Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელმიუწვდომელი საჯარო ინფორმაცია


გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიის წინ ნაჩვენებ იქნა სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ფილმი „მოგვეცით საჯარო ინფორმაცია“. ეს არის ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ უჭირთ მედიასაშუალებებს - განსაკუთრებით კი რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს - საჯარო ინფორმაციის მოპოვება. ფილმში დასახელებულია ის უწყებები, საიდანაც ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ესენია თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები. ფილმი 2 წლის წინ არის გადაღებული, სტუდია „მონიტორის“ წარმომადგენლები კი გორში იმის გასარკვევად ჩამოვიდნენ, თუ რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, თუ რა ბარიერებს აწყდებიან საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობაში.

გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა შიდა ქართლის რაიონების მუნიციპალიტეტები საჯარო ინფორმაციის მიღების კუთხით ცალ-ცალკე დაახასიათა. მისი თქმით, ხაშურის გამგეობიდან ინფორმაციის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს, კასპსა და ქარელში კი გარკვეული ბარიერების გადალახვა უწევს. გარდა ამისა, წიწიკაშვილი აღნიშნავს, რომ ხშირია ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. მან ბოლო ინციდენტი გაიხსენა, როცა ოფისის აივნიდან პოლიციის აღლუმს იღებდა და ერთ-ერთმა სამართალდამცავმა, რომელიც მის ოფისში შევიდა, გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა. ოფისში მყოფი ჟურნალისტების მიერ ამ ფაქტზე ახსნა-განმარტება სახალხო დამცველს უკვე გაეგზავნა.

გაზეთ „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის მიღება უფრო მარტივი გახდა, რადგან ყველა დოკუმენტი გერმანული ორგანიზაციის (GTZT) მიერ პირველ სართულზე მოწყობილ კანცელარიაში იყრის თავს და ბარიერიც თითქმის მოხსნილია, მაგრამ, ამის მიუხედავად, გაზეთის ჟურნალისტებს კონკრეტული პირებისგან კომენტარის მიღება უჭირთ.

დისკუსიის დროს სტუმრებმაც და მასპინძლებმაც საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე ისაუბრეს. ცოტა ხნის წინ კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა “ხალხის გაზეთის” ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს და კატეგორიულად მოითხოვეს დასახლება დაეტოვებინათ. ადგილობრივ ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწევს. ამჟამად ასოციაცია აწარმოებს სისხლის სამართლის 4 საქმეს, რომლებიც ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება. შეხვედრის დასასრულს სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა განაცხადა, რომ მზადდება კიდევ ერთი ჟურნალისტური გამოძიება ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტური სოლიდარობისა და მედიაგაერთიანებების ძალისხმევით ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება მედიაგარემო.

სტუდია „მონიტორი“ საჯარო დისკუსიებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს, ჟურნალისტი ცქრიალა შერმადინი კი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე მალე ახალი ფილმის გადაღებას დაიწყებს.
XS
SM
MD
LG