Accessibility links

ხადიჯა ისმაილოვას მზარდი ავტორიტეტი და ბაქოს მზარდი შეშფოთება


ხადიჯა ისმაილოვა სასამართლოზე

ხადიჯა ისმაილოვა სასამართლოზე

25 მაისს ბაქოს უზენაესი სასამართლო განიხილავს რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას აპელაციას მის მიმართ გადასახადების დამალვის მუხლით გამოტანილი სასჯელის, შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთის, გაუქმების თაობაზე. იმ ფონზე, როდესაც 28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალაში შედის ქვეყნის პირველი ლედის ინიციატივით გამოცხადებული მასობრივი ამნისტია, ჩნდება იმედი, რომ თავისუფლებას ხადიჯა ისმაილოვაც მოიპოვებს.

ზემოხსენებული მასობრივი ამნისტიის კანონით, აზერბაიჯანის ციხეებს სულ მალე 3 500-მდე მსჯავრდებული დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ხადიჯა ისმაილოვას მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება შეწყალებას არ ითვალისწინებს, ფიქრობენ, რომ შესაძლოა მანაც ისარგებლოს მოვლენათა განვითარებით. გარდა ამისა, ისმაილოვას აპელაციამდე, 14 მარტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, უფლებადამცველი აქტივისტი რაულ ჯაფაროვი. ორი კვირის შემდეგ კი ციხიდან გათავისუფლდა კიდევ ერთი უფლებადამცველი, ადვოკატი ინტიგამ ალიევი. ამას ემატება დასავლეთისა და მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ჯგუფების ზეწოლა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე, რომელსაც, თუკი არ შეიწყალებს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოუწევს მოპასუხის როლში ყოფნა ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე, რომელშიც მოსარჩელე მხარის უფლებებს ამალ კლუნი დაიცავს.

ვფიქრობ, ხელისუფლებას განზრახული აქვს ჯერ ორივე, ილგარიცა და ხადიჯაც, გაანეიტრალოს და შემდეგ გაათავისუფლოს. შესაძლოა, ხელისუფლებას სურდეს, რომ მათ ციხიდან გამოსვლისთანავე დატოვონ ქვეყანა...

თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლების ბუნების მცოდნე ადამიანები ფიქრობენ, რომ ხადიჯა ისმაილოვას ბაქო არ შეიწყალებს. შედარებისათვის მათ აქვთ ოპოზიციის ლიდერ ილგარ მამადოვის მაგალითი: მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებულად გამოაცხადა ილგარ მამედოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხელისუფლებამ, რომელიც თავისი არსებობისათვის სახიფათოდ მიიჩნევს მსგავს ოპონენტებს, უარი თქვა მის, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, შეწყალებაზე.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება ნებისმიერ ფასად ცდილობს გისოსებს მიღმა ამყოფოს ილგარი და ხადიჯა. რეჟიმი მათ საფრთხედ მიიჩნევს და რეჟიმს ესმის, რომ, როგორც კი ხადიჯა და ილგარი ციხის კედლებს დატოვებენ, ისინი განაგრძობენ ბრძოლას. ორივეს კარგად იცნობენ საზღვარგარეთ, სადაც ისინი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობენ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი გათავისუფლება ასე ჭიანურდება“, ამბობს არიფ მამადოვი, აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი ევროკავშირში, რომელიც ამჟამად დევნილობაში იმყოფება და ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი კრიტიკოსია.

ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლების დიდად არ სჯერა არც არასტუნ ორჯუღლუს. ბაქოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრის დირექტორი მოვლენათა ასეთ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს შესაძლებლად, თუ ილჰამ ალიევის ხელისუფლებას ექნება მყარი გარანტია, რომ გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ქვეყანას დატოვებენ და წავლენ საზღვარგარეთ, სადაც ისინი აღარ იქნებიან საშიშნი აზერბაიჯანის რეჟიმისათვის:

„ვფიქრობ, ხელისუფლებას განზრახული აქვს ჯერ ორივე, ილგარიცა და ხადიჯაც, გაანეიტრალოს და შემდეგ გაათავისუფლოს. შესაძლოა, ხელისუფლებას სურდეს, რომ მათ ციხიდან გამოსვლისთანავე დატოვონ ქვეყანა, ან სურდეთ, რომ გათავისუფლებისთანავე ორივემ, ხადიჯა ისმაილოვამაც და ილგარ მამადოვმაც, შეწყვიტოს საქმიანობა. ძნელი სათქმელია, რა ჩანაფიქრი აქვს ხელისუფლებას“.

და ვიდრე აზერბაიჯანის ხელისუფლება თავს იტეხს, თუ რა უყოს პატიმრობაში მყოფ თავის ოპონენტებს, ბაქოზე გრძელდება საერთაშორისო ზეწოლა - გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, ქვეყანა კარგავს საერთაშორისო იმიჯს, ხადიჯა ისმაილოვას ავტორიტეტი კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო და უფრო იზრდება. სამ მაისს, მსოფლიო მედიის თავისუფლების დღეს, პატიმრობაში მყოფ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს იუნესკოს მიერ დაწესებული პრესტიჟული ჯილდო, გილერმო კანოს პრემია, მიენიჭა. სიმბოლურია, რომ 27 მაისს საპატიმროში მყოფ ხადიჯა ისმაილოვას 40 წელი უსრულდება. ყოფილი პატიმრის, ჯაფაროვის მიერ შექმნილმა უფლებადამცველმა ჯგუფმა „სპორტი უფლებებისათვის“ მოუწოდა პრესტიჟული სპორტული ასპარეზობის, „ფორმულა 1“-ის, ხელმძღვანელებს, რომ მომავალ თვეში დაგეგმილი ტურნირის დაწყებამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებას პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით მიმართონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG