Accessibility links

logo-print

ნახატებით ალაპარაკებული ყაზახი მხატვარი


გამოფენის სტუმრები და მასპინძლები

გამოფენის სტუმრები და მასპინძლები

ყაზახი მხატვრის სერგეი შჩეგოლიხინის პერსონალურ გამოფენას, სახელწოდებით „ჩემი ყაზახეთი“, საქართველოს ისტორიის მუზეუმი 10 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. 60 წლის მხატვარი, რომელმაც სმენა ადრეულ ბავშვობაში დაკარგა, საკუთარ ემოციას პეიზაჟებითა და ურბანულ თემაზე შექმნილი ნახატების საშუალებით გადმოსცემს. გამოფენა მისი შვილის ინიციატივითა და საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

ისტორიის მუზეუმის დიდი დარბაზის თეთრი კედლები ყაზახეთის ფერადი პეიზაჟებითაა სავსე. მკაფიო, მსუყე ფერებს მკრთალი ფერები ცვლის. ქუჩები, სახლები, უდაბნოები, მინდვრები... - ცხადია, რომ ნახატების ავტორი გარემოს განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამს. წამით ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ქუჩა ხმაურობს, უდაბნოში ქარი ზუზუნებს, შემოდგომის გამხმარი ფოთლები შრიალებს და მერე ისევ ყველაფერი ჩუმდება. „თავსხმა“ - ნაცრისფერ ტონალობებში შექმნილ ნახატში მართლა წვიმს; ფანჯრებზე ჩამოცურებილი წვიმის წვეთები მართლა მოძრაობს; ფანჯრებს მიღმა მრუმე ქუჩა მოჩანს, კაციშვილი არ ჭაჭანებს. - ეს სერგეი შჩეგოლიხინის, ცნობილი ყაზახი მხატვრის, ერთ-ერთი ნამუშევარია. მან ადრეულ ბავშვობაში სმენა დაკარგა. ალბათ, ამიტომაც არის, რომ მისი ნახატები ასე ხმაურობენ, ლაპარაკობენ და მხატვრის სათქმელს ფერები და შტრიხები ამბობენ.
ეს ნახატი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან ძვირფასია, ის ჩვენთვის რელიკვიასავითაა. მამა სამყაროსთვის ღიაა და ამიტომაც არის, რომ მისი ნახატებიც ასეთი სიცოცხლით სავსე და ღიაა. ის თქვენ გიზიარებთ ყველაფერს, რაც მას უყვარს...

ნახატი, სახელწოდებით „თავსხმა“, სერგეის შვილის, მარიას, საყვარელი ნამუშევარია. მარია მამაზე განსაკუთრებული სითბოთი და აღტაცებით საუბრობს. გამოფენაც, სახელწოდებით „ჩემი ყაზახეთი“, საქართველოში სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა:

„მე ასე მოვყვები. რაც თავი მახსოვს, მამაც ფუნჯით ხელში მახსოვს. სულ ხატავდა და ხატავდა. აი, ეს ნახატი, „თავსხმა“, ჩემი საყვარელი ნახატია. ასეთი სურათი ჩანს მისი სახლიდან ყარაგანდაში, სადაც მამა გაიზარდა და სადაც ბებია და პაპა ცხოვრობდნენ. ეს ხედი მეც კი მახსოვს. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ იქ აღარ ვცხოვრობთ. ეს ნახატი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან ძვირფასია, ის ჩვენთვის რელიკვიასავითაა. მამა სამყაროსთვის ღიაა და ამიტომაც არის, რომ მისი ნახატებიც ასეთი სიცოცხლით სავსე და ღიაა. ის თქვენ გიზიარებთ ყველაფერს, რაც მას უყვარს“.

სერგეი შჩეგოლიხინი 1953 წელს კემეროვოს ოლქში, ქალაქ გურიევსკში დაიბადა. სამხატვრო განათლება სანკტ-პეტერბურგში მიიღო და საცხოვრებლად მშობლიურ ყაზახეთში, ქალაქ ყარაგანდაში დაბრუნდა. ხელოვნებათმცოდნეები სერგეის შესახებ წერენ, რომ მისი ნახატები ფერის განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდება, ხოლო მისი გაშლილი, ფართო პანორამები და ორიგინალური ხედვა ძველისა და ახლის კონტრასტს ქმნის. განსაკუთრებით თვალშისაცემია ურბანულ თემაზე შექმნილი ნახატები. ერთი შეხედვით უსახურ, მაღალსართულიან, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურისათვის დამახასიათებელ შენობებს სერგეის ხედვა განსაკუთრებულ ელფერს სძენს. მხატვარი, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, თავისი ნახატებით ყაზახეთზე იმაზე გაცილებით მეტს გეუბნება, ვიდრე, უბრალოდ, სიტყვები.

სერგეი „შემოდგომის პეიზაჟთან“ დგას და დამთვალიერებლის რეაქციას შორიდან აკვირდება. მასთან ლაპარაკს თარჯიმნის დახმარებით ვაბამ. მაგრამ რამდენიმე წუთში ვხვდები, რომ ჟესტები, რომლითაც ის საუბრობს, იმდენად გამომსახველობითია, რომ ხელებით საუბარი ჩემთვის გაცილებით გასაგებია, ვიდრე თარჯიმნის სიტყვები. რასაც ვხატავ, ეს ჩემი სიყვარულია, მეუბნება ის:
სერგეი შჩეგოლიხინი

სერგეი შჩეგოლიხინი


„ბავშვობიდან ვხატავ. შემეძლო საათობით მეხატა თვითმფრინავები. მერე მივხვდი, რომ სხვა რაღაცების ხატვაც გამომდიოდა. ვცდილობ, რომ დიდი დრო დავუთმო იმ საქმეს, რაც მიყვარს. შემიძლია საათობით ვიხეტიალო ქუჩებში, ბუნებაში, ვეძებო საინტერესო ადგილები და მერე ჩემი ნახატებით გავუზიარო სხვებს ემოციები. ხან კარგი ამინდი დაგხვდება გარეთ, ხან ყინვა, მაგრამ ხატვის ძალას და ინსპირაციას სწორედ ეს სიხარული მაძლევს. რამდენჯერ ყოფილა, ხელებიც კი მომყინვია სიცივისგან, მაგრამ მერე რა, ეს ჩემი საქმეა, მე საღებავები მათბობს“.

ფუნჯის გარეშე, თითებით ხატვა კი მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. ამბობს, რომ ასეთი ნახატებით ის დამთვალიერებელს თავის სულს და ენერგიას უნაწილებს.

ისტორიის მუზეუმში სერგეი შჩეგოლიხინის გამოფენა საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა. ყაზახეთის ელჩი ერმუჰამედ ერტიზბაევი სერგეის დიდი ხანია იცნობს. კარგად იცნობს მის შემოქმედებასაც. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ყაზახი მხატვრის გამოფენა არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის როგორც
მას ხატვის თავისებური სტილი აქვს. სერგეის დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, როგორ უყვარს თავისი სამშობლო. ამას, ალბათ, თქვენც კარგად ამჩნევთ. არ შეიძლება შეხედო მის ნახატებს და ეს განსაკუთრებული სიყვარული არ დაინახო...
კულტურული, ისე ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობა. ყაზახეთის საელჩო არაერთ სხვა ღონისძიებას გეგმავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა ამ შემთხვევაში ელჩი ერტიზბაევი სერგეის შემოქმედებაზე საუბრობს:

„მას ხატვის თავისებური სტილი აქვს. სერგეის დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, როგორ უყვარს თავისი სამშობლო. ამას, ალბათ, თქვენც კარგად ამჩნევთ. არ შეიძლება შეხედო მის ნახატებს და ეს განსაკუთრებული სიყვარული არ დაინახო. ჩემთვის მისი თვალებით დანახული ყაზახეთი ძალიან ახლობელი და მშობლიურია. მის ნახატებში ვხედავ ყაზახეთის იმ პეიზაჟებს, ყარაგანდის იმ ქუჩებს, რომლებიც ჩემთვის ნაცნობია, და მიხარია, რომ ამის ნახვის საშუალება თქვენც მოგეცათ“, - ამბობს ერმუჰამედ ერტიზბაევი.

სერგეიმ თავის ჩვეულებას და სიყვარულს არც საქართველოში უღალატა. იმ დროის დიდი ნაწილი, რომელიც მან აქ გაატარა, ხატვას დაუთმო. ძველი თბილისიდან დაწყებული, მესტიით დამთავრებული, მან არაერთი ტილო შექმნა. თუმცა წუხს, რომ არ ეყო დრო ბოლომდე გადმოეცა ის ემოცია, რომელიც საქართველოში ნანახი პეიზაჟებით მიიღო. ამბობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და ამჯერად უკვე გამოფენით სწორედ საქართველოს შესახებ.
XS
SM
MD
LG