Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ხადიჯა ისმაილოვასთვის ცხრაწლიან პატიმრობას ითხოვს


აზერბაიჯანის სახელმწიფო პროკურატურამ 21 აგვიტოს გამომძიებელ-ჟურნალისტის, რადიო თავისუფლების ყოფილი კორესპონდენტის ხადიჯა ისმაილოვასთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მოითხოვა. 39 წლის ჟურნალისტის საქმის მოსმენაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ჟურნალისტები და საფრანგეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ელჩები არ შეუშვეს. ისმაილოვა თვლის, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკური ხასიათისა. ჟურნალისტი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა, მასალებს აქვეყნებდა აზერბაიჯანში კორუფციის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. მას ბრალად ედება გაფლანგვა, გადასახადისთვის თავის არიდება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ადრე წაყენებული ერთი ბრალდება მას მოუხსნეს. ისმაილოვას დედამ, ელმირამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოზე ხადიჯას გაეცინა, როცა პროკურატურის მოთხოვნას ისმენდა, მიესაჯოს მას ცხრაწლიანი პატიმრობა. ელმირას თქმით, „მის შვილს ცუდი არასოდეს გაუკეთებია, ის მხოლოდ სიმართლეს ამბობდა“ . ისმაილოვამ პროცესზე სასამართლო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის და მის დამცველებს არ ეძლევათ საკმარისი დრო, მოემზადონ ბრალდებისთვის პასუხის გასაცემად. შემდგომი სხდომა 26 აგვიტოს გაიმართება. ისმაილოვა ერთ-ერთია იმ ჟურნალისტთა და უფლებადამცავთაგან, რომლებიც ბაქოს რეჟიმის მსხვერპლს წარმოადგენენ. გასულ კვირაში ბაქოში სასამართლომ რვა-ნახევარი წელი მიუსაჯა უფლებადაცვის აქტივისტს ლეილა იუნუსს, ხოლო მის ავადმყოფ ქმარს, არიფს, შვიდი წელი შეუფარდა. ხადიჯა ისმაილოვა შარშან, დეკემბერში, დააკავეს და მას მერე წინასწარ პატიმრობაში ამყოფებენ, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების და უფლებადამცველი ორგანიზაციების მოთხოვნისა, გაათავისუფლონ ის. „ამნესტი ინტერნეიშენელმა“ მას უწოდა სინდისის პატიმარი, ხოლო ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი თვლის, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება: რეპორტაჟებში, რომელთა ნაწილი ისმაილოვამ ჩვენი რადიოსთვის მოამზადა, ის ლაპარაკობდა პრეზიდენტ ალიევის ოჯახის ეკონომიკურ საქმიანობაზე. ისმაილოვას თავიდან ბრალად დასდეს კოლეგის, თურალ მუსტაფაევის, თვითმკვლელობამდე მიყვანა. შემდეგ, პროცესზე, მუსტაფაევმა განაცხადა, რომ ისმაილოვას არა აქვს კავშირი მის სულიერ მდგომარეობასთან. ისმაილოვა არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG