Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულო ხმაურის წინააღმდეგ


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულო ხმაურის დასაშვები ნორმების თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს. კანონპროექტის თანახმად, დილის 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 40 დეციბელის ფარგლებში, ხოლო 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე - 30 დეციბელის ფარგლებში. დადგენილი ნორმების დაცვას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს, დამრღვევი კი დაჯარიმდება. თუმცა კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტთან დაკავშირებით შენიშვნები თავად პროექტის ინიციატორებს აქვთ.

თბილისის საკრებულო 2 თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ხმაურთან დაკავშირებული წესების მისაღებადო, განაცხადა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ. მისი განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე მზად არის და ის მოსახლეობასთან აქტიური კონსულტაციით შემუშავდა. თედო კობახიძის თქმით, კანონპროექტი საჯარიმო სანქციებს დაადგენს, კანონის აღსრულებაზე კი 1 ოქტომბრიდან საპატრულო პოლიცია იზრუნებს.

„საპატრულო პოლიცია იქნება ხმაურმზომებით აღჭურვილი, რომელიც გაზომავს დეციბელებს. ამ შემთხვევაში საუბარია დღის საათებში, ანუ დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე, 40 დეციბელზე, ხოლო საღამოს საათებში - საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე - 30 დეციბელზე. თუ აღნიშნულ ნორმებს გადასცდება, ფიზიკური პირი დღის საათებში დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი -500 ლარის ოდენობის ჯარიმით, საღამოს საათებში კი ფიზიუკრი პირი - 300 ლარის ოდენობის ჯარიმით,იურიდიული პირი - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმით“.

მაგალითად, პატრული რომ გამოძახების ადგილზე მივა, მან უნდა დაადგინოს, გაუარესდა თუ არა ადამიანის სოციალური მდგომარეობა ხმაურის შედეგად. როგორ უნდა განსაზღვროს, გამდიდრდა თუ გაღარიბდა ადამიანი, პატრულმა? ...
ალეკო ელისაშვილი

აქვე განვმარტოთ, რომ, მაგალითად, 30 დეციბელი დაახლოებით ჩურჩულის ტოლფასია, 40-60 კი წყნარ საუბარს შეესაბამება. მანქანის ძრავის ხმა 70-80 დეციბელია.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი თბილისის საკრებულოში საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი იყო.მისი თქმით, ეს საკითხები კანონით იყომოსაგვარებელი, მაგრამ ალეკო ელისაშვილისთვის „გულდასაწყვეტია“ კანონპროექტის იმ სახით გადაგზავნა, რა სახითაც საკრებულომ ის მერიას გადაუგზავნა. ეს არის ნახევრად გაკეთებული საქმეო, ამბობს ის,ვინაიდან კანონში არაფერია ნათქვამი, მაგალითად, ფოიერვერკების გამოყენების ან მათი შენახვის წესთან დაკავშირებით, რაც ასევე მოსაგვარებელი საკითხი იყოო. ალეკო ელისაშვილს დაჯარიმების წესთან დაკავშირებითაც აქვს შენიშვნა:

„ფოიერვერკებთან დაკავშირებით კანონპროექტში არაფერია ნათქვამი, არადა, ეს სერიოზული პრობლემაა, ჯერ მარტო მათი შენახვის წესია დასადგენი. ასევე კანონპროექტის ფორმულირება არის ძალიან გაუგებარი და არამკაფიო. იქ არის ნათქვამი, რომ, მაგალითად, პატრული რომ გამოძახების ადგილზე მივა, მან უნდა დაადგინოს, გაუარესდა თუ არა ადამიანის სოციალური მდგომარეობა ხმაურის შედეგად. როგორ უნდა განსაზღვროს, გამდიდრდა თუ გაღარიბდა ადამიანი, პატრულმა? ასევე მე მიმაჩნია, რომ ადამიანი პირველ ჯერზე უნდა გააფრთხილონ და ამის შემდეგ თუ გაიმეორებს, მაშინ უნდა დაიწყოს საჯარიმო სანქციის გამოყენება. ეს ჩაინიშნეს, მაგრამ კანონპროექტში ასახული არ არის“.

აბსოლუტურად ყოველ ღამით ისმის ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკის ხმაური, მთელი სახლი რიტმულად ზანზარებს. აბა, როგორი დასაძინებელია ამ პირობებში?!.. ბევრჯერ მიმართეს მეზობლებმა ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს. პატრულს იძახებენ ლამის ყოველ ღამით, რომ ვეღარ იძინებს ხალხი...

ალეკო ელისაშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობისას საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ გულგრილობა გამოიჩინა.

ხმაურის მარეგულირებელი კანონის აუცილებლობაზე ლაპარაკობს გიორგი ახვლედიანის ქუჩის 14 ნომერში მცხოვრები 75 წლის ნუნუ. მისი თქმით, იმ გაუსაძლისი ხმაურის გამო, რომელიც ამ ქუჩაზე მდებარე რესტორნებიდან და ღამის კლუბებიდან მოდის, მის ოჯახს სახლის გაყიდვაზე ხშირად უფიქრია. ამასთან, მისი თქმით, ერთია რესტორნებიდან მომდინარე ხმაური, მეორე კი, ნასვამი ხალხის ჩხუბის ხმა:

„აბსოლუტურად ყოველ ღამით ისმის ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკის ხმაური, მთელი სახლი რიტმულად ზანზარებს. აბა, როგორი დასაძინებელია ამ პირობებში?!.. ბევრჯერ მიმართეს მეზობლებმა ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს. პატრულს იძახებენ ლამის ყოველ ღამით, რომ ვეღარ იძინებს ხალხი. მოვა პატრული, ერთი და ორი ღამე სიმშვიდეა, მერე ისევ იწყება. ამას რაღაც უნდა ეშველოს. მე თუ მკითხავენ, ასეთ საცხოვრებელ უბნეში, სადაც სძინავს ხალხს, ასეთი დაწესებულებები არ უნდა არსებობდეს“.

ამავე ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე რესტორან „დუბლინის“ ბარმენი, ფედერკო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ღამის 12 საათის შემდეგ მათი რესტორნიდან ცოცხალი მუსიკის ხმა კარგა ხანია აღარ ისმის, ამის მიზეზი კი საკრებულოდან მისული განკარგულებაა. თუმცა, თუ საკრებულოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი კანონის ძალას შეიძენს, ღამის საათებში მუსიკალური ჩანაწერების ხმამაღლა დაკვრაც აიკრძალება:

კანონი უნდა იყოს. მე თუ არ გამოვიძახებ პატრულს, სხვა გამოიძახებს და შიში ექნებათ. ჯარიმა რომ იქნება, აღარ იხმაურებენ -აი, როგორც ქუჩაში დალევაზე დაწესდა ჯარიმადა აღარ სვამენ...

„ჩვენ 12 საათამდე გვაქვს მუსიკა. საკრებულოდან - და მანამდე მერიიდან - ოფიციალური წერილი, გაფრთხილება იყო მოსული ყველა დაწესებულებაში, რომ 12 საათს არ გადააცილოთო, და არა მგონია, რომ ამ კანონმა დამატებით პრობლემები შექმნას, იმიტომ რომ 12 საათს ისედაც არ ვაცილებთ. მუსიკალური ჩანაწერი არ იქნება ასეთი შემაწუხებელი და 40 დეციბელს ვერ გადააჭარბებს, იმიტომ რომ, თუ შიგნითარ ისმისდა არ აწუხებს ადამიანს, თავისთავადგარეთაც არ შეაწუხებს“.

თბილისელების თქმით, კანონი, რომელიც ხმაურს დაარეგულირებს, აუცილებელია, თუმცა, მათივე თქმით, ხმაურით შეწუხების შემთხვევაშიც პატრულს არ გამოიძახებენ:

„კანონი უნდა იყოს. მე თუ არ გამოვიძახებ პატრულს, სხვა გამოიძახებს და შიში ექნებათ. ჯარიმა რომ იქნება, აღარ იხმაურებენ -აი, როგორც ქუჩაში დალევაზე დაწესდა ჯარიმადა აღარ სვამენ, ესეც ასე იმოქმედებს“.

„როცა შევუწუხებივარ ხმაურს, გავსულვარ და წყნარად და მშვიდად ამიხსნია და გაუგიათ. მშვიდად და ადამიანურად თქმა და გაგება ყველას შეუძლია“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG