Accessibility links

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად ვაშინგტონში აზერბაიჯანის საელჩოსთან მისი მეგობრები და კოლეგები შეიკრიბნენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლების მოთხოვნით, ვაშინგტონში, აზერბაიჯანის საელჩოსთან მისი კოლეგები და მეგობრები შეიკრიბნენ.

„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ბაქოს სასამართლომ ერთ-ერთი მოქალაქის საფუძველზე მიუსაჯა, რომელიც მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში სდებს ბრალს.

ისმაილოვას კოლეგები ალიევის მთავრობის მიერ „ჩახშობილ უკანასკნელ ხმას“ უწოდებენ.

მცირემასშტაბიანი აქციის ორგანიზატორი ფოტოგრაფი ამანდა რიფკინი იყო. აქციაზე ის საგანგებოდ დამზადებული საფოსტო ბარათებით მოვიდა, ბარათის ერთ მხარეს ხადიჯას ფოტოა, მეორე მხარეს კი აქციის მონაწილეები ხადიჯასადმი სოლიდრობას საკუთარი სიტყვებით გამოხატავენ.

წარსულში ფულბრაიტის სტიპენდიანტი, რომელმაც კავკასიაში ორი წელი გაატარა და ჟურნალ National Geographic-ისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აშუქებდა, ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა სათანადოდ ვერ აფასებს იმ მხარდაჭერას, რომლითაც ხადიჯა როგორც აზერბაიჯანში, ასევე დასავლეთში სარგებლობს.

„მისი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. აქ მოსვლით აზერბაიჯანის მთავრობას ვეუბნებით, რომ მან ხადიჯა უნდა გაათავისუფლოს. საერთაშორისო საზოგადოებას კი ვეუბნებით, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში პრესა თავისუფალი არ არის და ამ სივრცეში ხადიჯას მნიშვნელოვანი, საგამოძიებო როლი აქვს და რომ მის ხმას უნდა მოუსმინონ.“

აქციაზე მისულებს შორის იყო პატრიკ ბატლერი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრიდან, ორგანიზაციიდან, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტიკის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ხადიჯა ერთ-ერთ ასეთ პროექტში იყო ჩართული:

„ხადიჯა ჩვენთან ორგანიზებული კრიმინალის და კორუფციის გაშუქების პროექტში მუშაობს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას და მის საქმიანობას, ეს უსამართლო დაკავებაა და მოვუწოდებთ ალიევის მთავრობას ის გაათავისუფლოს,“ ამბობს ბატლერი.

ისმაილოვას დაკავებას პოლიტიკურად აფასებენ როგორც მისი უცხოელი კოლეგები, ასევე მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციები. საერთასორისო ორგანიზაციამ - „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა „თავი დაანებოს გამოგონილი ბრალდებებით ჟურნალისტების გაჩუმებას.“

„ცხადია, რომ ეს პოლიტიკური დაკავებაა, გამოჩენილი საგამოძიებო ჟურნალისტი მისი საქმიანობისთვის ისჯება,“ ასე შეაფასა ისმაილოვას დაკავება კომიტეტის წარმოამდგენელმა მუზაფარ სულეიმანოვმა.

„ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს აზერბაიჯანი თავისუფალი მედიის გაჩუმებას, ხადიჯა ისმაილოვა ქვეყანაში დარჩენილი ერთ-ერთი ბოლო თავისუფალი ხმა იყო,“ განაცხადა უფლებადამცველი ორგანიზაცია საერთაშორისო ამნესტის ერთ-ერთმა დირექტორმა ჯონ დალჰუისენმა.

ისმაილოვას დაპატიმრებას სარედაქციო სვეტით გამოეხმაურა გაზეთი Washington Post. გაზეთის შეფასებით ისმაილოვას დაკავება, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის ფარულ ქონებას აშუქებდა, არის მაგალითი იმისა თუ როგორ იქცა აზერბაიჯანი დისტოფიად ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის.

აქციის დასრულებისას მონაწილეებმა ათობით საფოსტო ბარათი საელჩოს თანამშრომელს გადასცეს, მათ ნაწილს ინგლისურად ეწერა „სიყვარულით ილჰალმ ალიევს“.

XS
SM
MD
LG