Accessibility links

logo-print

ხუდონჰესი და ადამიანის უფლებები - ეს იყო მესტიაში ჩატარებული კონფერენციის ძირითადი გზავნილი. კონფერენცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და მას სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ. გამომსვლელები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ხუდონჰესის აშენებამ.

„ჩემო სვანებო, მე რა მეკარგება ამით?! არაფერი მეკარგება. მე შეიძლება ამაღამაც ვერ წავიდე სახლში, მაგრამ რიღასთვის? გული მისკდება“...

84 წლის ბაგრატ ნანსყანს ვერ წარმოუდგენია, რომ სოფელი ხაიში შეიძლება წყალმა დაფაროს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ხაიშის პრობლემაც არ არის, ხაიშის განადგურებით სერიოზული ზიანი მიადგება ზოგადად სვანეთს, მის კულტურას. სხვა საკითხია უშუალოდ ჰესის შედეგად მიყენებული ეკოლოგიური ზარალი.

სოფელ ხაიშში გიგანტური ჰესის აშენების მცდელობა პირველად საბჭოთა კავშირის დროს იყო, რასაც მაშინ საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მშენებლობა შეჩერდა. ორიოდე წლის წინ კი უკვე არსებული ინფრასტრუქტურა სახელმწიფომ გაასხვისა. სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“, მუშაობა 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ვერც ერთი ნებართვა ვერ მიიღო. ამასთან, დღემდე არ არის დასაბუთებული პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ქვეყნის ეკონომიკური სარგებელი.

გამოიწვევს დიდი ტერიტორიის დაცლას, სადაც 40-45 ათასი ჰექტარი მიწის ფონდი აღმოჩნდება საერთოდ ამორტიზებული და ეს ადამიანები სხვაგან უნდა გადავიდნენ...

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი რომან მაისურაძე ამბობს, რომ ეს პროექტი საკმაოდ მოძველებულია (ოთხმოცდაათიან წლებში მომზადებული). მას შემდეგ ბევრი ტექნოლოგია დაიხვეწა და ამჯერად მსგავსი პროექტების შექმნისას გაცილებით მეტად ითვალსწინებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს:

„გამოიწვევს დიდი ტერიტორიის დაცლას, სადაც 40-45 ათასი ჰექტარი მიწის ფონდი აღმოჩნდება საერთოდ ამორტიზებული და ეს ადამიანები სხვაგან უნდა გადავიდნენ, სადაც მსგავს პირობებს ვერ შესთავაზებენ“.

მისივე თქმით, ჰესის აშენება გარემოს ცვლილებებს გამოიწვევს და, სავარაუდოდ, ეს ცვლილებები დადებითი არ იქნება:

„ჰესის მშენებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული ტენიანობის განსაკუთრებულ მატებასთან, მეწყერების, ღვარცოფების, წყალმოვარდნების მატებასთან. მე ჩემი თვალით ვნახე ეს შედეგები, როცა რამდენიმე წლის წინ ექსპედიციაში ვიყავი“.

ხაიშელები ამბობენ, რომ ხუდონი არ აშენდება, მათ დაიფიცეს კიდეც, რომ ამას არ დაუშვებენ. მშენებლობა ჯერჯერობით მართლაც არ დაწყებულა, თუმცა უკვე დიდი გაუგებრობაა მიწებთან დაკავშირებით.

მაია ლიპარტელიანი, სახალხო დამცელის აპარატიდან, ამბობს, რომ სხვადასხვა უწყებიდან არაერთხელ გამოითხოვეს მოსახლეობის განსახლების გეგმა. მიღებული პასუხების თანახმად, მსგავსი გეგმა არ არსებობს. შესაბამისად, მის ავკარგიანობაზეც ვერავინ იმსჯელებს.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ხაიშელებს და ადგილობრივ მოსახლეობას უკეთ მოეხსენება, რამდენიმე მათგანმა მოინდომა იმ ქონების რეგისტრაცია, რომელიც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ, სადაც ცხოვრობდნენ...

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში, რომელიც მთავრობასა და „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ შორის არის გაფორმებული, წერია, რომ სახელმწიფომ კომპანიას ერთ დოლარად უნდა გადასცეს საჯარო ქონება. ასეც მოხდა. ამჯერად „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ მესტიისა და წალენჯიხის რაიონებში 141 უძრავ ქონებაზე (საერთო ფართი 11 940 529 კვ.მ.) საკუთრების უფლება აქვს რეგისტრირებული:

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ხაიშელებს და ადგილობრივ მოსახლეობას უკეთ მოეხსენება, რამდენიმე მათგანმა მოინდომა იმ ქონების რეგისტრაცია, რომელიც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ, სადაც ცხოვრობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქონების ნაწილი „ტრანსელექტრიკამ“ დაირეგისტრირა, ნაწილი - სახელმწიფომ“.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიწის დარეგისტრირება სცადა, ხაიშელი ზურაბ ჭკადუა იყო:

„ნახევარი ჰექტარიც არ გამოდის. დანარჩენი „ტრანსელექტრიკას“ აქვს მითვისებული, როგორც სახელმწიფო ტყე“.

ზურაბ ჭკადუა ამბობს, რომ ხაიშელებს მხოლოდ ერთი დარჩენიათ, ფიზიკურად არ მისცენ საშუალება „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ მიწები აზომოს და დაირეგისტრიროს.

მე ვადასტურებ, როგორც ამ სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, რომ მშენებლობის ნებართვა არაფრით არ გაიცემა, სანამ არ იქნება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე ჯერ საქმე არც მისულა, რადგან პროექტი ბოლომდე მზად არ არის.

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელი თენგიზ კოდუა ამბობს, რომ სამშენებლო ნებართვის მისაღებად აუცილებელია კომპანია მოსახლეობასთან შეთანხმდეს:

„მე ვადასტურებ, როგორც ამ სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, რომ მშენებლობის ნებართვა არაფრით არ გაიცემა, სანამ არ იქნება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და მოსახლეობის თანხმობა. სხვანაირად გამორიცხულია!“

თავად „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ამ მიწების აზომვა, ინვენტარიზაცია, რეგისტრაცია და მიღებული შედეგის შესაბამისად საკუთრების უფლების გაფორმება. მირცხულავა ამბობს, რომ კომპანია მზადაა სახელმწიფოს მიერ მიწის გადმოცემის პროცესში დაშვებული უზუსტობები გამოასწოროს და განსახლებისას თითოეული მოსახლის ლეგიტიმური მოთხოვნა თუ მოსაზრება გაითვალისწინოს.

საფრთხეებზე საუბრისას ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ხუდონჰესი პირდაპირ აფხაზეთის საზღვარზე შენდება. ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამბობს, რომ თუკი ხაიში აღარ იარსებებს, რუსეთს გაცილებით გაუადვილდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩაყენებული სამხედრო ბაზების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ორ ბაზას შორის დასახლებული პუნქტი, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს. მისი თქმით, ხაიშის დატბორვა რუსეთისთვის კარტ ბლანშის მიცემაა:

„კარტ ბლანში, რომ ეს წყალი გადმოიაროს. ჯარი აქ არ დგას, საზღვაო ქვეითებს ჩვენ აქ ვერ ჩავაყენებთ, ფლოტს ვერ ჩავაყენებთ ამ კაშხალში. დამატებით მას შეუძლია, სადაც ახლა დგას, იქიდან გადმოინაცვლოს და მდინარე ენგურზე დააფიქსიროს საზღვარი“.

როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ხუდონჰესი არის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი, კონტრაქტის პარამეტრებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტროენერგიის 91 პროცენტი ექსპორტზე წავა...

ყველაფერ ამასთან ერთად, საუბარია იმაზეც, რომ ახალი მასშტაბური წყალსაცავის აგებამ, შესაძლოა, ადგილობრივების ჯანმრთელობაზეც მოახდინოს გავლენა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ომარ ჭკადუა ამბობს, რომ სვანეთში ძვალ-სახსართა პათოლოგიების, ასევე სასუნთქი სისტემის პათოლოგიების ფაქტები ისედაც ხშირი იყო და ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა:

„ახლა მეორე ჰესი შენდება, გიგანტი. ეს ჰესი დაანგრევს ჩვენს ეკოლოგიას, ბუნებრივს, ადამიანურს, ყველანაირს“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, ხუდონჰესისგან მიღებული სარგებელია. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ ჰესი საქართველოს დიდად არაფერში წაადგება:

„როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ხუდონჰესი არის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი, კონტრაქტის პარამეტრებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტროენერგიის 91 პროცენტი ექსპორტზე წავა, ხოლო საქართველოს ენერგოსისტემას ზამთრის პერიოდის განმავლობაში მიეწოდება 133, 9 მილიონი კილოვატი საათი - ოთხი თვის განმავლობაში ათ თეთრად. ეს არის საქართველოს ოთხი დღის მოხმარება“.

ამის პასუხად, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ საუბარი 4 დღის მოხმარებაზე არაკორექტულია, რადგან ხუდონჰესი პიკური სადგურია. მის ფუნქციას წარმოადგენს პიკის საათებში წარმოქმნილი დატვირთვის მოხსნა. დავით მირცხულავას თქმით, ამ სახის ენერგია ყველაზე ძვირია. საქართველო მას რუსეთისგან ყიდულობს და, შესაბამისად, მილიონებს კარგავს.

დავით მირცხულავა ასევე ამბობს, რომ კომპანია მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს შიდა ბაზარს მიაწოდოს ენერგია როგორც 8, ასევე 12 თვის განმავლობაში, თუკი შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG