Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი: პუტინმა ხელოვნურად შექმნა დასავლეთთან დაპირისპირება


მიხაილ ხოდორკოვსკი
მიხაილ ხოდორკოვსკი

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მალე ვერ მოგვარდება და მიეკუთვნება კრემლის მიერ ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებას დასავლეთთან - ასე ფიქრობს რუსი ბიზნესმენი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცნობილი ოპონენტი, მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელმაც თავისი შეხედულებები 17 ივნისს გაუზიარა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

მიხაილ ხოდორკოვსკი ფიქრობს, რომ დასავლეთთან რუსეთის დაახლოება შეუძლებელია, სანამ ხელისუფლების სათავეში რჩება პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ხოდორკოვსკი რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი იყო, კომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელი. „იუკოსი“ ერთ დროს იმდენ ნავთობს აწარმოებდა, რამდენსაც მთელი კატარი უშვებს, ახლა კი ხოდორკოვსკი ემიგრაციაში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც რუსეთში 10 წელი დაყო ციხეში რამდენიმე ბრალდების, მათ შორის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებების საფუძველზე. თავად ხოდორკოვსკი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად იყო მოტივირებული - პოტენციური საფრთხის გამო, რომლის შექმნაც მიხაილ ხოდორკოვსკის პუტინის მმართველობისთვის შეეძლო.

17 ივნისს ხოდორკოვსკიმ ვაშინგტონში, კვლევით ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“ გამოსვლისას გამოთქვა აზრი, რომ კრემლმა ხელოვნურად შექმნა დაპირისპირება დასავლეთთან: მას სჭირდება მტრის ხატი, რათა რიგითი რუსების ყურადღება გადაიტანოს პრობლემებიდან, როგორიც არის კორუფცია და ძალაუფლების მქონეთა არაკომპეტენტურობა.

„პუტინის რუსეთი ახლა თვითიზოლაციის გზას ადგას. მაგრამ ეს არის მცდარი გზა და პუტინის შემდეგ ვითარება აუცილებლად შეიცვლება“, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.

2013 წლის მიწურულს, სოჭის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე,ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის შვეიცარიაში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს მოსკოვში დაფუძნებულ უფლებადამცველ ჯგუფს - „ღია რუსეთს“. ორგანიზაცია მიზნად ისახავს პუტინის მმართველობის ალტერნატივების გააზრებას და მკაცრად აკრიტიკებს კრემლს.

„სისტემა, რომელიც პუტინმა ააშენა, უკიდურესად წინააღმდეგობრივია, მაგრამ მასში ძალიან იოლად გაერკვევა მართვის სფეროს ნებისმიერი სპეციალისტი. მან ააშენა უკიდურესად ცენტრალიზებული, ვერტიკალური სტრუქტურა, რომელიც ჩაკეტილია ერთი ადამიანის გარშემო“, განაცხადა ხოდორკოვსკიმ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე და შეკრებილებს გააცნო თავისი შეხედულება პუტინის სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

„რაში მდგომარეობს ამ სტრუქტურის უპირატესობა? ის იოლად ახდენს რესურსების მობილიზებას მისთვის საჭირო ამოცანებისათვის. რაში მდგომარეობს მისი ნაკლოვანება? რაოდენობა ამოცანებისა, რომელთა მოგვარებაც ამ სისტემას შეუძლია, შეზღუდულია იმ ამოცანების რაოდენობით, რომლებიც ერთი ადამიანის თავში ეტევა. მეტიც: მთელი ეს სისტემა ამ ადამიანს ეყრდნობა და იმ შემთხვევაში, თუ ის ავად არის ან გარკვეულ ემოციურ სირთულეებს განიცდის, ხდება მთელი სისტემის დესტაბილიზაცია“, - ამბობს მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელსაც რუსეთი წარმოუდგენია მომავალში, პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგ, დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყნად.

„რუსეთი არის მსოფლიოში ჩრდილოეთის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ გადასულა დემოკრატიაზე“, - ამ სიტყვების წარმომთქმელ ხოდორკოვსკის არ დაუკონკრეტებია, როგორ ესახება რუსეთის დემოკრატიზაციის პროცესი, მაგრამ თქვა ის, რომ შეერთებული შტატები, მთელი დასავლეთი უნდა მოემზადოს მომავალში რუსეთთან დასაახლოებლად, რაც საბოლოოდ ევროკავშირსა და ნატოში მის გაწევრიანებას უნდა გულისხმობდეს.

თუმცა მანამდე კიდევ დიდი დრო რჩება... უკრაინასთან რუსეთის კონფლიქტი, - ყირიმის ოკუპაცია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარება, - ხოდორკოვსკის აზრით, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა ორი კორეის დაპირისპირებასავით დიდხანს. აშშ-ს, მართალია, არჩევანი არა აქვს, ის უნდა დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ რუს ბიზნესმენს გონივრულად არ მიაჩნია კიევისათვის იარაღის მიწოდება. ხოდორკოვსკიმ იცის, რომ რუსების უმრავლესობას უკრაინის კონფლიქტი ისედაც მიაჩნია შეერთებულ შტატებთან რუსეთის დაპირისპირებად. კიევის იარაღით აღჭურვა ამ შეხედულებას გაამყარებდა.

შემდეგ შეერთებულ შტატებს მოუწევდა ეპასუხა შეკითხვისთვის, მზად არის თუ არა კონფლიქტში ჩასართველად და გასამარჯვებლად, ვინაიდან, თუ ამას არ გააკეთებს - რუსეთში ჩათვლიან, რომ ამერიკა დამარცხდა.ასე ფიქრობს მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელმაც თავისი შეხედულებები გააცნო 17 ივნისს ვაშინგტონში, კვლევით ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“, შეკრებილ საზოგადოებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG