Accessibility links

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, პირველად ბოლო ორასი წლის განმავლობაში, იეზიდთა სათემო ცენტრი და სამლოცველო გაიხსნა. ეს არის უნიკალური შემთხვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში - დღეიდან სწორედ ამ ადგილას იეზიდთა სასულიერო ცენტრი და სათემო კრება ერთობლივად იმუშავებენ იეზიდების რელიგიური და ეთნიკური თვითმყოფადობის, იდენტობის შესანარჩუნებლად. მას შემდეგ, რაც იეზიდი ხალხი თავიანთი ისტორიული სამშობლოდან საქართველოში გადმოსახლდა, მათ ასეთი შეხვედრის ადგილი არ ჰქონიათ. საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს ამ ცენტრისათვის მიწა სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა. დღეიდან კი თბილისში არსებულ სინაგოგას, მეჩეთს, კათოლიკურ თუ გრიგორიანულ ტაძრებს იეზიდთა სამლოცველოც შეემატა და, როგორც თავად თემის წევრები აცხადებენ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა საქართველოს დედაქალაქი.

16 ივნისი თბილისელი იეზიდებისათვის განსაკუთრებულ თარიღად დარჩება. დღეიდან მათ უკვე აქვთ შეხვედრის ადგილი, სადაც ერთმანეთს საკუთარ პრობლემებს გაუზიარებენ, იმსჯელებენ, ისწავლიან, ღონისძიებებს გამართავენ, ილოცებენ. გახსნის დღეს იქ თავი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა და საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსულმა იეზიდებმა მოიყარეს.

„საქართველოს, მის რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას, იმ ულამაზეს ტაძრებს, რომლებიც ჩვენთან აქამდე არსებობდა, შეემატა კიდევ ერთი - იეზიდების ტაძარი. ჩვენ ამით გავამდიდრეთ საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკა. არასდროს გვქონია საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს ასეთი თავმოყრის ადგილი, სადაც მისვლას და საკუთარი აზრების, ინიციატივების ერთმანეთისათვის გაზიარებას შევძლებდით. ეს ნამდვილად სათემო ინიციატივაა, სათემო მოძრაობა, შეიძლება ასეც ითქვას. ეს ადგილი ერთადერთ მიზანს ემსახურება - შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული კერები, სარწმუნოება და რელიგიური ფასეულობები, ყოფა. ვისწავლოთ რას ნიშნავს ადამიანების უფლებები, რომ ჩვენც ვიყოთ ჩართული ქვეყნის მართვის პროცესებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იეზიდთა სახლის ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა.

იეზიდ ხალხს, რომელიც საქართველოში უკვე ას წელზე მეტი ხანია ცხოვრობს, პირველად ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი კერა. ეს არის სულიერი კერა, სადაც ილოცებენ; ეს არის კულტურული კერაც...

ცენტრში მისულ იეზიდებს, მშობლიური ენის შესწავლის გარდა, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს, გაიგონ რას ნიშნავს იყო ამ ქვეყნის მოქალაქე და რა ვალდებულებები აქვთ ქვეყნის მიმართ, ისწავლონ მინანქრის რეწვა, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება. ცენტრის გახსნას 16 ივნისს ერაყიდან და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული იეზიდთა საერო და სასულიერო ლიდერებიც ესწრებოდნენ. აგიტ მირზოევმაც აღნიშნა, რომ ამ სახლის დაარსებამ ქართველ იეზიდებს მსოფლიო იეზიდების გაერთიანების შესაძლებლობა მისცა. იეზიდების სასულიერო წინამძღვრის, იეზიდთა რელიგიური საბჭოს ხელმძღვანელის დიმიტრი ფირბარის თქმით კი, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს მრავალი იეზიდი დაიღუპა, საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, სადაც აშენდა ასეთი ცენტრი. ადამიანური სოლიდარობის გამოკვეთილ მაგალითს უწოდებს ამ ამბავს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილიც. ის ამბობს, რომ ასეთი ადგილის არსებობას თბილისში მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს:

„იეზიდ ხალხს, რომელიც საქართველოში უკვე ას წელზე მეტი ხანია ცხოვრობს, პირველად ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი კერა. ეს არის სულიერი კერა, სადაც ილოცებენ; ეს არის კულტურული კერაც, სადაც თავიანთ შესაძლებლობებს გამოავლენენ და გაზრდიან, განავითარებენ. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის და ჩვენი კულტურისთვის. ეს არის კიდევ ერთი სიმბოლო იმ მრავალფეროვნებისა, რომელიც საქართველოში კიდევ არის. ეს არის მრავალფეროვნების ნიშანი. დასანანია, რომ აქამდე არ ჰქონიათ ჩვენს იეზიდებს ამის საშუალება, თუმცა მათ ახლა აქვთ ეს შესანიშნავი ტაძარი, იმ უძველესი ტაძრის ასლი, რომელიც იეზიდებს ჰქონდათ და დღემდე აქვთ ჩრდილოეთ ერაყში, ლალიშში, სადაც, სამწუხაროდ, მათ მისვლა არ შეუძლიათ“.

ვულოცავ მათ ამ დღეს და მინდა ვუსურვო წარმატება იეზიდ ხალხს. მათთვის ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო - ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს მრავალი იეზიდის სიცოცხლე ემსხვერპლა...

იეზიდ ხალხს ცენტრისა და სამლოცველოს გახსნა მიულოცა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმაც. მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მოწოდებაა ხელი შეუწყოს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, ყველა ეთნოსს, ჰქონდეს თავისი საკულტო ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა:

„ვულოცავ მათ ამ დღეს და მინდა ვუსურვო წარმატება იეზიდ ხალხს. მათთვის ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო - ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს მრავალი იეზიდის სიცოცხლე ემსხვერპლა, „ისლამური სახელწიფოს“ წევრები კი განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ იეზიდ მოსახლეობას გაუსწორდნენ ერაყსა და სირიაში. ამიტომ ამ ფონზე ჩვენთვის ორმაგად და სამმაგად მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს შევუქმნათ განწყობა, რომ მათ გვერდში დგას საზოგადოება, მათ გვერდში დგას სახელმწიფო“.

იეზიდთა სამლოცველოსა და კულტურის ცენტრის გახსნაზე მისულ იეზიდებს შორის იყო ნინა ალოიანიც. მას ამ ქალაქში ამდენი წლის განმავლობაში პირველად აქვს ადგილი, სადაც მივა და თავის ხალხთან ერთად სანთელს დაანთებს:

„მინდა, როგორ არ მინდა, მქონდეს ჩემი კუთხე, სადაც ჩემი წესით და ადათით შევალ ჩემს ეკლესიაში, როგორც მე მინდა, როგორც ჩემს გულს გაუხარდება, და დავანთებ ერთ სანთელს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG