Accessibility links

logo-print

ხადიჯა ისმაილოვას შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯა


ხადიჯა ისმაილოვა

ხადიჯა ისმაილოვა

აზერბაიჯანის სასამართლომ გამომძიებელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას 7 ½ წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველი ჯგუფები ამ პროცესს აღიქვამენ როგორც სასჯელს მისი საგამოძიებო საქმიანობისათვის, რომელშიც ხადიჯამ აზერბაიჯანის მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა.

ბაქოს სასამართლომ 1 სექტემბერს ხადიჯა ისმაილოვა დამნაშავედ ცნო ცილისწამებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებაში, არალეგალურ ბიზნესსაქმიანობაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.

რადიო თავისუფლების მიმომხილველს, თავისუფლების აღკვეთის გარდა, დაეკისრა 300-დოლარიანი ჯარიმა სასამართლო ხარჯების დასაფარად და 3 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. სასამართლომ ჟურნალისტი უდანაშაულოდ ცნო ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის მას შემდეგ, რაც ამ ბრალდების ავტორმა უკან გაიტანა საჩივარი.

ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც ხშირად აშუქებდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და მისი ოჯახის ბიზნესსაქმიანობას, სასამართლოს ბრალი დასდო ბრალდებების შეთითხნაში, მისი ციხეში გაშვების და მთავრობის მაღალ ეშელონებში კორუფციის გამოძიების შესახებ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

რადიო თავისუფლების მთავარმა რედაქტორმა ნენად პეიჩმა განაცხადა, რომ ისმაილოვას სასამართლო იყო „პოლიტიკის, და არა კანონის მაგალითი“. 1 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში მან თქვა, რომ „მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ ჰქონია და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დადუმება ნებისმიერ ფასად“.

ხადიჯა ისმაილოვასთვის გამოტანილი განაჩენი მწვავედ გააკრიტიკეს მთელმა რიგმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

სასამართლოს წინაშე 31 აგვისტოს გაკეთებულ ბოლო განცხადებაში ისმაილოვამ აზერბაიჯანის მთავრობას „რეპრესიის მანქანა“ უწოდა და თქვა, რომ მისმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ დაამტკიცა, რომ „ალიევმა გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტი და ამით პირდაპირ იხეირეს მისი ოჯახის წევრებმა“. მან ასევე განაცხადა, რომ „ნამდვილი ჟურნალისტები და მოქალაქეები“ განაგრძობდნენ კორუფციის მხილებას აზერბაიჯანში. „მე შეიძლება ციხეში ვიყო, მაგრამ ჩემი საქმე გაგრძელდებაო“ - თქვა ისმაილოვამ. მოსამართლემ განსასჯელს სიტყვა შეაწყვეტინა. როგორც კი ისმაილოვამ ახსენა პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელი, პროკურორმა მოსამართლეს მოუწოდა, მისთვის აღარ მიეცა სიტყვის გაგრძელების უფლება.

პროკურატურამ მისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. 39 წლის ხადიჯა ისმაილოვა დეკემბრის შემდეგ დაკავებულია. ბაქოს პოლიციამ 1 სექტემბერს სცადა თავიდან აერიდებინა პროტესტი განაჩენთან დაკავშირებით და დახურა კერძო ჩაის სახლი, რომელიც სასამართლოს მახლობლად მდებარეობს და სადაც ხადიჯა ისმაილოვას ასზე მეტი მხარდამჭერი შეიკრიბა 31 აგვისტოს ვერდიქტის მოლოდინში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG