Accessibility links

logo-print

მერი დავით ნარმანია თბილისის ცენტრში, ზალდასტანიშვილის ქუჩზე, 21 ხის მოჭრას გამოეხმაურა. 19 აგვისტოს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ მშენებელმა კომპანიამ ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვა ბოროტად გამოიყენა და მათი საქციელი დაისჯება. ამ ამბავს გამოეხმაურნენ პარტიზანი მებაღეები და გარემოს დამცველი სხვა აქტივისტები. რა მდგომარეობაა ქალაქში ამ კუთხით, იყო თუ არა მსგავსი შემთხვევები ადრე და რას აკეთებს თბილისის მერია თბილისში სიმწვანის შესანარჩუნებლად?

მთაწმინდაზე, ზალდასტანიშვილის 19 ნომერში, ფიჭვის 21 საღი ხე მოიჭრა. თბილისის მერის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა დაწყებულიყო და მშენებლებს მიღებული ჰქონდათ ხმელი და ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, რაც მათ არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს:

„ეს იყო თვალთმაქცობა, მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობა, რაც არავის ეპატიება. ჩვენ გავეცით მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა საღი ხეები მოიჭრა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 19 აგვისტოს დილით გამართულ შეხვედრაზე და დასძინა, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს:

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

„ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა დაისჯება ძალიან მკაცრად“.

ხეების ჭრას ზალდასტანიშვილის ქუჩაზე კერ კიდევ 18 აგვისტოს აპროტესტებდნენ პარტიზანი მებაღეები. როგორც ერთ-ერთი მათგანი, ნატა ფერაძე, ამბობს, ეს არ არის ხეების ჭრის პირველი შემთხვევა თბილისში და, მართალია, მერია დღეს სწორად რეაგირებს, მაგრამ მწვანე საფრის განადგურების აღსაკვეთად ეს საკმარისი არ არის:

„ინვესტორს, უმეტეს შემთხვევაში, უღირს ხეების მოჭრა და შემდეგ ჯარიმის გადახდა, რადგან ის ადგილი სამშენებლოდ მოთავისუფლებული აქვს. იმ ადგილის მეპატრონეს უნდა დაევალოს ახალი ხეების დარგვა და გახარება. მაშინ მას აღარ ექნება ხეების მოჭრის ინტერესი, რადგან სამშენებლოდ ადგილს ვერ გაითავისუფლებს. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი გამოსავალია“.

გარდა ხეების გაჩეხისა, ნატა ფერაძე ამბობს, ზალდასტანიშვილის 19 ნომერში კიდევ ერთი პრობლემააო: ეს ადგილი ძველი თბილისის ისტორიული ნაწილია და მშენებლობა, რომელიც იქ იგეგმება, დაუშვებელია, რადგან

21 ხე გაჩეხეს შუაგულ ქალაქში, მთაწმინდის ფერდობზე, და ვითომც არაფერი. ახლა გაიღვიძა მერიამ. თან, არ ვიცი, ამ ტექსტებს ვინ ჰკარნახობს ნარმანიას. თქვა, „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხეები მოჭრეს მთწმინდაზეო“...

„ფერდობზე ასეთი კორპუსების აშენება უბნის აირაციას, პანორამას, ინფრასტრუქტურას ტვირთავს“.

ხეების მოჭრას და მერიის განცხადებას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილიც. ის ამბობს, რომ მას მოსახლეობა ჯერ კიდევ პარასკევს, 14 აგვისტოს, ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ხეებს ჭრიდნენ, თუმცა მერიის ცხელი ხაზი არ რეაგირებდა. ალეკო ელისაშვილის ვარაუდით, რომ არა ფეისბუკზე ატეხილი აჟიოტაჟი, ხეების გაჩეხას არავინ გამოეხმაურებოდა:

„21 ხე გაჩეხეს შუაგულ ქალაქში, მთაწმინდის ფერდობზე, და ვითომც არაფერი. ახლა გაიღვიძა მერიამ. თან, არ ვიცი, ამ ტექსტებს ვინ ჰკარნახობს ნარმანიას. თქვა, „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხეები მოჭრეს მთწმინდაზეო“. რას ნიშნავს „ვრცელდება ინფორმაცია“? ამაზე მეტი საქმე რა გაქვს, მილიონი ხე უნდა დავრგოო, რომ ამბობდი?! აქვეა, მიდი, ადგილზე ნახე და იქ გააკეთე ეს კომენტარი“.

ალექსანდრე ელისაშვილის შეფასებით, ხეები ქალაქში იმიტომ იჩეხება, რომ დამნაშავეებს არავინ სჯის. ის იხსენებს რამდენიმე თვის წინ თამარაშვილის ქუჩაზე ხეების გაჩეხასაც, რის გამოც, მისი თქმით, პასუხი არავის მოეთხოვა. თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვარაუდობს, რომ ზალდასტანიშვილის ქუჩის შემთხვევაშიც იგივე განმეორდება და, მერის განცხადების მიუხედავად, ხეების მოჭრის გამო არავინ დაისჯება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG