Accessibility links

logo-print

ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერს ემუქრება - ხმაურიანი საკრებულოს სხდომა გორში


ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოში

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოში

„გორის მერი ან ქალაქში გავა და იმუშავებს, ან მისი თავი გაგორდება“ - ეს განცხადება გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკრებულოს უმრავლესობამ მის მიერ ინიცირებული საკითხი ჩააგდო.

გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ოქრუაშვილს მშვიდად უპასუხა და განაცხადა, რომ მის მიერ ინიცირებული საკითხი არაკანონიერი იყო, რადგან რეკრეაციულ ზონაში ბაზრის მოწყობა დაუშვებელია.

გორის საკრებულოს სხდომაზე ხმაური ახალი ბაზრის მოწყობის საკითხმა გამოიწვია. სხდომას ბაზრის მოვაჭრეებიც ესწრებოდნენ. ოქრუაშვილის ინიციატივით, ახალი ბაზარი ქალაქის ცენტრში, კულტურის ძეგლის „ლომჭაბუკისა“ და გორის ციხის ძირში უნდა მოწყობილიყო, რაზეც ქალაქის მერი და საკრებულოს წევრების ერთი ნაწილი არ დათანხმდა. ვითარება საკრებულოს წევრებსა და მოვაჭრეებს შორის იმდენად დაიძაბა, რომ საკრებულოს წევრებმა საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნეს. დეპუტატები და მოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მინდია გოდერძიშვილმა დღევანდელ სხდომას თოჯინების თეატრი უწოდა და პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოქრუაშვილის ინიციატივას თავისუფალი დემოკრატებიც ეწინააღმდეგებოდნენ. დავით წეწვაძის აზრით, ბაზრის პრობლემები რამდენიმე წლის წინ სწორედ ოქრუაშვილმა და მისმა მეგობრებმა შექმნეს, როცა კანონიერ მფლობელებს ობიექტი წაართვეს.

არანაკლებ საინტერესო იყო მრჩევლის კიდევ ერთი ინიციატივა, გორის საბავშვო ბაღებში სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოსული ბავშვების დაფინანსების ამოღების თაობაზე. ოქრუაშვილის აზრით, ეს ბავშვები იმ მუნიციპალიტეტებმა უნდა დააფინანსონ, სადაც ისინი რეგისტრირებულები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ბავშვებს ქალაქის ბაღების დატოვება მოუწევთ. ამ საკითხს ქალაქის მერი და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეწინააღმდეგებოდნენ. ნინო ბერიანიძის აზრით, აღნიშნული განკარგულების პროექტი ბავშვთა უფლებებს არღვევს. საკრებულომ ოქრუაშვილის ეს ინიციატივაც ჩააგდო.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამარ თედლიაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილმა დღეს საკრებულოში შოუ მოაწყო და კანონსაწინააღმდეგო ინიციატივებით ხალხის მანიპულირებას ცდილობს.

გორის საკრებულოში ხმაური არ დასრულდება, ყოველი ახალი სხდომა უფრო საინტერესო და ცოცხალი იქნებაო, - განაცხადა ოქრუაშვილმა, თუმცა ამავე სხდომაზე აღმოჩნდა, რომ მისი პარტიის კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ იმპიჩმენტის შემდეგ მიღწეული ალიანსი თანამდებობების გადანაწილების შესახებ არც ისე მყარი ყოფილა - სწორედ კოალიციის წევრებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა ჩააგდეს მისი ინიციატივა. ახლა საზოგადოება იმაზე მსჯელობს, ვისი თავი უფრო ადრე გაგორდება - ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის, თუ საკრებულოს თავმჯდომარისა და, შესაბამისად, მისი მრჩევლის, ირაკლი ოქრუაშვილის. დღეს ოქრუაშვილმა მერის წინააღმდეგ ღიად დაიწყო შეტევა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG