Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკის ორი მკვლელობის ბრალდება წაუყენეს


მიხაილ ხოდორკოვსკი
მიხაილ ხოდორკოვსკი

რუსეთში ორი მკვლელობის ორგანიზებისა და ოთხ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებები წაუყენეს ყოფილ ოლიგარქს, მიხაილ ხოდორკოვსკის. ეს მოხდა სულ სამ დღეში მას შემდეგ, რაც ხოდორკოვსკიმ მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ პუტინის მმართველობა, „გარდაუვალი და აუცილებელი“ უწოდა „რევოლუციას“ რუსეთში.

ხოდორკოვსკის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა წაუყენა ორი მკვლელობის ორგანიზებისა და ოთხ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებები. ამ ნაბიჯით გრძელდება 12-წლიანი დაპირისპირება რუსეთში ერთ დროს უმდიდრეს ადამიანსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. რუსეთში ფინანსური დანაშაულებისთვის გასამართლების შემდეგ, რაც კრემლის ოპონენტებს შერჩევითი სამართლის ნიმუშად მიაჩნიათ, ხოდორკოვსკის 10 წელიწადზე მეტი აქვს გატარებული ციხეში. 2013 წელს ის პუტინმა შეიწყალა, რის შემდეგაც ხოდორკოვსკი ევროპაში ცხოვრობს.

სულ ორი დღის წინ მან ლონდონში ონლაინ-პრესკონფერენციაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ პუტინის მმართველობამ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და რომ რეპრესიები, რომლებსაც კრემლი ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, „ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაა“. შესაბამისად, ხოდორკოვსკის „გარდაუვლად“ და „აუცილებლად“ მიაჩნია „ახალი რევოლუცია“ რუსეთში.

მაგრამ დავუბრუნდეთ ხოდორკოვსკისათვის 11 დეკემბერს წაყენებულ ბრალდებებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ხოდორკოვსკის ბრალად ედება 1998 წელს ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმირ პეტუხოვის და 1999 წელს კომპანია „პეტროლეუმ ჰანდელსგაზის“ დირექტორის, ევგენი რიბინის მცველის მკვლელობის ორგანიზება. თავად რიბინი, რომლის მოკვლაც სცადეს, ცოცხალი გადარჩა. ხოდორკოვსკის წაუყენეს სროლის დროს დაჭრილი სამი პირის მკვლელობის მცდელობის ორგანიზების ბრალდებაც. ზემოხსენებულ ქალაქ ნეფტეიუგანსკში მდებარეობდა ხოდორკოვსკის ნავთობკომპანია „იუკოსის“ სათავო ოფისი და 1998 წლის მკვლელობის შემდეგ, მარკინის თქმით, გამოძიება ყოველთვის მიმდინარეობდა.

„არ შეწყვეტილა კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება, რადგანაც არსებობდა ამ დანაშაულთა ყველა მონაწილისა და, პირველ რიგში, ორგანიზატორის გამოაშკარავების აუცილებლობა. შედეგად მიღებულია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ დანაშაულებში მიხაილ ხოდორკოვსკის მონაწილეობას. მისი ხელმძღვანელობის გარეშე კომპანია „იუკოსში“, როგორც ცნობილია, არ იღებდნენ არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მარკინმა.

მისივე თქმით, გამოძიებისთვის „სავსებით ნათელია“, რომ დანაშაულები ანგარებიანი მოტივით იყო ჩადენილი: „პეტუხოვის მკვლელობის ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ მან, როგორც ქალაქ ნეფტეუგანსკის მერმა, ნავთობკომპანიისაგან მოითხოვა დაებრუნებინა სახელმწიფოსათვის გადამალული გადასახადები, ხოლო ბიზნესმენ რიბინზე თავდასხმა დაკავშირებული იყო “იუკოსის” წინააღმდეგ მის სარჩელთან, ამ კომპანიის უკანონო ქმედებით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად“.

ხოდორკოვსკის წარმომადგენელმა ბრალდებებს „ფარსი“ უწოდა. ხოლო თავად ხოდორკოვსკი, რომელიც 11 დეკემბერს იყო დაბარებული რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ბრალდებულის სტატუსით დასაკითხად, აცხადებს, რომ არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებთან დაკავშირებას.

საბჭოთა პერიოდში მიხაილ ხოდორკოვსკი კომკავშირელი აქტივისტი იყო და დიდი ფული იშოვა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გახდა რუსეთში უმდიდრესი კაცი, უდიდესი ნავთობკომპანიის, „იუკოსის“ მფლობელი. მაგრამ მან კრემლთან საქმე გაიფუჭა, როცა საჯაროდ დაიწყო რუსეთის მმართველ გუნდში კორუფციის კრიტიკა და ოპოზიციური პარტიების დაფინანსება. მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს თაღლითობის, გადასახადებისათვის თავის არიდებისა და სხვა ფინანსური დანაშაულების ბრალდებების საფუძველზე. კრემლის ოპონენტები მის სამართლებრივ დევნას მიიჩნევენ სასჯელად პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG