Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ეროვნული ბანკის დასუსტებაზე უარს არ ამბობს


ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის დასუსტებისკენ საკანონმდებლო ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გასული კვირა მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლით დასრულდა: შაბათს პარლამენტმა, 78 ხმით ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კენჭი ეყარა გამომდინარე პროექტებსაც.
ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის, ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესს და მისი ხელმძღვანელის არჩევას.

გუშინვე მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სპეციალურ მიმართვაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევდა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქცია არ გამოეყო.

"ჩვენ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართეთ ერთობლივი წერილით, სადაც ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ თუკი აუცილებელია ცვლილება კანონში, ახალი საბანკო საზედამხედველო სამსახურის დამოუკიდებლობა უნდა იქნეს შენარჩუნებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ავალდებულებს მას უზრუნველყოს ამ დაწესებულებების დამოუკიდებლობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ჰენრი კერალიმ. მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა ისიც, რომ თუკი ცვლილებები განხორციელდება, ეს სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს.

საერთაშორისო დონორების წვლილზე ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებითი როლის შესაქმნელად, ალბათ, საინტერესო იქნება გადაეხედოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2015 წელს საერთაშორისო დონორების გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 690 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი, საიდანაც 100 მილიონი ლარი გრანტია. მათ შორის სწორედ ზემოთ მოხსენიებული 4 საფინანსო ინსტიტუტია წამყვანი დამფინანსებელი.

ასევე სწორედ ეს ინსტიტუტებია იმ ფინანსების წყარო, რომელსაც ქართული საბანკო სექტორი მოიხმარს და მის ფინანსურ სტაბილურობასა და საკრედიტო ხაზების ხელმისაწვდომობაში არცთუ უკანაკნელ როლს თამაშობს.

ხოლო მინიშნება ასოცირების ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე მოწმობს იმასაც, რომ შენიშვნა პრინციპულია და, საკითხის ეკონომიკური შემადგენლის გარდა, ქვეყნის აღიარებულ პოლიტიკურ კურსსაც ეწინააღმდეგება.

ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არ გაეზიარებინა საქართველოს უმსხვილესი დონორების პოზიცია, ასევე საქართველოს ბანკებისა და ბიზნესის ასოციაციების პოზიცია, დაერღვია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დაჰპირისპირებოდა საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას და ერთსულოვნად მიეღო ცვლილებები.

წინასწარი მოლოდინის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს, მისი საბოლოოდ მიღების შემდეგ, ვეტოს დაადებს.

ასევე წინასწარი მოლოდინით, პარლამენტი ვეტოს დაძლევს.

გადაწყვეტილების შედეგების შეფასება კი, სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოდან გახდება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG