Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიდელ კასტროს მოგზაურობა საქართველოში


ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში
ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში

კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა კუნძულოვან სახელმწიფოს, 37 წლის ასაკში, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ოთხი წლის თავზე, 1963 წელს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ისტორიული მოგზაურობის ფარგლებში, საქართველოს ეწვია. როგორ დახვდნენ მას საქართველოში, რას წერდა იმდროინდელი პრესა და რას იხსენებენ ადამიანები, რომლებსაც ფიდელ კასტროს საქართველოში სტუმრობა ახსოვთ?

ფიდელ კასტროს მოგზაურობა საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:09:36 0:00
გადმოწერა

„31 მაისს თბილისში სასიხარულო ცნობა მოვიდა. გაზეთებმა ეს ცნობა მთელ საქართველოს მოჰფინეს. კუბის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ფიდელ კასტრო რუსი და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვი სოჭიდან თბილისს გამოემგზავრნენ. ძვირფასი სტუმრების მოლოდინში დედაქალაქი საზეიმოდ მოირთო. მცხეთის ვაგზალზე საპატიო სტუმრების შესახვედრად მოვიდნენ რესპუბლიკის ხელმძღვანელი პარტიული და საბჭოთა მუშაკები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები“... საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს ეროსი მანჯგალაძის ხმასა და სამწუთიან სიუჟეტს კუბის რევოლუციის ლიდერისა და მმართველის ფიდელ კასტროსა და მასთან ერთად საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვის თბილისში ვიზიტის შესახებ. „თავისუფლების კუნძულის ბელადი ფიდელ კასტრო რუსი“, „კუბა ლეგენდა“, „ლეგენდა გაუგონარ გმირობასა და თავდადებაზე“ - ამ ეპითეტებით მოიხსენიებს სიუჟეტის წამყვანი ფიდელ კასტროსა და კუბელ ხალხს. კიდევ უფრო შორს მიდიან 1963 წლის პირველსა და 2 ივნისს გამოსული გაზეთების რეპორტიორები. 2 ივნისის „კომუნისტი“ წერს:

გაზეთი "კომუნისტი"
გაზეთი "კომუნისტი"

„ახლოვდება დიდი ხნის ნანატრი დრო. საღამოს ხუთ საათზე მცხეთის სადგურის ბაქანს მოადგა მატარებელი. ვაგონიდან გადმოდიან ფიდელ კასტრო რუსი და ნიკიტა ხრუშჩოვი. გაისმის მქუხარე ტაში, მისალმების შეძახილები, პიონერებმა ფერად ყვავილთა თაიგულები მიართვეს ფიდელ კასტრო რუსსა და ხრუშჩოვს. თბილისში, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომ მისალმებოდა მათ. დღეს რესპუბლიკის დედაქალაქში ყვავილების ტრადიციული დღესასწაულია და მეტად სიმბოლურია, რომ იგი დაემთხვა ფიდელ კასტროსა და ხრუშჩოვის ჩამოსვლას. თითქოს მთელი ყვავილები, რომლებითაც ესოდენ მდიდარია ქართული მიწა, ხალხმა ძვირფას სტუმრებს მიართვა“...

1963 წლის პირველი ივნისის „თბილისი“ კი მოწინავე გვერდზე აქვეყნებს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტ აკაკი ხორავას წერილს, სახელწოდებით „ფიდელ, ეს შენი სახლია“:

„მე ვიყავი გმირულ კუნძულზე და შენს მშობლიურ ჰავანაში გნახე... ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კარებთან გაკრული ლითონის ფირფიტა, რომელიც ყველგან მხვდებოდა. ეს შენ გეპატიჟებოდნენ, მათზე წარწერა იყო: შენი ბინააო, ფიდელ... რა ვუყოთ, რომ კარზე გაკრული არ მაქვს ის ლითონის ფირფიტა, კუბაში რომ ვნახე. აქ წარწერაც არ უნდა, ფიდელ, ჩემი ბინა შენი სახლია, ყველა ჩემი თანაქალაქელის ბინა შენი სახლია“...

37 წლის ფიდელ კასტრო თბილისს სწორედ საბჭოთა კავშირის ქალაქებში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში 1963 წლის 1 ივნისს სოჭიდან ეწვია, სადაც ის ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად ისვენებდა. როგორც საკავშირო დეპეშათა სააგენტო იტყობინებოდა, კუბის რევოლუციური მთავრობის პრემიერ-მინისტრს მიზნად ჰქონდა დაეთვალიერებინა საბჭოთა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა კუთხეების ღირსშესანიშნაობები. გაზეთი „კომუნისტი“ კი წერს, რომ თბილისში სტუმრობისას ფიდელ კასტრომ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ, ნიკიტა ხრუშჩოვმა და მათმა თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს თბილისი, ეწვივნენ ახალ საცხოვრებელ რაიონებს, ვაკესა და საბურთალოს, ასევე ღვინის ქარხანას, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს...“კომუნისტს“ რეპორტაჟში მოჰყავს ფიდელ კასტროს სიტყვები: „ძნელი იყო გვერდი აგვეხვია თქვენი დედაქალაქისთვის. თქვენი ქვეყანა განთავისუფლებული ხალხის უდიდესი მიღწევების თვალსაჩინო მაგალითია, რომლებიც დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შედეგად მოიპოვეს“.

ჩვენს ცნობიერებაში კუბის რევოლუცია, მათი მეთაური ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, ძალიან პოპულარული პიროვნებები იყვნენ, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოში...
დავით ქლიბაძე

ამ ოფიციალური და საქმიანი სტუმრობების მიღმა, თბილისელებისათვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ფიდელ კასტროს რუსთაველის გამზირზე ჩავლა აღმოჩნდა. სწორედ ეს კადრები ახსოვთ იმ ადამიანებს, რომლებიც 1963 წლის 1 ივნისს სხვადასხვა დაწესებულებიდან, უნივერსიტეტებიდან თუ სკოლებიდან გამოვიდნენ ფიდელ კასტროსა და ნიკიტა ხრუშჩოვის მისასალმებლად. მათ შორის იყო სპორტული ჟურნალისტი დავით ქლიბაძე, რომელიც მაშინ 25 წლის იყო და საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობდა. როგორც დავით ქლიბაძე იხსენებს, იმ პერიოდში ფიდელ კასტრო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან პოპულარული ადამიანი იყო და მისი სახელი მაშინ არა მხოლოდ გმირ განმათავისუფლებელთან იყო დაკავშირებული, არამედ ის რომანტიკულ საბურველშიც იყო გახვეული:

„ჩვენს ცნობიერებაში კუბის რევოლუცია, მათი მეთაური ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, ძალიან პოპულარული პიროვნებები იყვნენ, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოში. ასე რომ, ჩვენ ასე თუ ისე მომზადებულები ვიყავით და როცა ცნობილი გახდა, რომ ჩამოდიოდა ფიდელ კასტრო და მას ჩამოჰყვებოდა ხრუშჩოვი, საქართველოში ორგანიზება გაუკეთეს დახვედრას და ჩვენი რადიო-ტელევიზია მაშინ იყო პირველი საშუალო სკოლის გვერდით, მაშინ უწოდებდნენ კავშირგაბმულობის სახლს და თბილისში ჩამოსვლის დღეს, ქალაქში გავლის დღეს, გვითხრეს, რომ კარგი იქნება, თუკი ჩახვალთ ქვევით და დაინახავთ ფიდელ კასტროსო. მართლაც, მანქანით გამოიარეს, ხალხი უკრავდა ტაშს და წავიდნენ მოედნის მხარეს. მე ის ვიცი, რომ ძალიან კმაყოფილი წავიდა საქართველოდან. თან პოპულარული კაცი იყო, გულახდილად გითხრათ“.

ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი ყანწებით ხელში
ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი ყანწებით ხელში

არქივში ინახება ფიდელ კასტროს საქართველოში მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო. ის აფხაზეთშია გადაღებული. მასზე ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი ყანწებით ხელში არიან აღბეჭდილნი. როგორც ფოტოს მინაწერი იტყობინება, ფიდელ კასტრო აფხაზეთს თბილისში ჩამოსვლამდე, 1963 წლის მაისის თვეში, სტუმრობდა. სწორედ ამ ვიზიტის შესახებ წერს მწერალი გურამ ოდიშარია თავის რომანში „პრეზიდენტის კატა“. ეს არის წიგნი 60-80-იან წლებში აფხაზეთის ცეკას პირველ მდივანზე, მიხეილ თემუროვიჩ ბღაჟბაზე. რომანში მოთხრობილი ამბები ძირითადად დოკუმენტურია. წიგნის ერთი პატარა, მეექვსე თავი სწორედ ფიდელ კასტროს აფხაზეთში სტუმრობას ეხება. როგორც გურამ ოდიშარია რადიო თავისუფლებას უყვება, ეს ამბავი მან სწორედ მამის მეგობრისგან, ბღაჟბასგან მოისმინა. ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი სოფელ დურიპშში უხუცესი ძმების, მახტისა და მინას ტარკილის, ოჯახს ესტუმრნენ. სწორედ იქ გაიშალა სუფრა:

„ხრუშჩოვი ტრაბახობდა იმით, რომ აი, საქართველოში 100 წელზე მეტს ცხოვრობენ ადამიანები და სწორედ ამ ხალხის სახლში ვართო. და მიუხედავად იმისა, რომ მჟავანაძეც იყო იმ სუფრაზე, ხრუშჩოვმა თამადად დანიშნა ბღაჟბა. სწორედ მან მიამბო, ფიდელი ძალიან წარმოსადეგი კაცი იყო, ორ მეტრომდე სიმაღლის, ძალიან სიმპათიური, პოპულარული იყო მთელ მსოფლიოში და არა მარტო სოციალისტურ ქვეყნებში და ბღაჟბა ხან მასთან გადადიოდა ალავერდს და ხან ხრუშჩოვთან. ხრუშჩოვს უყვარდა სმა და ძალიან თვრებოდა. ჰოდა, არის სურათები შემორჩენილი, რომ ბღაჟბა, მჟავანაძე, ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო ყანწებით დგანან. მაგრამ, როგორც ბღაჟბამ მითხრა, ფიდელმა ყანწი არ დალია, რადგან დიდი რაოდენობის ღვინო ჩადიოდა ყანწშიო და ღვინო ჭიქაში ჩამოასხა და ისე დალიაო, თითქოს თავს უფრთხილდებოდაო. ხრუშჩოვი კი აძალებდა, რაო, თქვენ დალევა არ შეგიძლიათო, მაგრამ ახლა ავაშენებთ კომუნიზმს და თქვენ ყველა ისწავლით დალევას, მით უმეტეს, რომ ასეთი კარგი ღვინო არისო“.

გურამ ოდიშარიას სიტყვებით, სწორედ ამავე სუფრას უკავშირდება იმ პერიოდში გავრცელებული ცნობილი გამონათქვამი: „ვივა კუბა! ვავა ცხაკაია!“. ეს ისტორია გურამ ოდიშარიას გუდაუთის რაიკომის პირველმა მდივანმა დიმიტრი ხვარცკიამ უამბო:

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

„სწორედ ამ კაცმა მითხრა, რომ ფიდელს სულგუნი მოსწონებია ძალიან და უთქვამს, ეს რა კარგი რამ არისო. და მაშინ იყო, ის გამოთქმა რომ გავრცელდა, „ვივა კუბა, ვავა ცხაკაია“, რადგან იმ დღიდან მოყოლებული, ცხაკაიადან დიდი რაოდენობით ყველს უგზავნიდნენ ფიდელ კასტროს და, ალბათ, არამარტო მას“.

1959 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც კუბას სათავეში ჩაუდგა რევოლუციონერი ფიდელ კასტრო, მან კუბა ერთპარტიულ სახელმწიფოდ გამოაცხადა, კომუნისტური ორიენტაცია აირჩია და დამყარდა მჭიდრო კავშირი კუბასა და საბჭოთა კავშირს შორის. გარდა ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობებისა, კუბელი და საბჭოთა მაღალჩინოსნები და მათთან ერთად სხვადასხვა შემადგენლობის დელეგაციები ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთის ქვეყნებს. არაერთი დელეგაცია იყო ჩასული კუბაში საბჭოთა საქართველოდანაც. ფიდელ კასტრო, 90 წლის ასაკში, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ის კუბას 47 წლის განმავლობაში მართავდა. 2008 წელს ფიდელ კასტრომ ძალაუფლება ოფიციალურად გადააბარა თავის ძმას, რაულ კასტროს. სულ ბოლოს ფიდელ კასტრო საჯარო შეხვედრაზე გამოჩნდა მიმდინარე წლის აპრილში, კუბის კომუნისტური პარტიის კონგრესის ბოლო დღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG