Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორბლის ფასი მცირდება -პროგნოზები ქართული ბაზრისთვის


ხორბლის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2016-2017 წლების სეზონში 20 მილიონი ტონით მეტი იქნება და 2046 მილიონ ტონას მიაღწევს. ორგანიზაციის წინა ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2026 მილიონი ტონა იყო. ხორბლის გადაჭარბებული მოსავლის ფონზე ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაიაფებას პროგნოზირებენ. საქართველოში ვარაუდობენ, რომ ფასების კლების ტენდენცია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ბურღულეულზე ფასები შემცირდება.

საქართველოს ბაზარი, ცხადია, მჭიდროდაადაკავშირებული რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის ბაზართან. წელს რუსეთში ტონა ხორბალი 160 დოლარი ღირს, რაც უკვე დაბალი ფასია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში 130 მილიონ ტონამდე მოსავალს ელოდებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ 30 მილიონზე მეტი ქვეყნის გარეთ გაიტანონ. აქედან გამომდინარე, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ფასი, ეკონომიკური ლოგიკის მიხედვით, საშემოდგომოდ კიდევ უნდა შემცირდეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზარი ფასებს თავად დაარეგულირებს და ფასები მთლიანად ბურღულეულზე დაეცემა. ფასების კლებას სექტემბერ-ოქტომბერში ელოდებიან.

მეორე საკითხია ხორბლის მწარმოებელთა გამოწვევები, რომელსაც მათ ხორბალზე ფასის კლების ტენდენცია უქმნის.

ისინი ხორბლის ფასის კლებასთან დაკავშირებით უკვე ივლისში საუბრობდნენ მედიასთან. „ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე კილოგრამი ხორბლის ფასი საქართველოში 41 თეთრია, შარშან კი 10-12 თეთრით მაღალი იყო.

აღსანიშნავია ასევე, რომ ხორბლის მოსავალი გაზრდილია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოშიც - შარშან 150 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა, წელს კი, წინასწარი გათვლებით, 250 ათასი ტონის ფარგლებში იქნება.

ფასების ცვლილება უკვე აისახა ფქვილის ფასზეც: წელს, მაგალითად, ერთი ტომარა 34 ლარი ღირს, შარშან კი ტომარა ფქვილის ფასი 44 ლარი იყო.

მიუხედავად ამისა, როგორც იცით, პურის ფასი არ შემცირებულა. ამიტომ, რეალურად აისახება თუ არა ფასების კლება პურსა და პურფუნთუშეულზე, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.

ქართველი მეწარმეები იმასაც ამბობენ, რომ იმპორტირებული ხორბლის დემპინგური ფასი ისევ პრობლემად რჩება, რადგანაც ანტიდემპინგური კანონი მიღებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG