Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გაიფიცა


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ახალი დირექტორის არჩევას აპროტესტებენ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ აპირებენ გაფიცვის შეწყვეტას.

დახურულია საცავები, დახურულია სამკითხველო დარბაზები, კარია გამოკეტილი საგამოფენო დარბაზში, ყველა აქტივობა, რომელიც გულისხმობს გარესამყაროსთან კავშირს, შეჩერებულია - ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრია. ცენტრის ყველა, ანუ 110, თანამშრომელი 18 მაისის დილას გაიფიცა. მათ შორისაა ნესტან ჩხიკვაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, რომელიც 33 წელია ამ დაწესებულებაში მუშაობს. მისი თქმით, სამეცნიერო საზოგადოება ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ცენტრის მმართველმა ორგანომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მათთან ყოველგვარ კონტაქტზე უარი განაცხადა და ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვა უპასუხოდ დატოვა როგორც ცენტრის სამომავლო ადგილსამყოფელის, ისე ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე:

„როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებისადმი დაქვემდებარებული დაწესებულების თანამშრომელი, სწორედ მაკონტროლებელ ორგანოს ვთხოვ, მოისმინეთ იმ ადამიანების აზრი, რომელთა მართვაც თქვენ გევალებათ. იქნება ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და ამ განძთა საცავის მდებარეობა, მუშაობის რეჟიმი თუ სხვა მიმართულებების განსაზღვრა, ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეუთანხმდეს ამ დარგის სპეციალისტებს“, - ამბობს ნესტან ჩხიკვაძე.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ღია პროტესტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ მას შემდეგ გამოხატეს, რაც აპრილის ბოლოს სამინისტრომ ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა და ცენტრის უკვე ყოფილ დირექტორს, ბუბა კუდავას, კონკურსში მონაწილეობის მიღება ურჩია. კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე კი სამინისტროში შექმნილმა ცხრაკაციანმა კომისიამ 11 კანდიდატიდან, რომელთა შორის ბუბა კუდავაც იყო, არჩევანი ისტორიკოს ზაზა აბაშიძეზე შეაჩერა, რომლის დამტკიცებაც ამჯერად პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. თუმცა, როგორც ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, მხოლოდ დირექტორის შეცვლა არ ყოფილა მათი პროტესტის მიზეზი. ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზგასმით ამბობენ, რომ არ სურთ მათი პროტესტი კონკრეტულ გვარ-სახელებს დაუკავშირდეს. გოგა გაგნიძე, ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ მოთხოვნების შესახებ ლაპარაკობს, რომელიც მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ აქვთ:

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 110-ვე თანამშრომელი არ ეთანხმება კომისიის წევრების გადაწყვეტილებას. მოვითხოვთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის და სამეცნიერო საბჭოსთვის დირექტორის არჩევის უფლების დაბრუნებას და მაკონტროლებელი ორგანოს შეცვლას“.

​ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროტესტს ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელიც აბსურდულად მიიჩნევს განცხადებას, თითქოს ახალი დირექტორი ტენდენციურად იქნა არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ 18 მაისის დილას ახლად შერჩეული დირექტორი სამსახურში არ მივიდა, თამარ სანიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ ზაზა აბაშიძე უახლოეს მომავალში შეუდგება მუშაობას.

„ერთი შეკითხვა მინდა დავსვა: როგორ ფიქრობთ, ბატონ ზაზა აბაშიძეს სჭირდებოდა ჩემი პროტექცია კომისიის წევრებთან იმისათვის, რომ მოეპოვებინა მათი ხმები?“

თანამშრომლები თავად ირჩევდნენ ცენტრის დირექტორს. რა თქმა უნდა, სხვასაც შეეძლო შემოეტანა განაცხადი, მაგრამ არჩევანის უფლება თავად ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ. თუკი ადრე შეიძლებოდა ეს, ახლა რა შეიცვალა?...
ზაზა ალექსიძე

ზაზა ალექსიძე, მეცნიერი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია დირექტორს კვლავაც დაწესებულების ფარგლებში ირჩევდნენ, როგორც ეს 2011 წლამდე ხდებოდა. ის ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატიული პროცესი:

„თანამშრომლები თავად ირჩევდნენ ცენტრის დირექტორს. რა თქმა უნდა, სხვასაც შეეძლო შემოეტანა განაცხადი, მაგრამ არჩევანის უფლება თავად ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ. თუკი ადრე შეიძლებოდა ეს, ახლა რა შეიცვალა?“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მიუთითებენ, ეს ცენტრის სამომავლო ადგილსამყოფელის განსაზღვრაა. რამდენიმე წელია ცენტრის თანამშრომლები პერმანენტულად ითხოვენ ცენტრის ადგილსამყოფელის შეცვლას და ცენტრში თავმოყრილი უნიკალური კოლექციისათვის სათანადო საცავის აშენებას. გოგა გაგნიძის თქმით, ხელნაწერთა ცენტრმა მაკონტროლებელ ორგანოს მათთვის მისაღები ადგილმდებარეობის შესახებ შეატყობინა კიდეც, მაგრამ მათი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა. გოგა გაგნიძის თქმით, სამინისტრო ცენტრის გადატანას სამების ეკლესიის ტერიტორიაზე აპირებს, რაც ცენტრის თანამშრომლებისთვის მიუღებელია:

„ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ქართულ ეკლესიასთან, პირიქით, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი ცენტრის უშუალოდ გალავნის შიგნით მოქცევას, ეს დააკნინებს ჩვენს ინსტიტუტს, მოაქცევს გარკვეულ ჩრდილში და აქ უკვე საუბარი ზედმეტია მომავალ განვითარებაზე. ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატივა, - მცხეთის მიმდებარე ტერიტორია, ე. წ. თეატრონი, - თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა“.

ცენტრის თანამშრომლების თქმით, პრობლემას წარმოადგენს არაადეკვატურად მცირე ბიუჯეტი და თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურებაც. თუმცა, ამის საპასუხოდ, თამარ სანიკიძე ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს ლაპარაკობდა ცენტრის ხელმძღვანელობის მიერ ბიუჯეტის კანონის შეუსაბამოდ გადანაწილებაზე. გოგა გაგნიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული აუტიდის დასკვნაში, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, არ მოიძებნება არგუმენტირებული დასაბუთება იმისა, რომ ეროვნულ ცენტრში თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა. მისივე თქმით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აუდიტის დასკვნის საპასუხოდ წარადგენს დეტალურ განმარტებას, თუ სად და რა მიზნით დაიხარჯა ბიუჯეტის თითოეული თეთრი, დოკუმენტის შინაარსი კი საზოგადოებისათვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG