Accessibility links

ხელახლა აღმართული მინარეთი ჭელაში


მეჩეთი მინარეთის მოხსნამდე, სოფელი ჭელა

მეჩეთი მინარეთის მოხსნამდე, სოფელი ჭელა

მინარეთი 28 ნოემბერს, გვიან ღამით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეორედ აღიმართა. მუსლიმი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად გვიან ღამემდე მუშაობდა. სოფლის შესასვლელებსა და მეჩეთთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მინარეთის მონტაჟის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებს ძალოვანებმა სოფელში შესვლის უფლება არ მისცეს. ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე იმედოვნებს, რომ ხელახლა აღმართული მინარეთი ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

მინარეთის დასადგმელად სამუშაოები ღამის 11 საათიდან დაიწყო. ჭელაში ამბობენ, რომ ამის შესახებ მათაც მხოლოდ ახლა შეიტყვეს, თუმცა მინარეთი რომ აღიმართებოდა, ეს იცოდნენ, რადგან დაპირება ყოფილი პრემიერისგან მიიღეს. ადგილობრივი მუსლიმი თემი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ირწმუნება, რომ დაპირებას თავადაც შეასრულებენ და მინარეთიდან მოძახილი ქრისტიან მრევლს არ შეაწუხებს.

28 ნოემბერს მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა დეკანოზი დავით ისაკაძე მრევლთან ერთად. მართლმადიდებელმა მოძღვარმა სავედრებელი პარაკლისი აღავლინა და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თურქული ექსპანსია უწოდა. სავედრებელი პარაკლისი სოფელ ჭელაში, მეჩეთის გვერდით, დღესაც აღევლინა.

სოფელ ჭელაში 55-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქედან 15 ოჯახი რაჭიდან გადმოსახლებული ქრისტიანი მოსახლეა. მესამე წელია სოფელში წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი შენდება. მშენებლობაში მონაწილეობს ბერდია ქაფიანიძე. მისი განმარტებით, მინარეთის ხელახლა აღმართვა ქვეყანაში უკუშედეგს გამოიწვევს.

ჭელაში აღმართული მინარეთი დემოკრატიის მაგალითია საქართველოს მუფთისთვის. ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ მინარეთის თანხლებით მეჩეთში მას შემდეგ ილოცებენ, როცა დაზიანებული ადგილები შეკეთდება. რაც შეეხება საზეიმო ლოცვას, იგი მხოლოდ მას შემდეგ აღევლინება, როცა საქართველოს ტაო-კლარჯეთი, აფხაზეთი და სამაჩაბლო შემოუერთდება.

სოფელ ჭელაში მინარეთის ხელახლა დადგმის შესახებ ნებართვა მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27 ნოემბერს გასცა - მას შემდეგ, რაც რეინტეგრაციის სამინისტროს იურისტების დახმარებით მუსლიმმა თემმა დოკუმენტაცია მოაწესრიგა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის“ რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე ზეწოლაში დაადანაშაულა. პირველად მინარეთი 26 აგვისტოს აღიმართა, რასაც მართლმადიდებელი მრევლის პროტესტი მოჰყვა. შემოსავლების სამსახურმა მისი დემონტაჟი რამდენიმე დღეში განახორციელა. მართლმადიდებლები მინარეთის ხელახლა აღმართვას ისევ აპროტესტებენ და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას რეფერენდუმის გზით ითხოვენ.
XS
SM
MD
LG