Accessibility links

ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ამყარებს ვერსიას, რომ, სავარაუდოდ, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებული ადგილობრივი ეგვიპტური დაჯგუფების მიერ დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია რუსეთის კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქება, რასაც ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი, სულ 224 კაცი, ემსხვერპლა.

„არსებობს გარკვეული შეგრძნება, რომ ეს უნდა ყოფილიყო ბარგში ან თვითმფრინავის რომელიმე კუთხეში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განუცხადა აშშ-ის ხელისუფლების ანონიმურმა წყარომ ტელეკომპანია „სიენენს“.

წინასწარი დასკვნის საფუძველს უსაფრთხოების ექსპერტებს აძლევს მათ მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ რუსეთის კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებული ადგილობრივი ეგვიპტური დაჯგუფების მიერ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ გამოიწვია. თუ ეს ვერსია დადასტურდა, მაშინ ეს იქნება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ბომბის გამოყენებით სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების პირველი ფაქტი. 4 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა თქვა, რომ რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის დაღუპვის მიზეზი, „დიდი ალბათობით“, სწორედ თვითმფრინავში დადებული ბომბის აფეთქება უნდა იყოს:

„დღეს, 4 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრთან ერთად გაიმართა მორიგი საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა წყაროდან მიღებული, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რაც 31 ოქტომბერს სინის ნახევარკუნძულზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავის დაღუპვას შეეხებოდა. ამ განხილვის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ, დიდი ალბათობით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავში დადებულმა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ გამოიწვია“.

დაზვერვის ანალიტიკოსებს არ სჯერათ, რომ რუსეთის თვითმფრინავი უშუალოდ სირიაში - რაქაში - მყოფი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ბრძანებით გაანადგურეს. ისინი უფრო მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ თვითმფრინავის აფეთქება განხორციელდა დამოუკიდებლად „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებული იმ ეგვიპტური დაჯგუფების მიერ, რომელიც ეგვიპტის სინის ნახევარკუნძულზე მოქმედებს და რომლის ექსტრემისტულ საქმიანობას ასობით ეგვიპტელი პოლიციელი და ჯარისკაცი შეეწირა. აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ სააგენტო „ფრანს პრესს“ უთხრა, რომ რუსეთის ტურისტებით სავსე თვითმფრინავი განადგურდა იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო ავიაცია ბომბავს ექსტრემისტების პოზიციებს, რითაც მიანიშნა, თუ რატომ უნდა ყოფილიყვნენ ექსტრემისტები დაინტერესებულნი სწორედ რუსეთის თვითმფრინავის განადგურებით. „როცა დრო მოვა, ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ჩამოვაგდეთ თვითმფრინავი“, - ნათქვამია სინის ნახევარკუნძულზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა ასეთ განცხადებებს „პროპაგანდად“ მიიჩნევს ეგვიპტის ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ სინის ნახევარკუნძულზე ვითარება, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტაბილურია.

რამდენიმე ავიაკომპანიამ - მათ შორის, „ლუფტჰანზამ“ და „ეარ ფრანსმა -გააუქმა სინის ნახევარკუნძულისაკენ მიმავალი რეისები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG