Accessibility links

logo-print

6 ივლისი, კვირა

დილა ლაზარეს ტრადიციული შეკითხვით დაიწყო: „დედიკო, ისევ მიდიხარ? როდის დაგიმთავრდება სამსახური?“ ყოველ დილით ასეა. ყოველ დილით ვუხსნი, რატომ უნდა წავიდე დღესაც სამსახურში და ბოლოს ეს ყველაფერი მთავრდება ჩემი დაპირებით, რომ მის დაძინებამდე დავბრუნდები.

ისე, დღეს კვირაა და სამსახურში კი არა, დასაფლავებაზე მივდივარ ანანურში. ბიცოლაჩემის ძმა გარდაიცვალა სიმსივნით. ახალგაზრდა, ძალიან კარგი კაცი, აი ისეთი, კოლორიტებს რომ ქმნიან. ბავშვობაში მიყვარდა მათთან ანანურში სტუმრობა. ზუსტად ანანურის ციხის ქვემოთ ცხოვრობენ. მახსოვს, ჟინვალი რომ გაკეთდა, მთელი სოფელი გაასახლეს. მხოლოდ ესენი არ გადავიდნენ და დღესაც, აქ მხოლოდ ეს ერთი ოჯახია დარჩენილი. ალბათ, ესეც მისი ხასიათის ნაწილი იყო. თავისი ფუძე ვერ დატოვა.

გელაზე ფიქრმა ყველა ის ადამიანი გამახსენა, ვინც თავისი გარდაცვალებით ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. 10 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმის მეგობარი დაიხრჩო მტკვარში. 16 წლის იყვნენ ჩემი ძმა და კახა. ბავშვობის ძალიან ახლო მეგობრები. სათევზაოდ წავიდნენ და ასეთი ტრაგედიით დამთავრდა ეს ამბავი. ამის შემდეგ არ მიყვარს თევზაობა და გული მისკდება ხოლმე, სათევზაოდ მივდივართო, რომ იტყვიან სახლში და ანკესების მზადებას იწყებენ. მახსენდება ბიძაჩემი, რომელიც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ ამბიდან ზუსტად ერთ წელიწადში... მერე სკოლა და კლასელები გამახსენდა. ჩემი კლასელები, მეგობრები, რომლებიც ზოგი ავარიაში, ზოგი ჩხუბში, ზოგიც კიდევ ომში დაიღუპა. ცუდი დრო იყო.

მერე მშობლები... დედაჩემი, ვისთან ერთადაც, უბრალოდ, ჩუმად ყავის დალევაც კი მსიამოვნებდა, რომელიც ჩემს თვალებში კითხულობდა, რა მინდოდა. საოცარია დედის ფენომენი. სანამ შენ გვერდითაა, თითქოს ასეც უნდა იყოს. როცა კარგავ, თითქოს ცარიელდები და როგორი ძლიერიც უნდა იყო, უსუსური ხდები. დედაც სიმსივნით გარდამეცვალა. მამასაც სიმსივნე ჰქონდა.

აი, მამაჩემი სულ სხვა კაცი იყო. სამართლიანობა, შეუპოვრობა, გამბედაობა, ბედისადმი დაუმორჩილებლობა, სტიმულისა და იმედის მოცემა, სხვისი ტკივილის საკუთარ ტკივილად აღქმა - ეს მამაჩემი იყო. ბავშვობაში ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით სოფელში ბებიაჩემთან. როგორც კი სურამიდან გადავუხვევდით და სოფლის გზას დავადგებოდით, მამაჩემი ფეხით მიმავალს, ყველას მანქანას უჩერებდა და მიგვყავდა. მე, ჩემი და, ჩემი ძმა ერთმანეთს კალთაში ვუჯდებოდით, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩატეულიყო. თუ აღარ ეტეოდნენ, ბარგს მაინც გამოართმევდა და საბარგულში ტენიდა. ძალიან დიდხანს მეგონა, რომ ასეთი წესი იყო და ყველა ასე იქცეოდა. დღეს, ხანდახან ძალიან რომ მიჭირს, ვფიქრობ, რას მეტყოდა მამაჩემი. მისი ომახიანი ხმა მაკლია ძალიან. არასოდეს არაფრის შეგეშინდეს, სიმართლით და შრომით იარე და ყველაფერი გამოგივაო - დღესაც ვფიქრობ ხოლმე მის სიტყვებზე. მართლაც, შეშინებული და ღირსებაშელახული ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება წარმატებული, ვერასოდეს შექმნის რაიმე ღირებულს. ამიტომ მძულს ყველანაირი დაშინება ადამიანების, მძულს ყველანაირი ძალადობა - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ოჯახური, სოციალური, თანამდებობრივი... შორს წავედი ფიქრებში... ეკლესიიდან გამოასვენეს გელა და კიდევ ერთი კარგი კაცი დააკლა ქვეყანას.

დღეს სამსახურში აღარ მივალ. საღამო შვილებთან მინდა გავატარო. ისედაც ყველაფერი ისეთი ხანმოკლეა...

7 ივლისი, ორშაბათი

დღეს გასვლითი დღე მქონდა. ხარაგაულში პლასტიკური ბოთლების მინისაწარმო მოვინახულეთ მე და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა. ეს პროექტი გლობალური გარემოს დაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დავაფინანსეთ. მარტივად ვამბობ, დავაფინანსეთ-მეთქი. არადა, რამდენი შრომა სჭირდება ფინანსების მოძიებას! გლობალური გარემოს დაცვის ფონდის პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი საქართველოდან მე ვარ. შესაბამისად, აუცილებელია ნდობის მოპოვება, რომ ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები შედეგის მომტან საქმიანობებზე დაიხარჯება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტების მონიტორინგი.

მშვენივრად უმუშავიათ პროექტის ხელმძღვანელებს! 26 კონტეინერი დგას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პლასტიკური ბოთლების შესაგროვებლად. ბოთლებს პრესავენ და თბილისში აბარებენ. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. მე და ნილსიც ჩავერთეთ დაპრესვის პროცესში, რაც საკმაოდ სასიამოვნო გამოდგა.

თბილი ხალხია იმერლები. აღარ იციან, როგორ გასიამოვნონ. მერე ხარაგაულის გამგებელს და მაჟორიტარს ვესაუბრე. იქაურ პრობლემებზე მიამბეს. ზოგზე დახმარებას დავპირდი, ზოგზე - ვერა. ტყუილს ხომ ვერ ვეტყვი?

შემდეგი გაჩერება პრომეთეს მღვიმეა. ქუთაისის სკოლების წარმატებული მოსწავლეები გვყავდა სტუმრად და მე და ნილსიც შევუერთდით. ძალიან დიდი ხანია, წყალტუბოში არ ვყოფილვარ. ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს ქალაქი. რამდენი ლამაზი შენობა დგას, ოღონდ ძალიან ძველი და დანგრეული. მიხედვა უნდა რეგიონებს. ამას კი ფული სჭირდება. ხოლო ფული ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს. მესმის ეს ყველაფერი ძალიან კარგად. ტყუილად გვაბრალებენ ხშირად, გარემოს დაცვის სამინისტრო ეკონომიკურ განვითარებას აფერხებსო. ჩვენ მხოლოდ სწორ გარემოსდაცვით ფორმას ვაძლევთ ეკონომიკურ საქმიანობას. ესეც ხან გამოგვდის, ხან - არა. როგორც უხარისხოდ აშენებული ინგრევა მალე და ორმაგი გიჯდება მისი შეკეთება, ისევეა აქაც: უხეიროდ დაგეგმილი საქმიანობა ორჯერ ძვირი დაუჯდება ქვეყანას. ეს არის ის მარტივი ლოგიკა, რომელსაც უნდა მივყვეთ და არჩევანი გავაკეთოთ.

პრომეთეს მღვიმე საოცრებაა! დარბაზები, ვიწრო გასასვლელები, იდუმალი ფიგურები, ფერები და ვივალდის ჰანგები... გაგიჟდნენ უცხოელი სტუმრები! მე კი ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ეს ყველაფერი ჩვენია, ჩვენი ქვეყნის. ბოლოს ნავებით გამოვედით მღვიმიდან. სურათები გადავიღეთ, ბავშვები სავახშმოდ გავუშვით, ჩვენ კი თბილისისკენ წამოვედით. ყოველდღე ხომ ვერ ვხვდები იმერეთში? ამიტომ გადავწყვიტე ქუთაისში ჩვენი ზედამხედველობის სამსახურში შემევლო. უკვე გვიან იყო და სულ რამდენიმე კაცი დამხვდა. დაფაცურდნენ, ყავა მომიდუღეს და უარიც არ მითქვამს. იმერეთი საკმაოდ რთული რეგიონია გარემოს დაცვის კუთხით. ჭიათურა, ტყიბული, ზესტაფონი ამ მხრივ ცხელი წერტილებია. ვისაუბრეთ პრობლემებზე. ხალხი არ გვყოფნისო, მეწუწუნენ. ასეცაა. იმედია, მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაფართოვდება ეს დეპარტამენტი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს სამსახური ცივილურ, ევროპულ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს და არა ისეთად, ძალაუფლებას რომ იგრძნობს და გონებით და სამართლიანი წესებით კი არა, ძალით მოქმედებს. ერთი საათი მაინც ვისაუბრეთ. წამოსვლა რომ დავაპირე, ასე როგორ გაგიშვათო, შეიცხადეს, მაგრამ უკვე გვიან იყო და ვაწყენინე სტუმართმოყვარე იმერლებს.

დატვირთული, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი დრე გამოვიდა. სახლში შუაღამისას დავბრუნდი. ოთახში რომ შევედი, ლაზარემ თავი წამოყო, მისაყვედურა, გეძებდიო და ძილი გააგრძელა. საყვარელია ძალიან! დღეს კბილი დაიპლომბა. მთელი დღე მირეკავდა, თურმე, ეს ამბავი უნდა ეთქვა. მე კი არ მეცალა...

8 ივლისი, სამშაბათი

დილის ყავა, ლაზარეს ჩაკოცნა და სამსახური. დილიდან შეხვედრები მქონდა. ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა იმართებოდა სამინისტროში, მანამდე კი შევხვდი გერმანელ ექსპერტს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს ჩვენთან ერთად. ვიმსჯელეთ პრობლემებზე, დავგეგმეთ შესაძლო მექანიზმები, რომლებიც მეტი კოორდინირების საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა უწყებებს შორის. მერე მრგვალი მაგიდაც დაიწყო. ყველა უწყება არ იყო და გული დამწყდა. თუმცა მაინც საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მერე მეილები შევამოწმე. მოკლედ ვუპასუხე ყველას (არ მიყვარს გრძელი მეილების წერა). გერმანიის ელჩი ოფიციალურ ლანჩზე მეპატიჟება. რა თქმა უნდა, წავალ. შევთანხმდით.

მიყვარს გერმანელები. ყოველთვის საქმეზე და შედეგზე არიან ორიენტირებული. შარშან გერმანიაში ჩვენი სამინისტროს პირველი ოფიციალური ვიზიტი მახსენდება. საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო გერმანული მხარე. ბევრი ვისაუბრეთ. გავაცანი ჩვენი ახალი ხედვები გარემოს დაცვის კუთხით, ის, თუ რა ხარვეზებს ვხედავდი, რის გამოსწორებას ვგეგმავდი და როგორ. განსაკუთრებით ბევრი ვილაპარაკე სატყეო სექტორზე. ჩვენი წამოსვლიდან ერთ საათში დაგვაწიეს გზავნილი, სატყეო სექტორის დაფინანსებას გავაგრძელებთო, და სამი მილიონი ევროც გამოყვეს.

შემდეგი მეილი UNEA-ს სამდივნოდანაა. ჩემ მიერ წარმოდგენილი ქვეყნების საკონტაქტო პირებს მატყობინებენ. UNEA გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეაა - გაეროს ყველაზე მაღალი სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოსდაცვით პოლიტიკას მსოფლიოში. პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათ წინაშე. 193 ქვეყნიდან 10 კაცს რომ შეარჩევენ, ვიცე-პრეზიდენტად აგირჩევენ და საქმეს განდობენ, არ არის ადვილი. შემოდის მანჩო (ჩემი თანაშემწე) და მაძლევს იმ თანამშრომლების გრძელ სიას, ვისაც სასწრაფო საქმე აქვს გადასაწყვეტი. ყველას უნდა შეხვდე, ყველაფერში გაერკვე და ყველაფერი მოაგვარო. რადგან ჩემამდე მოვიდნენ, ე.ი. ჩემი დახმარება სჭირდებათ: რაჭაში, ურავში, დარიშხნის სარკოფაგების თემა - დღესვე უნდათ პასუხი ჰოლანდიელებს, ხვალ თუშეთში მივდივართ ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად და უნდა გავეცნო მემორანდუმს, რომელსაც ხელს ვაწერთ. სატყეომ სასწრაფოდ უნდა განიხილოს 242-ე დადგენილების ცვლილებები, ნარჩენების კანონპროექტზე ფინანსთა სამინისტროს ახალი შენიშვნა გაუჩნდა და უნდა გავარკვიო, რას გულისხმობენ... და კიდევ უამრავი რამ.

„ჭამა არ გინდა?“ - მეკითხება მანჩო. როგორ არ მინდა, მაგრამ რა მინდა, არ ვიცი. ამაზე ფიქრის თავი კი აღარ მაქვს, ამიტომ ისევ მარტივად, ყავის სმით გავიტან თავს. საღამოს სამონადირეო მეურნეობების წარმომადგენლებს ვხვდები.

შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მიხსნიან პრობლემებს, სამონადირეო მეურნეობების მნიშვნელობას, მაცნობენ თავიანთ არგუმენტებს. ხან ვეთანხმები, ხან - ვერა. შევთანხმდით, რომ კონკრეტულ წინადადებებს მომაწვდიან და უფრო რეალური გახდება პრობლემების მოგვარება. არ მიყვარს ფოსტა... 100-მდე წერილია. ყოველდღე ასეა. ჩვენგან გასაგზავნი, ზოგი ახალი შემოსული და შესასრულებლად მოადგილეებზე გადასანაწილებელი. ჩემი სახელით გასულ წერილებს ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ. დღესაც ასე იყო. საოცრად მაღიზიანებს, თუ ვალის მოხდის მიზნით დაწერილი პასუხია. საჯარო სამსახური ისედაც ბიუროკრატიულია, და თუ ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვუპასუხებთ, რომ შეუსრულებელ წერილებად არ დაგვეწეროს, ამით საქმე ვერ გაკეთდება. გამახსენდა რამდენიმე წლის წინ ფინანსთა სამინისტროდან ჩემს სახელზე მოსული წერილი, რომლის შინაარსის გასაგებად ორი დღე ვიწვალე კოდექსში.

წერილებსაც მოვრჩი. ამასობაში 10 საათიც გამხდარა. ახალი ამბები გადავიკითხე და ოთახიდან გამოვედი. სახლში მივლასლასდი. ცოტა ხანი ჩემებს ვეკონტაქტე. ელენემ მისაყვედურა, მართვის მოწმობა რომ ავიღე, არც კი მომილოცეო, ზვიადმა მისაყვედურა, ანდრომ „ზბორები“ დაამთავრა, სოფელში წავიდა და შენ არც კი იკითხე, როგორ არისო; კიდევ კარგი, ლაზარეს ეძინა, თორემ მისი საყვედურების მოსმენა ყველაზე მეტად მიჭირს. ერთი გოჩამ - ჩემმა ძმამ - გამახარა: ანალიზები გავიკეთე და ყველაფერი კარგად არისო. უკვე ღამის ორის ნახევარია. ხვალ დილით თუშეთში მივდივარ.

9 ივლისი, ოთხშაბათი

ცხრის ნახევარზე უკვე ლისის ტბასთან ვიყავი. იქიდან მივფრინავდით ვერტმფრენით თუშეთში. ჩეხეთის მხარე უკვე იქ დამხვდა. ელჩი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვისთანაც ხელს ვაწერთ მემორანდუმს, და ამ უწყების რამდენიმე წარმომადგენელი. ვიცი, სირცხვილია, მაგრამ თუშეთში აქამდე არ ვიყავი ნამყოფი. საქართველოს ყველა კუთხე მქონდა მოვლილი თუშეთის გარდა. ბიოლოგებს ისედაც კარგი პრაქტიკები გვქონდა. მერე ჯგუფიც კარგი მყავდა და ჩვენი ინიციატივით დავხეტიალობდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ერთხელ, მახსოვს, რაჭაში წასვლა გადავწყვიტეთ. უკვე გვიან იყო და რაჭის ავტობუსს ვერ მივუსწარით. ამიტომ ცხინვალით წავედით. ღამე იქ უნდა გაგვეთია. შვიდი გოგო და ერთი ბიჭი ვიყავით. გვიჭირდა ბიოლოგებს ბიჭები! ცხინვალში რომ ჩავედით, სასტუმროს ძებნა დავიწყეთ. მილიციამ (მაშინ ჯერ კიდევ მილიცია ერქვა) გაგვაჩერა, ვინ ხართო. წაგვიყვანეს სამმართველოში. როცა გაარკვიეს, ვინ ვიყავით და გაიგეს, რომ არ ვიცოდით, სად დავრჩენილიყავით, შვილო, პატრონი არ გყავთო? - გაუკვირდათ. გამოგვყვნენ და იმ დროისთვის საუკეთესო სასტუმროში მიგვიყვანეს. ადგილები არ ჰქონდათ, სპორტსმენებს ელოდებოდნენ. არ გვაინტერესებს, ესენი უნდა დააბინავოთო და დაგვაბინავეს კიდეც. მეორე ღამეს, უკვე რაჭაში, გეოლოგებმა შეგვიფარეს. ეს ის დრო იყო, როცა გეოლოგიური სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ჰქონდა სადამკვირვებლო სადგურები.

მოკლედ, 40 წუთში უკვე თუშეთში, ჩვენი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში ვიყავით. ძალიან ლამაზია მართლაც! მთები, ტყე, კლდეები, ყვავილებით მოქარგული მდელოები, ფერდობებზე შეფენილი პატარა, ქვით მოპირკეთებული სახლები, სივრცე, ციცაბო ფერდობებიდან დაშვებული მდინარეები. ომალო, შენაქო, დართლო, კესელო... ლამაზი თუშური სოფლები, ცხელი პური და გუდის ყველი, ლამაზი ხალხი! ასეთია თუშეთი. თუმცა ყველა მეუბნება, თუშეთის სილამაზე სრულყოფილად რომ შეიგრძნო, მანქანით უნდა ახვიდეო. ხუთი საათი მაინც უნდა ახმეტიდან. მაგის დროც მექნება, ალბათ, როდისმე.

დავათვალიერეთ ჩეხების დახმარებით გაკეთებული ჰელიოდანადგარები, რომელთა საშუალებითაც ელექტროენერგია მიეწოდება მცირე სასტუმროებს, შევხვდით ხალხს. გულს გონ დაიტანე ბალღოო, მოძღვრავდა ერთი კაცი ბავშვს თუშური აქცენტით. რა ლამაზი ნათქვამია! ალბათ, ბევრ მოზრდილსაც არ აწყენდა ასეთი დარიგება.

უკვე 40-მდე პატარა სასტუმროა თუშეთში და ყველა მუშაობს. ჩეხების მთავრობის დახმარებით, ახალ ამბულატორიას ვაშენებთ, ადგილობრივ მოსახლეობას ვეხმარებით ფერმერულ საქმიანობაში, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას. მჯერა, შევძლებთ, ასევე კარგად განვავითაროთ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია, რომელიც ახლახან შევქმენით, და რომლისთვისაც გერმანიამ უკვე გამოგვიყო თანხა.

4 საათზე, ემოციებით დატვირთულები, თბილისში ვიყავით. ექვსზე ეკონომიკური საბჭოს სხდომა იყო. ცოტა რთულია თუშეთის მერე კანცელარიაში ჯდომა, მაგრამ რას ვიზამ? თან ჩვენი საკითხები გადიოდა. ერთ-ერთი ტყის საპილოტე პროექტია ბორჯომ-ბაკურიანში. ეკონომისტები ტყეს ისე უყურებენ, როგორც მხოლოდ ხეების ერთობლიობას. ვკამათობ, ვუხსნი, მაგალითები მომყავს... ალბათ, არც ერთ სხვა სამინისტროს არ სჭირდება იმდენი არგუმენტის მოყვანა თავისი პოზიციის დასაცავად, რამდენიც ჩვენ. მიხარია, რომ, საბოლოოდ, ჩვენი საკითხები მოიწონეს. სამინისტროში რომ დავბრუნდი, უკვე 11-ის ნახევარი იყო. ფოსტა... მერე კი - სახლი.

ისევ შუაღამე იყო, სახლში რომ მივედი და ისევ 2 საათი, როცა დავიძინე. ხვალ, დღის მეორე ნახევარში ბათუმში უნდა წავიდე, მანამდე კი გრძელი სია მაქვს რაც უნდა გავაკეთო.

10 ივლისი, ხუთშაბათი

10-ზე სამსახურში ვარ. ჩვეულებრივი რუტინაა. თან ჩემს სიას მივყვები, თან მანჩო მაყრის ახალ-ახალ საკითხებს. ბათუმში წასვლამდე ანაკლიის პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვის ღონისძიებაა ქარვასლაში და იმასაც უნდა დავესწრო.

მოკლე პრეზენტაცია იყო. გარემოს დაცვის კუთხით ჯერ არ არის შესწავლილი, ამიტომ სათქმელიც არაფერი მაქვს ჟურნალისტებისთვის. 4-ზე უკვე ბათუმისკენ დავიძარი. ისე, მგონი, მართლა გადაფრენა ჯობია ბათუმში. დროც ნაკლები გეხარჯება და თვითმფრინავის ბილეთის ფასიც არა მგონია, ბენზინის ხარჯზე მეტი იყოს. თუმცა, ფრენას მაინც მიწაზე სიარული მირჩევნია. ძალიან გადატვირთული იყო მთელი გზა და ცხრისთვის ძლივს მივედი სასტუმროში. გზაში, თუკი ტელეფონით ვინმესთან რამე შეიძლებოდა გამერკვია, გავარკვიე. ცოტა მეძინა კიდეც. ძილი მუდმივად არ მყოფნის.

9-ზე სასტუმროში ვიყავი. მიღება უკვე მთავრდებოდა.

ეს კვირა ასეთი გამოვიდა: ზღვა, მთა და მღვიმეები მოვინახულე. რა ვქნა, ძალიან მომწონს ეს ქვეყანა! უფრო მეტად კი მიყვარს...

11 ივლისი, პარასკევი

ძლივს გავიღვიძე. ალბათ, სქელი ფარდების ბრალია. 10-ზე დაიწყო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“. ახლა, როცა ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია და მიმდინარეობს რატიფიცირების პროცესი, ასეთი შეხვედრები განსაკუთრებულ და უკვე პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს. რა გვინდა, გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი? ეს არის მთავარი. ეს დოკუმენტი შეიძლება მხოლოდ დოკუმენტად დარჩეს, თუ არ იქნა შესაბამისი ძალისხმევა ყველა მხრიდან. რთული გზა იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიაროთ. მიხარია ეს ხელშეკრულება ძალიან! იმიტომაც მიხარია, რომ გარემოსდაცვითი მოთხოვნაც ბევრია. გვინდა ევროპა? მაშინ, სხვა საკითხებთან ერთად, გარემოსაც უკეთ უნდა მივხედოთ.

შესვენებებზე ბევრი საინტერესო შეხვედრა მქონდა. ავსტრიის ელჩმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ყავაზე მიგვიწვიეს მე და ნინო - ჩემი პირველი მოადგილე და ამავდროულად ჩემი მეგობარი. ნინო 2001 წელს გავიცანი, სამინისტროში რომ დავიწყე მუშაობა. ერთად ბევრი ქარტეხილი გამოვიარეთ, განსაკუთრებით - 2005 წლის შემდეგ. სწორედ ამან დაგვაახლოვა. ადამიანი, რომელიც ისეთივე სიმძაფრით აღიქვამს უცხო ადამიანის მიმართ უსამართლო მოპყრობას, როგორც საკუთარი თავის მიმართ და თავის კეთილდღეობას არ დაეძებს მის დასაცავად, ძალიან ცოტაა ალბათ. ყოველ შემთხვევაში, მე ბევრს არ ვიცნობ.

მოკლედ, სექტემბერში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება საქართველოში. ძალიან ახალგაზრდა მინისტრი ჰყოლიათ - 27 წლის. ავსტრიის მხარემ ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მაგალითად გარემოს დაცვის სფერო შეარჩია. ვმსჯელობდით, რა ვაჩვენოთ ავსტრიის მთავრობის დახმარებით გაკეთებული, რომელიც თბილისთანაც ახლოა, თვალსაჩინოც, საინტერესოც. ალბათ, მაინც ბორჯომის ტყეების აღდგენის პროექტი, რომელიც შარშან დავიწყეთ და რომელშიც ავსტრიული დახმარებაცაა. თუ დედოფლისწყაროს ქარსაცავები? ეს ცოტა უფრო შორსაა. იქნებ დაცული ტერიტორიები? უნდა მოვიფიქროთ და შევატყობინოთ. ძალიან მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა, რადგან ენთუზიაზმს და საქმისადმი თავდადებას ვხედავო, გვეუბნება ელჩი. მიხარია, ამას რომ ხედავს ვიღაც. მერე ევროკავშირს ველაპარაკე, ჰოლანდიის, უნგრეთის, ლიტვის, ბულგარეთის, ფინეთის ელჩებსაც შევხვდი.

პანელებიც საინტერესო იყო, ძალიან ინტენსიური. უფრო გვიან დამთავრდა, ვიდრე დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული. საღამოს კი სადილი გვქონდა. ნომერში რომ ავბრუნდი, ჩვენმა პიარმა დამირეკა, გადაცემა „რეაქციაში“ ბატონმა კუბლაშვილმა ირონიულად მოიხსენია სამი მილიონი მავნებლის განადგურებაო. საუბარია ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზოგიერთ საქმიანობაზე, რომელიც ბროშურად გამოიცა და სადაც ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ საქმიანობად ტყეების მკურნალობის დაწყება და განადგურებული მწერების რაოდენობა იყო მითითებული. არ ვიცი, შეიძლება პიარულად ეს სერიოზულად არ გამოიყურებოდეს და ჯობდა ამ მწერების განადგურებით გადარჩენილი ხეების რაოდენობა მიგვეთითებინა. ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მაინც მიკვირს: 30 წელი სახელმწიფოს დაავადებული ტყეებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ეს რომ დავიწყეთ, გახარების ნაცვლად, ისეთი აქცენტი კეთდება, რომ ეს არასერიოზულად გამოჩნდეს. ვიცინო თუ ვიტირო, აღარ ვიცი. თან ერთიც არის: ამის თქმა, რომ გათენდებოდა, მერეც ხომ შეიძლებოდა?

ცუდ გუნებაზე დავდექი. განა იმიტომ, რომ ვიღაცამ გაგვაკრიტიკა. არა! იმიტომ, რომ მუდამ სხვის თვალში ვეძებთ ბეწვს და საკუთარში დირეს ვერ ვამჩნევთ. ნეტავ ეს ადამიანს ახასიათებს, ზოგადად, თუ ქართველებს?

ძალიან დიდხანს აღარ დამეძინა...

12 ივლისი, შაბათი

დილის 8 საათზე მობილურის ზარმა გამაღვიძა. ლაზარე იყო. დედიკო, განა მართლა გაგებუტე (გუშინ მითხრა, ახლავე თუ არ მოხვალ, გაგებუტებიო), მოდი, გელოდებიო. მერე რაღაცებს მომიყვა მანქანებზე: ასე დავალაგე, ისე დავალაგეო. გიჟდება მანქანებზე! სულ ამაზე ლაპარაკობს.

ვისაუზმე და სასტუმროდან გამოვედი. დღეს არჩევნების მეორე ტურია და დროულად უნდა ჩავიდე თბილისში. არჩევნებში ყოველთვის ვმონაწილეობდი ხოლმე. ასე მგონია, თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი არ გაქვს, აუცილებლად უნდა წახვიდე და შენი პოზიცია დააფიქსირო. ეს ხომ ძალიან ადვილია. მით უმეტეს ახლა, როცა მართლა თავისუფალი ხარ არჩევანში. ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება მოსახლეობის აქტიურობა. ახლა ამ დღიურს მანქანაში, თბილისისკენ გზაზე ვწერ და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალი მეცოდინება.

...ხმაც მივეცი და ახლა „ქართული ოცნების“ ოფისში მივდივარ. ჩემს რჩეულს კი წარმატებას, გამძლეობას, სიმართლით სიარულს, გამბედაობას, სიმშვიდეს და „გულ-გონით“ მუშაობას ვუსურვებ!

XS
SM
MD
LG