Accessibility links

„ნაციონალური მოძრაობა“ „კაზანტიპის“ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას სამხარეო ადმინისტრაციას აკისრებს


"კაზანტიპის" ფესტივალი, ანაკლია

"კაზანტიპის" ფესტივალი, ანაკლია

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური პროექტების კოორდინატორ დავით კოდუას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. საკრებულოს წევრ ანა წითლიძის განცხადებით, პროექტ „კაზანტიპის“ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი სწორედ დავით კოდუას აკისრია, რადგან მან მუსიკალური ფესტივალის დაწყებამდე მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ანაკლიასა და განმუხურში 35-40 ათასი დამსვენებელი ჩავიდოდა:

„ჩვენ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით განცხადება სპეციალურად არ გავაკეთეთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც იმიტომ, რომ ველოდით, რომ დაიდებოდა რაღაც სტატისტიკა. ამ დრომდე არ ვსაუბრობდით იმ გაუბედურებულ მოსახლეობაზე, რომელსაც ამ ფესტივალის შედეგად დაედო სესხები და დაედო ვალები. პროექტის ორგანიზატორი რეგიონალურ დონეზე გახლდათ დავით კოდუა. ამ ხალხის წინაშე ვიღაცამ აუცილებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა, როგორც ერთ-ერთ ორგანიზატორს, ეკისრება სწორედ მას“.

ანა წითლიძის თქმით, ასევე აქვს ინფორმაცია, რომ „კაზანტიპის“ ტერიტორიაზე გარკვეული ბიზნესაქტივობები ჰქონდათ თანამდებობის პირებს, თუმცა დეპუტატს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია. წითლიძეს დაეთანხმა საკრებულოს წევრი, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბათლომე შელია:

„ყველამ ვიცით ზუგდიდში, რაც მოხდა ანაკლიაში. იქ ვინც წავიდა ბიზნესის საკეთებლად, ჩვენი მეგობრები, ახლობლები, ანაკლიელები, ზუგდიდელები, ყველანი წამოვიდნენ ვალებით. ყველა ამ ადამიანს, მათ შორის სამხარეო ადმინისტრაცია პირდებოდა, რომ იქ იქნებოდა ძალიან დიდი შემოსავალი“.

ასეთი განცხადებების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს რჩევით მიმართა:

„საკრებულოს სხდომაზე ეს შეზღუდული არ არის, მაგრამ უმჯობესია, ალბათ, ნებისმიერი ასეთი პოლიტიკური განცხადებისთვის, რომელიც პოლიტიკური შინაარსის მომცველია, გამოიყენოთ სხვა ფორმა - ვთქვათ, პრესკონფერენცია, ბრიფინგი თუ სხვა ალტერნატიული შესაძლებლობა“.

მერაბ ქვარაიას ამ განცხადებას მისი მოადგილე გიორგი თოდუა დაეთანხმა. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა ბიზნესში გარკვეული მოლოდინები არ მართლდება. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების საპასუხოდ, მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რეგიონალური პროექტების კოორდინატორმა. დავით კოდუას თქმით, მისი სამსახური არა „კაზანტიპის“ ორგანიზატორი, არამედ პროექტის კოორდინატორი იყო და დეპუტატები ცრუობენ.

„დაგეგმარების და მარკეტინგის კუთხით ეს იყო ბიზნესპროექტი, რომელსაც ჰყავდა თავისი მენეჯმენტი. ის განსაზღვრავდა საკუთარ სამოქმედო პოლიტიკას. ჩვენ მაგათ სამოქმედო პოლიტიკაში არ ვერეოდით. იყო საუბარი ნაკადებზე და ა.შ. ეს იყო ნაკადური პროექტი. ნაკადის ყოველდღიური შემოდინება იყო გათვლილი, რომლის სიმცირე სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია. ეს უკვე ექსპერტებმა უნდა განსაჯონ. ეს არანაირად ჩემი განხილვის თემა არ არის. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მე აქ ჩემს პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენ ვართ კოორდინატორები და ჩვენ ნებისმიერ პროექტს კოორდინირების კუთხით ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა დავით კოდუამ. მანვე უარყო კიდევ ერთი ბრალდება, რომ „კაზანტიპის“ ტერიტორიაზე ბიზნესი ჰქონდათ თანამდებობის პირებს. რეგიონალური პროექტების კოორდინატორის განცხადებით, მას მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG