Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაური გორის საკრებულოში


 გორის საკრებულოს სხდომა
გორის საკრებულოს სხდომა

გორის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დიდხანს ასე გაგრძელდა. საკრებულოს წევრების ერთი ნაწილის პროტესტს საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სხდომაზე ერთი და იმავე საკითხების შეტანა იწვევს.

საკრებულოს უმრავლესობამ უკვე მესამედ ჩააგდო ოქრუაშვილის ინიცირებული საკითხები. დეპუტატების აზრით, იგი პოპულიზმით არის დაკავებული. რამდენიმე დეპუტატმა სხდომაზე განაცხადა, რომ კენჭისყრებში მონაწილეობას არ მიიღებდა, რადგან შემოტანილი საკითხების ნაწილი სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო, პრობლემების ნაწილზე კი მერია ისედაც მუშაობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მინდია გოდერძიშვილს მიაჩნია, რომ უსაფუძვლო კამათი და კინკლაობა საკრებულოში უნდა დასრულდეს, ამისთვის კი საჭიროა სხდომაზე დაუსაბუთებელი საკითხები არ შემოდიოდეს.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილება, რომელიც სამი თვით კრძალავს უკვე ჩავარდნილი საკითხის დღის წესრიგში დაუსაბუთებლად ხელმეორედ შეტანას. „ეროვნული ფორუმის“ წევრი პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ ეს ცვლილება საჭირო გახდა იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომელიც ოქრუაშვილმა ბოლო სამი თვის განმავლობაში დაამკვიდრა. ოქრუაშვილის გუნდის წევრი ლერი ლაფაჩი კი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრების უმრავლესობა ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებს. მისი აზრით, „ქართული პარტიის“ ლიდერის მიერ შეტანილი საკითხები დაუსაბუთებელი არ ყოფილა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ თედლიაშვილი პროტესტის ნიშნად სხდომებს არ ესწრება, მას ბოიკოტი აქვს გამოცხადებული და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. იგი პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონალურ ლიდერს გიორგი თოთლაძეს მოუწოდებს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს.

დაახლოებით ერთი თვის წინ საკრებულოს წევრების ერთი ჯგუფი, 7 კაცის შემადგენლობით, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ სამმა მათგანმა მოგვიანებით საკუთარი ხელმოწერა იმ მოტივით გაიწვია, რომ იმპიჩმენტის მომხრე მერვე კაცის მოძებნა ვერ ხერხდებოდა. გორის 15-კაციან საკრებულოში იმპიჩმენტის განსახორციელებლად 8 ხმაა საჭირო. პარტია „ქართული ოცნების“ 4-კაციანი ფრაქცია, უნდობლობის პროცედურებში მონაწილეობის მიღებისგან თავს იკავებს, თუმცა ოქრუაშვილის მიერ ინიცირებულ საკითხებს ხმას არ აძლევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG