ძველეგვიპტური „მიცვალებულთა წიგნის“ მსგავსად, „Coming Forth By Day“ დაარქვა და გარეკანზე რამდენიმე სიმბოლოც გამოსახა ოსირისისადმი მიძღვნილი რელიგიური ტექსტებიდან. მიუხედავად ამისა, ალბომის მუსიკალურ ნაწილში ძველეგვიპტური ნამდვილად არაფერი ხდება. ის „ლედი დეის“ 11 კომპოზიციის ინტერპრეტაციისა და ერთი საავტორო ნამუშევრისგან შედგება. მუსიკოსის თქმით, სიმღერა „Last Song“ ბილი ჰოლიდეისა და ლესტერ იანგის მეგობრობასა და სულიერ კავშირს მიუძღვნა. მოგეხსენებათ, რომ მათი ურთიერთობა უნატიფესი დიალოგი გახლდათ, როგორ ცხოვრებისეული, ასევე მუსიკალური თანამშრომლობის კუთხით.

ალბომი „Coming Forth By Day“ ხმის ჩამწერ სტუდია Legacy Recordings-ში ნიკ ქეივის პროდიუსერის, ნიკ ლონის, პროდიუსერობით შეიქმნა, გიტარაზე თი-ბოუნ ბერნეტი და ნიკ ზინერი გაისარჯნენ, არანჟირებაზე ვან დაიკ პარკმა იზრუნა, ხოლო რიტმ-სექცია ჯგუფ „The Bad Seeds“-ის დრამერს ტომას უაილდერსა და ბასისტს მარტინ კეისის ანდეს. ხსენებული არტისტების ხელწერიდან გამომდინარე, მეტად ორიგინალურ ბგერასა და სტილისტიკას უნდა ველოდოთ. თუმცა ამ ეტაპზე,დისკის მუსიკალური განწყობის შესახებ წარმოდგენას ერთი სიმღერაღა თუ შეგვიქმნის, რომელსაც You Go to My Head ჰქვია.

„Don’t Explain“, „Billie’s Blues“, „All of Me“, „These Foolish Thing“ - ეს იმ ნაწარმოებების მოკლე ჩამონათვალია, რომელთა გაცოცხლებასაც კასანდრა უილსონი ახალ პროექტში შეეცდება. მათ შორისაა მე-20 საუკუნის ამერიკის მთავარ სიმღერად წოდებული „უცნაური ხილიც“, რომელიც მომღერალმა ჯერ კიდევ 1995 წლის ალბომში, „New Moon Daughter“, შეასრულა. 7 აპრილს კი ბილი ჰოლიდეის შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმღერის ახლებურ ვერსიას მოვისმენთ.

XS
SM
MD
LG