Accessibility links

logo-print

ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, ისმაილოვა აცხადებს, რომ აგრძელებს ბრძოლას ადამიანის უფლებებისთვის


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ციხეშია. თუმცა ჟურნალისტი განაგრძობს ქვეყანაში კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვას და აცხადებს, რომ უკანდახევას არ აპირებს.

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლოში ხმაგაუმტარ ჯიხურში იდგა, როცა მოახერხა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ თავისი მორიგი რეპორტაჟის გავრცელება.

ისმაილოვამ იცოდა, რომ მოსამართლე ილგარ მურგუზოვს 19 ნოემბრის სხდომაზე ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისთვის მიკროფონის გამორთვა. ამიტომ მან სწრაფად დაწერა ორი წინადადება და ქაღალდი შუშაზე მიაკრა.

„კვირას არასრულწლოვანი პატიმრები პროტესტის ნიშნად კარზე აბრახუნებდნენ 63-ე და 64-ე საკნებში, მეორე ბლოკში“, - ეწერა ქაღალდზე. - „მათ სცემეს და უკანონოდ მოათავსეს ერთკაციან საკნებში.“

ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლებისთვისაც წერდა, ერთწლიანი პატიმრობის განმავლობაში განაგრძობს თავის საქმეს, რომელმაც მას დაპატიმრებამდე არაერთი ჯილდო მოუტანა - აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევებს და სამთავრობო კორუფციას ამ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში. ისმაილოვა აცხადებს, რომ გაჩერებას არ აპირებს.

პატიმრობის დაწყებიდან ერთი წლის გასვლის აღსანიშნავად ისმაილოვამ ამ კვირაში თავისი ოჯახის წევრების მეშვეობით წერილი გამოუგზავნა რადიო თავისუფლებას. ისმაილოვა ბაქოს ნომერ მეოთხე ქალთა ციხეში იხდის სასჯელს - ის იქ 27 ნოემბერს მოათავსეს, თავისუფლების შვიდ-ნახევარი წლით აღკვეთის განაჩენით.

„კვლავ ჩემი გზით მივდივარ“, - წერს ის 3 დეკემბერს დაწერილ წერილში. - „განვაგრძობ ჩემს ბრძოლას. ზუსტად ისე, როგორც ციხეში მოხვედრის პირველ დღეს, კვლავაც ვიღიმები და იუმორის გრძნობაც შემრჩა. სასამართლო პროცესებზე თავს გამარჯვებულივით ვგრძნობ“.

ისმაილოვა ირონიით ეკიდება განაჩენს, რომელიც მას სექტემბერში გამოუტანეს, გადასახადებისთვის თავის არიდების და თაღლითობის ბრალდებებით. აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება მის გაჩუმებას ისახავს მიზნად და წარმოადგენს ჩრდილის მიყენების მცდელობას მისი რეპორტაჟებისთვის, რომლებიც ეხებოდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციას. ხადიჯას შეფასებას ეთანხმება და მის დაპატიმრებას ხელისუფლების მხრიდან სამაგიეროს გადახდად მიიჩნევს არაერთი ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ვიცი, რომ ხადიჯა სწორ გზას ადგასო, უთხრა ხადიჯას დედამ, ელმირა ისმაილოვამ, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს 3 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში: "ძალიან მენატრება. ერთი წელი გავიდა, მაგრამ ისე აღიქმება, თითქოს ხუთი იყო. ვიცი, რომ სწორ გზას ადგას და ციხეში იმიტომაა, რომ სიმართლე თქვა. სწორედ ამიტომ შევინარჩუნებ ძალას და არ მივეცემი სასოწარკვეთას. ღმერთმა შექმნას ხადიჯასნაირი ადამიანები და მათ კარგი ჯანმრთელობა მისცეს“.

ბოლო პერიოდში ხადიჯა ისმაილოვა წერს აზერბაიჯანის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ის თითქმის ერთი წელი ამყოფეს, 2014 წლის 5 დეკემბერს დაპატიმრების შემდეგ.

წინასწარი პატიმრობის საკანში ისმაილოვა საოპერო არიებს მღეროდა. თავდაპირველად მისი თანამოსაკნეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მისი ამ ჩვევის გამო, მაგრამ ისმაილოვამ მათი გულის მოგება მოახერხა - აუხსნა, რომ აქვთ უფლება იმღერონ.

ისმაილოვას თანახმად, ის იმიტომ მღერის, რომ მასაც და სხვა პატიმრებსაც ამის უფლება აქვთ. ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, არამედ მათ ყოველდღიურად ვიყენებდეთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG