Accessibility links

გამომცემლობა “ინტელექტმა” გასულ წელს ბესიკ ხარანაულის ორი დიდი წიგნი გამოსცა. ერთი ზაფხულისთვის გამოვიდა, 900-გვერდიანი გიგანტური ტომი, სადაც ბესიკ ხარანაულის 50 წლის მანძილზე დაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ლექსი შევიდა, მეორე კი წლის ბოლოს გამოიცა. ეს მისი ახალი წიგნია - “მთავარი გამთამაშებელი”, წიგნი, რომლის ჟანრის განსაზღვრაც, ბესიკ ხარანაულის წინა სამი ნაწარმოებივით, საკმაოდ რთულია. ამ სირთულის მიუხედავად, ბოლო წიგნმა ყველაზე ნათლად დაგვანახა, თუ საით მიდიოდა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ბესიკ ხარანაული - 2003-დან მოყოლებული, როდესაც მისი “ამბა ბესარიონი გამოვიდა”, დღემდე.
წინადადებას მივყვები, ერთ წინადადებას მივყვები და სადღაც უკვე აღარ შეიძლება იმის იქით წასვლა. არ ვიცი, რამდენად სწორია ესა, არც თავის მოსატანია, მაგრამ უფრო გულწრფელი ვიქნები, რომ ვთქვა, რომ არა ფიქრობ... პირიქით, მიმაჩნია, რომ ადამიანი არაკომპოზიციური არსებაა, არასიუჟეტურია...

გაკვრით მან ჩემთან საუბარშიც ახსენა ის უმთავრესი სურვილი, რომელიც მის ბოლო წიგნში ცხადად გამოიკვეთა:

“ახლა, მაგალითად, ხო ვმუშაობ, არა, კიდე რაღაცაზე – რა ვიცი, ვერ ვჩერდები – და მინდა, რომ ძალიან თავისუფლება მივცე, მინდა ვცადო თავისუფლება მივცე. ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის ნაწარმოებები, რომლებიც შენ იცი, რომ ფასეულია, ძალიან დიდ გავლენას ახდენს, გბორკავს, თავისი ვეტოები აქვს დადებული”.

მართალია, აქ ბესიკ ხარანაული თავის მომავალ წიგნზე საუბრობს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ წიგნშიც მიაღწია მან სასურველ შედეგს. იგი არაერთხელ აღნიშნავს, რომ ეს წიგნი თავისუფლების ნაწერია, მოცალეობის. რომ პოეტმა თავისი გემოს სახლ-კარი ნახა, მოიცალა, დაჯდა და წერა და წერა, წერა არა საქმიანად, არამედ მოცლით: “მე ხომ ადამიანი წერისგან კი არა, მოცლისგანა ვარ. წერისკენ რომ გავიხედები, ნევროზი მახსენდება”.

იგი არ ცდილობს ამ ნაწერის დალაგებას. ასე ამბობს, მე რომ ნაწერის დალაგება დავიწყო, “ჩემი საკუთარი სენი არ იქნება, ეს იქნება, უბრალოდ, ლიტერატურაო”. ეს წიგნიც ასეთია, ერთადაა შეყრილი ყველა სტრიქონი, როგორც თივა საბძელში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წიგნში ქაოსია. ავტორი ღმერთსაც შესთხოვს, ყურში მკვირცხლად შემავალი სიტყვა მომეციო. ასეთი სიტყვები ძალიან ბევრია ამ წიგნში, ყურში მკვირცხლად შემავალი და ზუსტი სიტყვები. - ყველა თავისას იპოვის მასში, ამ დიდ და პატარა ფრაგმენტებად დაშლილ წიგნში.

ზემოთ თივა და საბძელი ვახსენე, ბესიკ ხარანაულის ეს შესანიშნავი მეტაფორა, რომელიც მან თავისი წიგნის დასახასიათებლად შემოიტანა. სხვაგან იგი წერას თიბვას ადარებს - ისეთ შრომას, როცა ღერა-ღერა კი არ არჩევ სიტყვებს და წინადადებებს, არამედ როდესაც ტალღებად მოდის სათქმელი და კალმით კი არა, ცელით გიწევს მუშაობა.
მთავარი გამთამაშებელი ნამდვილად ვნახე მე სიზმარში. გამეღვიძა თუ არა, მაშინვე ჩავიწერე, რაც ვნახე, იმიტომ რომ ძალიან შთაბეჭდილება მოახდინა თვითონ იმ სახემ... თითქოს მთელს ცივილიზაციას ფლობდა ეს ადამიანი, მაგრამ მისი ფორმა, თავისუფალი მდგომარეობა იყო გარიყულობა და თითქოს კუთხეში იწვა, მოკუნტული, ჩანასახივით, და ისვენებდა...

ბესიკ ხარანაულის ამ წიგნმა დაამტკიცა, რომ არ არის აუცილებელი ნაწარმოებმა რაღაც გაგახსენოს, ჯაჭვი გაგიბას სხვა ნაწარმოებთან, გაგების ჯაჭვი. ნუ ეცდებით რაღაცა სხვა იდეებით, სხვა წიგნებით გაშიფროთ ეს კონკრეტული წიგნი. ესაა წიგნი თავისთავად, თვითკმარი წიგნი და ნუ შეგეშინდებათ, ნუ დაიბნევით და ნუ მიაგდებთ ამ წიგნს, თუკი ნაცნობს ვერაფერს ნახავთ მასში. არ არის გამორიცხული, რომ 400 გვერდის მანძილზე მხოლოდ ახალი წაიკითხოთ, ნუ გაღიზიანდებით გაკვირვებისგან და ნურც იმას ეცდებით მხოლოდ ბრძნულ თუ მახვილგონივრულ გამონათქვამებში დაინახოთ ამ წიგნის მთელი გემო. აქ არაფერია სასუსნავი და გასართობი, ამოსაცნობი და სიმყუდროვის შემქმნელი, აქ თითქმის ყველაფერი ახალია და უცხო, ეს ერთი ადამიანის სამყაროა, სადაც სიტყვები და წინადადებები თითქოს თავისით იბადებიან:

“წინადადებას მივყვები, ერთ წინადადებას მივყვები და სადღაც უკვე აღარ შეიძლება იმის იქით წასვლა. არ ვიცი, რამდენად სწორია ესა, არც თავის მოსატანია, მაგრამ უფრო გულწრფელი ვიქნები, რომ ვთქვა, რომ არა ფიქრობ... პირიქით, მიმაჩნია, რომ ადამიანი არაკომპოზიციური არსებაა, არასიუჟეტურია... რაღაცები შეიცვლება, ხელოვნებაში რაღაცა შეიცვლება, ჩემი აზრით. რაც იყო, ის აღარ იქნება. მე თვითონ ამას ვერ ვაცნობიერებ და არ ვდგავარ ამ გზაზე, მაგრამ მე მგონია, რომ ხელოვნება გამოიცვლის თავს, იმიტომ რომ ახლა რაღაცნაირად გადაყლაპულია ხელოვნება, ნამდვილი ხელოვნება. კი ჰყავთ თავისი მწერლები, პოეტები, მკითხველი, მაგრამ მაინც წამყვანი არ არის, იმიტომ რომ, ეტყობა, რაღაცა ძალიან სწრაფად და კარგად ვითარდება თვითონ ცხოვრება”.

“მთავარ გამთამაშებელს” ქვესათაურიც აქვს: “მეტაპოეტური წიგნი -კონცერტი”. თავად გამთამაშებელზე კი ასეთი რამე მითხრა ბესიკ ხარანაულმა:

“მთავარი გამთამაშებელი ნამდვილად ვნახე მე სიზმარში. გამეღვიძა თუ არა, მაშინვე ჩავიწერე, რაც ვნახე, იმიტომ რომ ძალიან შთაბეჭდილება მოახდინა თვითონ იმ სახემ... თითქოს მთელს ცივილიზაციას ფლობდა ეს ადამიანი, მაგრამ მისი ფორმა, თავისუფალი მდგომარეობა იყო გარიყულობა და თითქოს კუთხეში იწვა, მოკუნტული, ჩანასახივით, და ისვენებდა. და, აი, ამის სანაცვლოდ, როცა ეს ისვენებდა, ვითომ ამის სანაცვლოდ, სამყაროში უშვებდა თავისი სოფლის სურათებს. თითქოს რაღაცას აკეთებდა ამით, ცოცხლობდა, გესმის? ცოცხლობდა იმ წუთებში, იმიტომ რომ დანარჩენ დროს დაკავებული იყო ამ ცივილიზაციით, რომელიც მშვენიერია, კარგია...”
ბესიკ ხარანაული

ბესიკ ხარანაული


“მთავარი გამთამაშებელი” არაა ლექსების კრებული, მიუხედავად იმისა, რომ მასში 400 გვერდზე სუფთა პოეზიაა გაშლილი. აქ ვერ გამოარჩევ ცალკეულ ლექსებს, ასეთი, საერთო კონტექსტიდან გამორჩეული, მხოლოდ ერთი-ორი ლექსია, დანარჩენი კი დიდი მორევის ნაწილია. საერთოდ, ბოლო დროს ბესიკ ხარანაული სულ წიგნზე ფიქრობდა და აი, ეს ის წიგნია, წიგნი და არა ტექსტი, არა ლექსების კრებული, არა რომანი ან რამე სხვა, არამედ წიგნი. ესაა წიგნი, “რომელიც სულ იკითხება და იკითხება, არც თავი აქვს და არც ბოლო და არც ინტერესს მოითხოვს”.

წიგნი თემატურადაც ძალიან საინტერესოა. აქ თავის საკბილოს აღმოაჩენენ ეკოლოგებიც, ფემინისტური კრიტიკის მიმდევრებიც, პოეტოლოგები, პარემიოლოგები. წიგნი სავსეა ბესიკური აფორიზმებით, გრძელი და მოკლე სიბრძნეებით, უფრო სწორად, ბრძნული აღტაცებით დაწერილი სტრიქონებით. აი, მაგალითად: “განუწყვეტლივ იყავ შენს სხეულთან, - გაუფრინდი და მოუფრინდი”, “პოეტი ისევე სჭირდება ცხოვრებას, როგორც ფეხსაცმელს ლანჩები”, “ადამიანს თავის თავი არ ასვენებს და ჰგონია, რომ პირობებია”. ანდა ეს ნახეთ, როგორ შედარებებს მიმართავს ავტორი, როცა ძალიან მნიშვნელოვანს ამბობს: “თითქოს “ილიადა” და “ოდისეა” ერთი ვენახის ღვინო არაა... ახლა “ოდისეას” უფრო სვამენ, ვიდრე “ილიადას”...”. შესანიშნავია პოეტის ამოძახილებიც, მისი პერფორმატიული გამონათქვამები, მაგალითად, ასეთი: “ო, ღალატო, რჩეულთა ხვედრო! დარჩი შექსპირში, ჰომეროსში და ძველ დრამებში, რა გინდა ამ ნაძალადევში, ძველ უბანში, ჩამოტყავებულში”, “მოვა დრო და ჩემი გახსენება ნაბიჯს აგირევთ”... დაუვიწყარია მისი მიმართვა ახალგაზრდებისადმი ბრწყინვალე ლექსში “სიდედლე”: “ისეთი დადექი, რომ ყველას სწყინდეს!”. დაბოლოს, პოეტის უძლიერესი დანაპირები:

“მე ამ ქვეყანას სილაღით ავანგრევ!”
XS
SM
MD
LG