Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე საუბრობენ „კავკასუს ონლაინი“ და „ვიმპელკომი“


„თავისუფალი დემოკრატები“ გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ „კავკასუს ონლაინისა“ და რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მოლაპარაკებები ქართული ინტერნეტსივრცის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. მათი მტკიცებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს შავი ზღვის კაბელისა და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისებაზე, რასაც მტკიცედ უარყოფს „კავკასუს ონლაინი“ და აცხადებს, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საცალო სეგმენტის შესყიდვაზე. რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს „ვიმპელკომი“ ინტერნეტსივრცისთვის?

ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას, განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია „ვიმპელკომის“ წარმომადგენლებთან ერთად, რუსული კომპანიის მიერ ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის საკითხი და ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ ის „წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ხედავდა“. სამაგიეროდ, ამ მოლაპარაკებებში „შეშფოთების საგანს“ ხედავენ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები. 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, აცხადებს, რომ მათ აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ ევროპასთან საქართველოს დამაკავშირებელი ფოთი-ვარნას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზის გაყიდვა იგეგმება რუსეთში დაფუძნებულ ჰოლდინგ “ვიმპელკომზე” და რომ „კავკასუს ონლაინი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ კომპანიასთან:

ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი

„რუსულ „ვიმპელკომს“ ჰქონდა შეხვედრები როგორც „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებთან, ისე საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან და ეს მოლაპარაკებები, ფაქტიურად, უკვე დასკვნით ფაზაში იყო გადასული“.

იმას, რომ „კავკასუს ონლაინი“ ნამდვილად აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან და, მათ შორის, „ვიმპელკომთანაც“, მათ მიერ 7 თებერვალს ოფიციალურად გამოქვეყნებული განცხადებაც ადასტურებს, თუმცა ისინი ამ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება“. ამასვე ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც 8 თებერვალს „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის თავადაც წინააღმდეგი იქნებოდა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისებისა:

"მე მქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი მარეგულირებელ კომისიასთან და მქონდა თვითონ ამ კომპანიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა დავოსის ფორუმის ფარგლებში. ეს კომპანია აპირებს, რომ შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული, ვინაიდან ამას გარკვეული სტრატეგიული ხასიათი აქვს. კომპანია არ აპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე, სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ. ჩვენ გვყავს სხვა კომპანიებიც, მათ შორის, რუსული მონაწილეობით, და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაში მე ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ. საუბარი არის ქვეყნის შიგნით კლიენტურის ქსელის ბიზნესის შეძენაზე, რაც არანაირ საფრთხეს არ შეიცავს".

„კავკასუს ონლაინის“ მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელის შესაძლო გაყიდვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე. მისი თქმით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან ბულგარეთის გავლით აერთებს, არ იყიდება და ვერ გაიყიდება. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული მაგისტრალის გაყიდვისათვის მისმა მეპატრონეებმა - ანუ „კავკასუს ონლაინმა“ - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობა უნდა მიიღონ. ეს კი, მისი თქმით, არც მომხდარა და ვერც მოხდება. ვახტანგ აბაშიძე ადასტურებს, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „მობიტელმა“, რომელიც სწორედ „ვიმპელკომის“ კომპანიათა ჯგუფში შედის, ეროვნულ კომისიას მიმართეს მხოლოდ და მხოლოდ საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე:

„მარტივად რომ ვთქვათ, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებელს მიეწოდება ინტერნეტი, ამ საცალო ქსელის გაყიდვაზეა საუბარი, ანუ ლაპარაკია ე.წ. რითეილის გაყიდვაზე“.

თუკი „ვიმპელკომი“ „კავკასუს ონლაინისგან“ მხოლოდ საცალო სეგმენტს შეისყიდის, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი კიბერუსაფრთხო-ებისთვის...
კონსტანტინე სტალინსკი

ვახტანგ აბაშიძისავე მტკიცებით, „კავკასუს ონლაინი“ იძულებულია გაყიდოს საცალო მომსახურების სეგმენტი, რადგან კომპანიას გარკვეული პრობლემები აქვს. მისი თქმით, საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ ვალდებულებებზე, რომელთა გასტუმრებაც მას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს.

ოპოზიციის წარმომადგენლები რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას და ინფორმაციის მიმოსვლის გაკონტროლების საშიშროებაზე მიუთითებენ.

„თუკი „ვიმპელკომი“ „კავკასუს ონლაინისგან“ მხოლოდ საცალო სეგმენტს შეისყიდის, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი კიბერუსაფრთხოებისთვის“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონსტანტინე სტალინსკი, ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი. ის, ამასთანავე, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსული კომპანია ქართული მხარის გარეშე ინტერნეტმომხმარებლებზე თვალთვალს ვერ შეძლებს:

„თუკი ცალკეულმა ძალოვნებმა ან ძალოვანმა სტრუქტურებმა არ მისცეს „ვიმპელკომს“ თვალთვალის უფლება, რა თქმა უნდა, თვალთვალი შეუძლებელი იქნება. თუკი თვალთვალზე მიდგა საქმე, მაშინ უნდა ითქვას, რომ თვალთვალი ყველა პროვაიდერს შეუძლია ახლაც კი. ლაპარაკია იმაზე, თუ ვის ექნება წვდომა თავად ინფრასტრუქტურაზე. შეიძლება ეს იყოს რომელიმე სხვა კომპანია. შესაძლოა, ამ კომპანიებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ წვდომა ამ ტიპის ინფორმაციაზე და სწორედ ამ ადამიანებმა გაიტანონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ“.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა და „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე, უკვე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე. საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 9 თებერვალს გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG