Accessibility links

logo-print

გაეროს პრესტიჟული პრემია ხადიჯა ისმაილოვას


ხადიჯა ისმაილოვა

ხადიჯა ისმაილოვა

აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტს, ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელს, ხადიჯა ისმაილოვას დღეს კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია გადაეცა: „იუნესკოს“ გუილერმო კანოს სახელობის პრესის თავისუფლების პრემია „რთულ ვითარებაში პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის“. ის, რომ ხადიჯა ისმაილოვას პრემია 3 მაისს გადასცეს, შემთხვევითი არ ყოფილა. 3 მაისი გაეროს გამოცხადებული აქვს პრესის თავისუფლების დღედ.

სამშაბათ საღამოს ჰელსინკიში გაიმართა ცერემონია, რომელზეც ხადიჯა ისმაილოვასთვის განკუთვნილი პრემია გადასცეს დედამისს, ელმირა ისმაილოვას. ეს არის „იუნესკოს“ პრემია პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის. პრემია ატარებს კოლუმბიელი ჟურნალისტის, გუილერმო კანოს, სახელს. კანო ცნობილი იყო მაფიის შესახებ კრიტიკული სტატიებით, რომლებიც მას ძვირად დაუჯდა: ჟურნალისტი 1986 წლის 17 დეკემბერს მოკლეს ბოგოტაში, თავისივე გაზეთის რედაქციის წინ.

ხადიჯა ისმაილოვას ბედი, საბედნიეროდ, ასეთი ტრაგიკული არ არის, მაგრამ მასაც ძვირად დაუჯდა ძლიერთა კრიტიკა. ის აზერბაიჯანში დააპატიმრეს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, თუმცა კოლეგები, უფლებადამცველები, დასავლეთის ქვეყნები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ: ფიქრობენ, რომ ჟურნალისტ ქალს აზერბაიჯანში დევნიან მმართველ წრეებში კორუფციის შესახებ რეპორტაჟებისათვის.

3 მაისს ჰელსინკიში, პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობისას, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალისტმა, ტელეკომპანია სი-ენ-ენის კორესპონდენტმა და „იუნესკოს“ კეთილი ნების ელჩმა, ქრისტიან ამანპურმაც მოითხოვა ხადიჯა ისმაილოვას დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„მას ბრალად სდებენ თაღლითობას, გადასახადებისათვის თავის არიდებას, თავისი პოზიციით ბოროტად სარგებლობას, რისთვისაც შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. დღეს ის 516-ე დღეა ციხეში და აქ ამ სცენიდან პირადად მე მოვუწოდებ, - და, ვფიქრობ, ბევრი თქვენგანი შემომიერთდება, - მოვუწოდებ აზერაბიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ხადიჯა ისმაილოვა. ეს უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ის არის სამოქალაქო პირი, რომლის ხელშიც მხოლოდ კალამი და ქაღალდია - შესაძლოა, სოციალური მედიის რაღაც ბერკეტებიც - და რომელიც თავის საქმეს აკეთებს, სინათლეს ჰფენს ჩაბნელებულ კუთხეებს და ყველასთვის ხედავს და ისმენს, როცა საქმე ეხება მსოფლიოზე ინფორმაციის მოპოვებას და გარკვევას, რა ხდება“ - ეს სიტყვები ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა წარმოთქვა ჰელსინკიში, მედიის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

ხადიჯა ისმაილოვა ჯერ კიდევ გასულ თვეში შეარჩიეს "იუნესკოს" გუილერმო კანოს სახელობის პრესის თავისუფლების პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის. პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო, 25 ათასი დოლარი.

„ჟურნალისტობა დანაშაული არ არის! სინამდვილეში, ის არის დიდი სამსახური სამოქალაქო საზოგადოებისათვის და დემოკრატიის წინ წასაწევად. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მსოფლიოს დავეხმაროთ - ხელი კი არ შევუშალოთ. ჟურნალისტების შევიწროება დღეს, მართლაც, მიუღებელია და, სამწუხაროდ, ძლიერდება“, - აღნიშნა ქრისტიან ამანპურმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე საუბრისას.

ხადიჯა ისმაილოვას ნამდვილად არ აკლია ცნობილი ადამიანების მხარდაჭერა. წელს, 20 იანვარს, ადვოკატმა ამალ კლუნიმ- ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯორჯ კლუნის მეუღლემ - გამოთქვა სურვილი, სასამართლოში დაიცვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესები. ხადიჯა მომდევნო დღესვეგამოეხმაურა ამ წინადადებას - მიიღო ის დასაგანგებო განცხადებაში ქებით მოიხსენია ამალ კლუნი იმისთვის, რომ თავის დროზე იცავდა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირის“ კორესპონდენტის, ეგვიპტეში 2014 წელს დაპატიმრებული ჟურნალისტის ინტერესებს. ის საქმე მაშინ მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

3 მაისს კი მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ ჩვენი კოლეგა ხადიჯა ისმაილოვა იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG