Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვას შეგნებული არჩევანი


ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა

აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტს, ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელ ხადიჯა ისმაილოვას 5 მაისს აშშ-ის „პენ-ცენტრის“ პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო მიენიჭა. ნიუ- იორკში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელსაც ლაურეატი არ დასწრებია. ის უკვე მეექვსე თვეა აზერბაიჯანში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, თავად ხადიჯა ისმაილოვასა და მისი მხარდამჭერების აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით.

სახელი „ხადიჯა“ ბევრჯერ გაისმა 5 მაისს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში - ბუნების ისტორიის ამერიკულ მუზეუმში - გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, როცა 800-ზე მეტი სტუმარი მიესალმა ამერიკული პენ-ცენტრის წლევანდელი ლაურეატის, ხადიჯა ისმაილოვას, დასახელებას.

აშშ-ის "პენ-ცენტრის" ჯილდო ხადიჯა ისმაილოვას
please wait

No media source currently available

0:00 0:05:39 0:00

„ხადიჯა ისმაილოვა არის წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტი აზერბაიჯანში და მუშაობს აზერბაიჯანის მთავრობის უმაღლეს დონეზე კორუფციის თემაზე“, - გამოაცხადა ამერიკული პენ-ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზენ ნოსელმა.

ხადიჯას სახელი ხშირად ისმოდა შარშან 5 დეკემბერს ბაქოშიც, როცა ისმაილოვას მეგობრები საბაილის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ქალი დააკავეს, ვინმე ტურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით. მას შემდეგ მუსტაფაევმა, მართალია, გამოიტანა თავისი საჩივარი და აღიარა, რომ აიძულეს ხადიჯას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამასობაში ახალი ბრალდებები წაუყენა ჟურნალისტს. ახლა მას გადასახადების გადაუხდელობასა და უკანონო ბიზნესსაქმიანობაში ადანაშაულებენ.

ხადიჯა ისმაილოვა და მისი მხარდამჭერები უარყოფენ ბრალდებებს და მთელ ამ სამართლებრივ დევნას მიიჩნევენ ანგარიშსწორებად რეპორტაჟებისათვის, რომლებითაც ჟურნალისტმა ამხილა კორუფცია აზერბაიჯანის მმართველ წრეებში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ჩათვლით.

5 დეკემბერს ბაქოს სასამართლოსთან გაკეთებული ჩანაწერი, ხადიჯას რამდენიმე გამოსვლა და მისი მხარდამჭერების განცხადებები თავმოყრილია ვიდეოფილმში, რომელიც 5 მაისს აჩვენეს ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე. ეკრანზე გამოჩნდა ბარბარა გოლდსმიტიც - ადამიანი, რომლის სახელსაც ატარებს ხადიჯა ისმაილოვასათვის მინიჭებული ჯილდო „PEN-ბარბარა გოლდსმიტის წერის თავისუფლების პრემია“. გოლდსმიტი როგორც აღნიშნავს, ხადიჯამ „იცოდა, რომ ამ საკითხის გაშუქების შედეგები ძალიან მძიმე იქნებოდა. ის არც ახლა ჩერდება, როცა ციხეშია - კვლავ გზავნის წერილებს“.

ხადიჯა ისმაილოვა რომ შეგნებულად წავიდა რისკზე, როცა ატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციისთვის ფარდის ასახდელად, ამას მისივე განცხადებებიც ადასტურებს, სიტყვები, რომლებიც დაპატიმრებამდე აქვს წარმოთქმული: „შესაძლოა დამაპატიმრონ. რამდენჯერმე გამაფრთხილეს. მე არ მეშინია“.

ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლებას მოითხოვენ წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციები - „ჰიუმან რაითს უოჩი“ და „ფრიდომ ჰაუსი“. მისთვის პრემია აქვს მინიჭებული შვედეთის ეროვნულ პრესკლუბს.

თუ როგორია ხადიჯა ისმაილოვას ჟურნალისტური ხელწერა, კარგად იცის ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორმა ქენან ალიევმა. ვიდეოფილმში, რომელიც ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე აჩვენეს, ის იხსენებს ხადიჯას წვლილს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული რედაქციის პროგრამების წარმატებაში. „ის გახდა ჩვენი ყოველდღიური რადიოგადაცემის წამყვანი, მწვავე შეკითხვებს სვამდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ოპოზიციის წევრთან თუ მთავრობის წარმომადგენელთან საუბრისას. და ამიტომ იყო, რომ მისი გადაცემა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა აზერბაიჯანში. ის მისაბაძი მაგალითი იყო ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. მთავრობა დიდხანს დევნიდა ხადიჯას, მაგრამ მან შეგნებული არჩევანი გააკეთა და ეს არის მაგალითი, რომელიც სურდა ეჩვენებინა კოლეგებისათვის, რომ არ უნდა გეშინოდეს,“ - ამბობს ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი.

მას სჯერა, რომ ხადიჯა ისმაილოვა მალე დაუბრუნდება თავის საქმეს. თავად ხადიჯას სიტყვები კი გვაფიქრებინებს, რომ ის ხელს არ აიღებს მწვავე თემებზე და რომ გაზვიადებული არ არის მისი ქება გაბედულებისა და ფასეულობებისადმი ერთგულებისათვის: „გააგრძელეთ ბრძოლა, ხალხო! გააგრძელეთ ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის, იმათთვის, ვისი ხმაც ჩაახშეს. თუ ამის საფასური პატიმრობაა - ასე იყოს. ღირს“...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG