Accessibility links

logo-print

ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ სასიკეთო ცვლილებები 2014 წელსაც ვერ იგრძნეს და თავის რჩენისთვის კვლავ ბრძოლა უწევთ. ამომრჩევლისგან განსხვავებით, ცვლილებები იგრძნეს ჩინოვნიკებმა. როგორია ხალხის თვალით დანახული 2014 წელი?

ყოველი წლის ბოლოს სამთავრობო უწყებები, სამინისტროები, დეპერტამენტები, ადგილობრივი თვითმმართველობა თუ რიგითი ჩინოვნიკები ერთგვარ ანგარიშს ამზადებენ და პრეზენტაციებს აწყობენ იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს მთელი წლის განმავლობაში. ლაპარაკობენ ძირითადად დადებითზე, რომ შეუძლებელი შეძლეს, სხვა მთავრობას მსგავსი პრობლემა არ ადარდებდა და ასე შემდეგ. პრობლემებსა და საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე ისინი არაფერს ამბობენ. კონკრეტული საქმეები, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა, ზოგ შემთხვევაში მივიდა რიგით ადამიანებამდე, ზოგჯერ კი - არა. ჩვენ ამჯერად 2014 წლის შეფასება რიგით ადამიანებს ვთხოვეთ, იმათ, ვისი მეშვეობითაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა. პირველი რესპონდენტი ერთ-ერთ ბანკთან ჩავწერეთ, რომელიც ამ დროს სესხის კონტრაქტს აფორმებდა, თანხა - 3 000 ლარი:

„ყველა დამოკიდებული ვართ ბანკზე. ახლა მე თვითონაც ამიტომ ვარ მოსული და 3 000 ლარი გამომაქვს. გლეხმა ვერ ამოისუნთქა. სიმინდის მოსავალი არ მოვიდა და გლეხმა რა უნდა გააკეთოს? სიმინდს მოჰყავს დანარჩენი ჩვენი მოსავალიც - ღორს ზრდის, ქათამს, ცოტა შეღავათია და გავდივართ იოლად. წელს არ იყო მოსავალი“.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი სიღნაღში მცხოვრები გურამ ნონიკაშვილია. ის ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი დაპირება, რომ ქვეყანაში პენსიები 220 ლარამდე გაიზრდებოდა, არ შესრულდა:

„რასაც შეჰპირდნენ ხალხს, არაფერი არ გაუკეთებიათ. თვითონ ამდენი პრემიები დაიმატეს, ხალხს -150 ლარზე 10 ლარი და, ისიც, მომავალ სექტემბრამდე ან იცოცხლებენ, ან არა. ეს ხომ არ არის მართალი?“

2014 წელი სხვა წლებისგან არ განსხვავდებოდა გურჯაანში მცხოვრები ნინოსთვისაც. ის დასაქმებულია, თუმცა დაბალი ანაზღაურება აქვს. მათი ოჯახის შემოსავალია ხელფასი და 100-ლარიანი პენსია. ჯამში, 283 ლარს იღებენ. მიუხედავად ამისა, ნინოს მომავლის იმედი მაინც აქვს:

„ქმარი მყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, რამდენი რამე სჭირდება მწოლიარე ავადმყოფს? ვერანაირი შედეგი ვერ ვიგრძენით წელს. უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მაინც მომავლის იმედი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება“.

არიან ისეთებიც, ვისთვისაც 2014 წელი კარგი იყო:

„ძალიან არ მიჭირს, მაინც კმაყოფილი ვარ ამ მთავრობის“.

„მე კმაყოფილი ვარ ყველაფრით. 70 წლის კაცი ვარ და მშვიდობა იყოს, სხვა არაფერი აღარ მინდა“.

2014 წელი განსხვავებული და წარმატებული იყო გოდერძი ბარბაქაძისთვის. ის მიმდინრე წელს გახდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯოდმარე:

„ხალხის ოცნებაა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. მეც იმ ხალხის რიგებში ვარ და ამისათვის ყველამ უნდა ვიშრომოთ, ყველამ ჩვენი საკეთებელი საქმე ვაკეთოთ და ოცნებებიც მაშინ ახდება, როცა ყველანი ვიქნებით ჩართული საქმეში და ყველა თავის თავზე აღებულ მოვალეობას შეასრულებს“.

კახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებს საზოგადოებისთვის წლიური ანგარიში ჯერ არ ჩაუბარებიათ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი ზეპირად იცის, როგორი იყო მათთვის 2014 წელი, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რა იყო რეალური და რა არარეალური. დღეს, ახალი წლის წინა დღეებში, რაზეც მოსახლეობა წუხს, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაა, რამაც სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია. რეგიონებში კვლავ პრობლემად რჩება სასმელი წყალი, საგზაო ინფრასტრუქტურა და ოჯახების მძიმე ეკონომიური მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG