Accessibility links

logo-print

ჩვენ მოკლედ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასის 4 ლარით გაზრდას ელიან და ეს პროცესი რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

რუსეთმა უცხოეთის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვები გასულ კვირას დააწესა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის. „როსსელხოზნადზორი" ფიტოსანიტარული სერტიფიკატების გაცემას ზღუდავს და ბოლო ხანებში მათ მხოლოდხორბლის ექსპორტზე გასცემს თურქეთის, ეგვიპტის, სომხეთისა და ინდოეთის მიმართულებით. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში ხორბლის მარაგის შექმნის სურვილია; რუსეთის ქმედების მთავარ მოტივად ქვეყნის შიგნით კვების პროდუქტებზე ფასების ზრდაც სახელდება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორთა ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ არსებული კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები ზოგიერთ შემთხვევაში აპრილის ბოლომდეა დაკონტრაქტებული. ასოციაცია ითხოვს, რომ საშუალება მიეცეთ უკვე არსებული კონტრაქტები დაასრულონ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ, უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მიწოდების შეჩერება საექსპორტო ჯარიმას გამოიწვევს, ტონაზე 40 დოლარის სახით, რაც, საერთო ჯამში, 2 მილიონი დოლარი იქნება 50-ათასტონიან ხომალდზე. რუსეთიდან ერთ დღეში კი დაახლოებით 100 ათასი მარცვლეულის ექსპორტირება ხდებოდა.

რუსული სააგენტო ”ინტერფაქსის” ინფორმაციით, მარცვლეულის წამყვანმა ექსპორტიორებმა რუსეთის შიდა ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციამდე ექსპორტისთვის შესყიდვები შეწყვიტეს. რუსული სააგენტოს ცნობით, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ეროვნული ასოციაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ასოციაციის წევრები - მარცვლეულის ექსპორტიორები - წყვეტენ ექსპორტისთვის მარცვლეულის შეძენას, ვიდრე ვითარება და მისი ფასები შიდა ბაზარზე არ დასტაბილურდება.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში სეზონის განმავლობაში ხორბალზე ფასი 50%-ით გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები პურზე ფასების 10%-ით მატებას ვარაუდობენ.

როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოს ხორბლით მომარაგებასა და ფასებზე, მაშინ როცა დღეისათვის საქართველოში შემომავალი ხორბლის 90 პროცენტი რუსულია? ადგილობრივი წარმოების ხორბალი ვერც რაოდენობით და ვერც ხარისხით ვერ უწევს კონკურენციას რუსულ ხორბალს. საქართველოს ამ ეტაპზე ხორბლის მარაგი აქვს და თებერვლამდე ბაზარზე არანაირი ცვლილება არ იქნება, მაგრამ, თუ რუსეთთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ უკვე ბაზრის შეცვლის საკითხი განიხილება.

დღევანდელი გადასახედიდან, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მომწოდებელი შეიძლება იყოს ყახაზეთი, სადაც ხორბალი უფრო ძვირია, ან უკრაინა, სადაც ხარისხი შედარებით დაბალია.

წინასწარი ინფორმაციით, თუ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ხორბალი საქართველოსთვის 20-30 დოლარით გაძვირდება. ფქვილის ამჟამინდელი ფასი 35-37 ლარია. თუ ეს ფასი 45 ლარამდე ავიდა, პურის ფასიც მოიმატებს.

XS
SM
MD
LG