Accessibility links

logo-print

ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლებაზე საქართველოში: ბაქომ დასავლეთს დაუჯერა


საქართველოში საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგად მიიჩნევენ აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს 25 მაისის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელ ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას პატიმრობა პირობითი სასჯელით შეეცვალა. ჟურნალისტი 2014 წლის დეკემბერში დააკავეს, ხოლო პატიმრობა 2015 წლის სექტემბერში მიუსაჯეს ფინანსურ დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა დამცველები თუ მედიის წარმომადგენლები პოლიტპატიმრად მიჩნეული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას გამარჯვებად თვლიან, თუმცა ზუსტად იციან ისიც, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, ხოლო ხადიჯა ისმაილოვას მსგავს ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას მოდუნების საშუალებას არასოდეს მისცემენ, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ. რადიო თავისუფლების უშტატო თანამშრომელს, გამომძიებელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას 40 წლის იუბილეს 27 მაისს საქართველოდანაც მიულოცავენ.

ოთხშაბათს, როდესაც, 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ, აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ 7,5-წლიანი პატიმრობა 3,5-წლიანი პირობითი სასჯელით შეუცვალა და გაათავისუფლა, ხადიჯა ისმაილოვამ კვლავაც დადო პირობა, რომ გააგრძელებს ბრძოლას სიმართლისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის. მას მანამდეც ბევრჯერ უთქვამს და ახლაც ასე ხედავს, რომ მისი დაკავების უკან აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, ინტერესები დგას და ეს ინტერესები წინააღმდეგობაშია დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებთან:

„ჩემი დაპატიმრება წმინდა პოლიტიკური მიზეზებით მოხდა, რადგანაც პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა გარემოცვამ გადაწყვიტეს თავიდან აეცილებინათ მათკენ მიმართული ნებისმიერი სახის კრიტიკა. ეს იყო იმ რეპრესიის ნაწილი, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხადიჯა ისმაილოვას პროფესიული საქმიანობა 2 წლის ვადით აეკრძალა და ადვილი წარმოსადგენია, თუ რამხელა სასჯელია ეს ძალიან აქტიური, დაუდგრომელი ჟურნალისტისთვის, რომელიც არაფერს და არავის უშინდება და, ბევრის აზრით, მშვიდად ცხოვრებას ხადიჯას ვერც ეს სასჯელი აიძულებს. ის უმოქმედოდ თითქმის არავის წარმოუდგენია და მათ შორის არის გიორგი გოგია, "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტის კანონიერი უფლებების დაცვის პროცესებში. როგორც გიორგი გოგია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობის შედეგია:

„ეს ნამდვილად არის შედეგი საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევისა – სამოქალაქო საზოგადოება იქნება ეს თუ სამთავრობო სტრუქტურები – იმიტომ, რომ ისინი განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ქვეყნის ხელისუფლებას გაეთავისუფლებინათ ხადიჯა, იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ ბრალდებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. შესაბამისად, საკმაოდ დიდი ზეწოლა იყო აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე... ხადიჯა ისმაილოვას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული (მათ შორის, „იუნესკოს“ გუილერმო კანოს სახელობის პრემია „რთულ ვითარებაში პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის“) – ის მსოფლიოში აღიარებული ჟურნალისტია და მის საქმესთან დაკავშირებით ზეწოლა იყო ძალიან ხმამაღალი“.

საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ძალისხმევის კვალდაკვალ, ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლება არ გაჰკვირვებია მედიამკვლევარს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, რომელიც მუდმივად აპროტესტებდა აქტიური და წარმატებული ჟურნალისტის უკანონო დაპატიმრებას. ზვიად ქორიძე შორს არის იმ აზრისგან, რომ აზერბაიჯანის ამჟამინდელი ხელისუფლება თვალის დახამხამებაში შეიცვლის მიდგომებს და დემოკრატიულ მმართველობას გაითავისებს, მაგრამ, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხადიჯა ისმაილოვას გამოშვებით აშკარა გახდა, რომ ბაქო ანგარიშს უწევს საერთაშორისო თანამეგობრობას და რომ ამას, შესაძლოა, სხვა პოზიტიური ძვრებიც მოჰყვეს. შესაბამისად, ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლება არცთუ სახარბიელო ახალი ამბავი იქნებოდა რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის:

„ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომელსაც დიდი სურვილები აქვს, რომ თავის სამეზობლოში – განსაკუთრებით კავკასიის მიმართულებით – ყველანაირად შეუწყოს ხელი ავტორიტარული და არადემოკრატიული მმართველობების გაძლიერებას. პრაქტიკულად ეს წინააღმდეგობა შეიძლება ახლა ბაქოსა და მოსკოვს შორის - ბევრ სხვა წინააღმდეგობასთან ერთად - დადგეს დღის წესრიგში. ეს არის დემოკრატიული პროცესების წახალისება და, ასე ვთქვათ, ბრუნი უფრო ნაკლები ავტორიტარიზმისკენ... მე არ მაქვს მოლოდინი, რომ იქ უცბად ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ რაღაც გარკვეული ლიბერალიზაცია ბიზნესში, სამოქალაქო ურთიერთობებში, სასამართლოში, ალბათ, დაიწყება და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ აზერბაიჯანისთვისაც და მთელი რეგიონისთვის“.

27 მაისს ხადიჯა ისმაილოვას 40 წელი უსრულდება და ამ თარიღს მსოფლიოს 40 ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიება ჯერ კიდევ მის გათავისუფლებამდე იყო დაგეგმილი, თუმცა, ცხადია, რომ გათავისუფლების შემდეგ ეს დღე სრულიად სხვაგვარი სასიხარულო ემოციებით დაიმუხტება. ღონისძიება კლუბ „ფრონტლაინში“ გაიმართება და შეხვედრის მონაწილეებიხადიჯა ისმაილოვას მისალოც ბარათებს გაუგზავნიან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია მიაწოდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორმა ნინო ღვედაშვილმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ხადიჯა ისმაილოვასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ნინო ღვედაშილმა წინასწარ გაუმხილა რადიო თავისუფლებას, თუ რას მისწერს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაბადების დღის მისალოც ბარათში:

„ხადიჯას მივწერ იმას, რომ ის მე ძალიან მამხნევებს... ის იყო პოლიტპატიმრებს შორის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ციხეში ყოფნის დროს, ძალიან ოპტიმისტურად და ძალიან მხიარულადაც კი, აგრძელებდა თავის საქმიანობას იქიდან. ხადიჯა პიროვნულადაც არის განსხვავებული ადამიანი, ოპტიმიზმით სავსეა და მეც ოპტიმიზმით მავსებდა... და მივწერ, რომ მადლობა მინდა გადავუხადო იმ ოპტიმიზმისთვის, რომელსაც თუნდაც ჩემს საქმიანობაში მაძლევდა – ამ შემთხვევაში, თუნდაც იგივე იმ კამპანიაშიც, რომელსაც ვაწარმოებდით ხადიჯას მხარდასაჭერად, თვითონ ის მაძლევდა მე სტიმულს და მამხნევებდა“.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ საპატიმრო უკვე დატოვა, ნინო ღვედაშვილის თქმით, ის ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი პირობითი სასჯელის გამო და აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება უდანაშაულობის დასამტკიცებლად. 25 მაისს, როდესაც საპატიმრო დატოვა, ხადიჯა ისმაილოვამ გარკვევით თქვა, რომ თავის სიმართლეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, დაამტკიცებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG