Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი: „ჩემი მთავარი ამოცანა რეჟიმის შეცვლაა“


მიხაილ ხოდორკოვსკი
მიხაილ ხოდორკოვსკი

რუსეთის ყოფილმა ნავთობმაგნატმა და პუტინის კრიტიკოსმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ 23 დეკემბერს BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოსგან ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. მანამდე რუსეთმა გასცა მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი. საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი ბიზნესმაგნატი, რომელმაც 10 წელიწადი დაყო რუსეთის ციხეებში, აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანა რუსეთში რეჟიმის შეცვლაა.

საზღვარგარეთ მყოფი „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი მას საფრთხედ მიიჩნევს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. პირველ შემთხვევაში, კრემლს აშინებს საზღვარგარეთ დაბანდებული კაპიტალის დაკარგვის საფრთხე. ივნისში ბელგიის სასამართლოს წარმომადგენლებმა ათობით კომპანიასა და სხვა ორგანიზაციას შეატყობინეს ბელგიის გეგმის შესახებ, დააყადაღოს რუსეთის სახელმწიფო აქტივები, რათა დააფინანსოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთში დაშლილ კომპანია „იუკოსის“ აქციების მფლობელებს კომპენსაცია ეკუთვნით.

მეორეა ხოდორკოვსკისა და მისი მომხრეების, როგორც 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში მოთამაშე პოლიტიკური ძალის, გააქტიურება. „ჩემი მთავარი ამოცანა არის შევცვალო რეჟიმი და ვთვლი, რომ ეს ძალიან ოპტიმისტურია და ამისთვის საჭიროა ათი წელი“, - განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

დევნილობაში მყოფი მაგნატი სიტუაციის შეცვლას თავდაპირველად საპარლამენტო არჩევნებში შეეცდება. 2016 წელს რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის, არჩევნები ტარდება. ვინაიდან სათათბიროში ამჟამად პრეზიდენტ პუტინის მომხრე პოლიტიკური ძალა დომინირებს და კრემლს საკანონმდებლო ორგანოში არ ჰყავს სერიოზული ოპოზიცია, ხოდორკოვსკი შეეცდება თავისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი სწორედ საპარლამენტო ოპოზიციის შექმნას მოახმაროს.

„მე დავეხმარები ახალგაზრდა პოლიტიკურ აქტივისტებს განვითარებაში და საკუთარ თავს რუს ხალხს ამ რეჟიმის ალტერნატივად შევთავაზებ“, - უთხრა „ბიბისის“ ხოდორკოვსკიმ.

მისი ხელმძღვანელობით რუსეთში აქტიურად მოქმედებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ღია რუსეთი“, რომელსაც სულ უფრო მეტი მომხრეები ემატებიან უპირატესად კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი ინტელიგენციის წრიდან. 23 დეკემბერს გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ხოდორკოვსკის საქველმოქმედო ფონდის რამდენიმე თანამშრომლის ბინაში.

ამის მიზეზი გახდა წინა დღით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ყოფილი ბიზნესმაგნატისა და მილიარდერის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი. მიმდინარე თვეში გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ 1998 წელს ხოდორკოვსკიმ, კომპანია „იუკოსის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა, თავის ხელქვეითებს ციმბირის ქალაქ ნეფტეუგანსკის მერის მოკვლა დაავალა. ხოდორკოვსკი გადაჭრით უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ პუტინი სისტემატურად არღვევს რუსეთის კონსტიტუციას და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.

ხოდორკოვსკი, რომელმაც ათი წელი გაატარა ციხეში, ვიდრე მას 2013 წელს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეიწყალებდა, ძირითადად, ლონდონში ცხოვრობს.

ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ შარშან რუსეთს 50 მილიარდამდე ევროს გადახდა დაავალა „იუკოსის“ აქციების ყოფილი მფლობელებისათვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება დასკვნას, რომ რუსეთმა დაარღვია ენერგეტიკის საერთაშორისო ქარტია, როცა „იუკოსი“ დახურა და 2004 წელს აუქციონზე გაიტანა კომპანიის აქტივები. „იუკოსი“ დაშალეს 2003 წელს კომპანიის დამფუძნებლის, მიხაილ ხოდორკოვსკის, დაპატიმრების შემდეგ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG