Accessibility links

გორელების დიდ ნაწილს წუხელის არ ეძინა. ისინი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოლიმპიურ ოქროს ზეიმობდნენ. ფოიერვერკი, ქუჩებში გამოსული მანქანები, საყვირები, ხმაური და მილოცვებით ურთიერთგადაძახილი. მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა რიო-დე-ჟანეიროს არენაზე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

გორელებმა ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე თეატრის სკვერში დაიწყეს შეკრება, ლადოს მეზობლებმა კი ეზოში ტელევიზორი ჩამოიტანეს და იქვე სახელდახელო სუფრაც გაშალეს. სკვერში დიდ მონიტორთან შეკრებილი გულშემატკივრები 4 წლის წინ ლონდონის არენაზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს იხსენებდნენ, რომელიც ოქროს ტოლფასი იყო. რომ არა მსაჯების შეცდომა, ხინჩეგაშვილი ახლა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდა. რიო-დე-ჟანეიროს ხალიჩაზე კი მან შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და დაძაბულ ორთაბრძოლაში იაპონელი მოჭიდავე რეი ჰიგუჩი დაამარცხა. ამ დროს გორელების ემოციამ პიკს მიაღწია.

ზეიმი დაიწყო ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მშობლიურ წყაროს უბანშიც, სადაც მისი მეზობლები, ნათესავები და მეგობრები დაჯილდოების ცერემონიალს სიხარულით უყურებდნენ და საქართველოს ჰიმნს ასრულებდნენ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ეს გამარჯვება მამის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც ასევე მოჭიდავე იყო. მისი გარდაცვალებისას ლადო 9 წლის შესრულდა. მას შემდეგ იგი გორის საჭიდაო სკოლაში თავისუფალ ჭიდაობაზე მივიდა და ვარჯიში მამის მწვრთნელთან, ნუგზარ სხირელთან, დაიწყო. დიდი ნებისყოფისა და შრომის საფასურად ის დღევანდელ დღემდე მოვიდა და 25 წლის ასაკში სპორტში ყველა ტიტული მოიპოვა. ხინჩეგაშვილის მეგობრების ერთი ნაწილი სოფელ ნადარბაზევში ლადოს პაპასთან ჩავიდა და შვილიშვილის წარმატება მიულოცა. გიგო ხინჩეგაშვილი ცრემლებს ვერ იკავებდა.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი - მეექვსე მედალი. საქართველოს ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოუტანეს, ვერცხლის მედალი - ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ხოლო ბრინჯაოს მედლები - ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG