Accessibility links

logo-print

ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა თბილისში გაჩენილი ხანძრის გამო. ხანძარი 4 აგვისტოს ე. წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება. თბილისის მერია დაღუპულთა ახლობლებს დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას დაჰპირდა.

„დამირეკეს, აფეთქების ხმა იყოო. სასწრაფოდ დავრეკეთ 112-ში. მოვიდა პატრული, სახანძრო და მიიღეს ზომები. სადაც ხანძარი იყო, ჩააქრეს... ყველა შიგნით იყო: მუშებიც, ხელმძღვანელობაც. მეტი წილი გამოვიდა და ამათ, ეტყობა, ვერ მოასწრეს“.

„კრიშაზე“ ავძვერით, გვაინტერესებდა, რა ხდებოდა. პატრული შიგნით არ უშვებდა ხალხს. ძალიან ბევრი სახანძრო მანქანა იყო, ძალიან კარგად იმუშავეს, მაგრამ მაინც დასჭირდათ ვერტმფრენი. ვერტმფრენმა საკმაოდ კარგად უშველა, 20 წუთში ლიკვიდაცია გაუკეთა ყველაფერს..."

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს. საჭიროებები რაც იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომ, მე მინდა დავავალო „ჰერმესის“ ხელმძღვანელს, ასევე შესაბამისი რაიონების გამგებლებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ოჯახების მხარდასაჭერად...

ასე იხსენებენ ხანძრის დეტალებს ისინი, ვინც გუდაუთის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას შეესწრო.

დაღუპულია ორი ადამიანი - საღებავების საწყობის დირექტორი და მისი მოადგილე. დაშავდა ექვსი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბიძე ამბობს, რომ სამი უკვე სახლში გაწერეს, დანარჩენები კი მკურნალობას განაგრძობენ:

„აღენიშნებათ დამწვრობები სხვადასხვა მიდამოში, ზემო და ქვედა კიდურებზე, ზურგის არეში. ნასუნთქი აქვთ კვამლი. თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“.

შემთხვევის ადგილას ჟურნალისტები არ შეუშვეს. თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა, თუმცა, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დაზიანებული ქონება მუნიციპალურ საკუთრებას არ წარმოადგენდა და, შესაბამისად, ის ქალაქის მთავრობის მხრიდან არ ანაზღაურდება. თბილისის მერი დავით ნარმანია დაღუპულთა ახლობლებს დაკრძალვის ხარჯების დაფარვას შეჰპირდა:

„მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს. საჭიროებები რაც იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომ, მე მინდა დავავალო „ჰერმესის“ ხელმძღვანელს, ასევე შესაბამისი რაიონების გამგებლებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ოჯახების მხარდასაჭერად“.

გუდაუთის ქუჩაზე მომხდარი ხანძარი ერთადერთი არ იყო. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი დათო გელაშვილი ამბობს, რომ 4 აგვისტოს ცეცხლი გაჩნდა პეტრე-პავლეს სასაფლაოზეც, ასევე სპორტის სასახლის უკან. ერთ შემთხვევაში 4 ჰექტარამდე ფართობზე წაეკიდა ბალახს ცეცხლი, მეორე შემთხვევაში - ერთ ჰექტარამდე ფართობზე. დაშავებით არავინ დაშავებულა. გელაშვილის თქმით, ხანძარი, ნაწილობრივ, მაღალი სიცხითაც იყო განპირობებული:

ხანძარი „ელიავაზე“

ხანძარი „ელიავაზე“

„საწყობში სხვა რამ იყო. იქ სანამ მოკვლევა არ ჩატარდება, მიზეზს ვერავინ იტყვის, რა მოხდა. წინა ორ ხანძარზე კი, სავარაუდოდ, დაუდევრობაა მიზეზი, მაღალი სიცხე და გამხმარი ბალახი“.

დათო გელაშვილის თქმით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ყოველდღიურად ასამდე გამოძახებაზე უწევთ გასვლა. ამაში შედის როგორც ხანძრები, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევები თუ სხვა. მისივე თქმით, ზოგადად ცხელ ამინდებში გამოძახებათა რაოდენობა მატულობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG