Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის მინისტრი: ხუდონჰესს ალტერნატივა არა აქვს


გარემოსდამცველები გაკვირვებულნი დარჩნენ, რომ 24 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე მიწვეულ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დეპუტატებმა არ დაუსვეს შეკითხვები ერთ-ერთ ყველაზე სადავო კანონპროექტთან - ”ტყის კოდექსთან” - დაკავშირებით. თუმცა გარემოსდამცველების არანაკლები კრიტიკა უკავშირდება, ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებას, საკითხს, რომელსაც დეპუტატების წინაშე ”სამთავრობო საათის” ფარგლებში გამოსულმა მინისტრმა უალტერნატივო და კარგად შესწავლილი საკითხი უწოდა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ”სამთავრობო საათის” ფარგლებში მინისტრი ვალდებული იყო პასუხი გაეცა პარლამენტის მიერ მისთვის მხოლოდ წინასწარ მიწოდებულ შეკითხვებზე და ამიტომ ის რამდენიმე კონკრეტული საკითხით შემოიფარგლა.

საუბარი დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელთა მიხედვითაც ძლიერდება ძველი და შენდება ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, გაყვანის პროცესშია ახალი გაზსადენები და ეს ყველაფერი, ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ახალი ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობის პერსპექტივებს უკავშირდება. პარალელურად, ყურადღება მახვილდება მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან დამაკავშირებელი ახალი ხაზების მშენებლობაზე, რაც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად. მომავალი წლების სამთავრობო ამოცანაა, საქართველო გახდეს ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

დაახლოებით 20-წუთიანი გამოსვლისას მინისტრმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო საქართველოში ჰესების მშენებლობის პერსპექტივას, რაც ასევე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მთავრობის ახალ 10-პუნქტიან გეგმაში. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ ელექტროენერგიაზე ქვეყნის მოთხოვნის 100% დაკმაყოფილდეს საქართველოში გამომუშავებული ჰიდროენერგიით. ალექსანდრე ხეთაგური ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%-ს მიაღწია და თუკი ახალი ობიექტები არ აშენდება, შესაძლოა დაახლოებით 5 წელიწადში საქართველოს კვლავ სიბნელე დაემუქროს.

მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 10 ახალი ჰიდროელექტროსადგური შენდება, ხოლო მომავალ წელს დაიწყება კიდევ დაახლოებით 13 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. თუმცა, ახალი ჰესების ინტენსიური მშენებლობა ელექტროენერგიის საფასურის შემცირების არანაირ გარანტიას არ იძლევა, რადგანაც, დერეგულირების პირობებში, ფასს ბაზარი განსაზღვრავს.

რაც შეეხება ხუდონჰესს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი განმარტავს, რომ ამ ობიექტის მშენებლობა 2012 წელს დაიწყება და რომ აუცილებელი საკითხები სათანადოდ არის შესწავლილი:

”ჩვენ თავიდან ბოლომდე გვაქვს შესწავლილი როგორც გარემოზე ზემოქმედება, ასევე სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები... ეს შესწავლილია საერთაშორისო დონეზე. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ჩატარებულია საჯარო მოსმენები.”

საჯარო მოსმენებს თანხმობა რომ არ მოუტანია, ამაზე მეტყველებს 11 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში“ გამართული შეხვედრაც, რომელიც ჰესის მშენებელი კომპანიის, Trans Electrica Limited-ის ინიციატივით გაიმართა და რომელშიც ათეულობით ექსპერტი მონაწილეობდა. ამ შეხვედრაზე მწვავე პროტესტი გამოხატეს სოფელ ხაიშის მკვიდრმა ადამიანებმაც. ეს სწორედ ის სოფელია, რომელიც აუცილებლად დაიტბორება ხუდონჰესისთვის დაახლოებით 200-მეტრიანი კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობის შედეგად.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ხუდონჰესის მშენებლობა გარემოზე შეუქცევად მავნე ზეგავლენას მოახდენს და ცდება ენერგეტიკის სამინისტრო, თუკი მას მშენებლობის დაწყების საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილად მიაჩნია:

”ჯერ ერთი, განხილვის პროცესში გამოვლინდა საზოგადოების ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება... არ ვიცი, ეს თანხმობად თუ რად ჩათვალეს, მაგრამ, თუნდაც რომ თანხმობად ჩაეთვალათ, ამას უნდა მოჰყვეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღების პროცედურა გარემოს დაცვის სამინისტროდან, რის გარეშეც მშენებლობის დაწყება აბსოლუტური უკანონობაა. ჯერ წინ არის ძალიან გრძელი პროცედურა.”

”მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემამდე ექსპერტებმა უნდა მოამზადონ მასშტაბური ანგარიში, რომელსაც უნდა მოჰყვეს საჯარო განხილვები და ინვესტორმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების შენიშვნები. თუმცა ამ ვრცელ პროცედურაზე არაფერი უთქვამს 24 ნოემბერს ”სამთავრობო საათზე” მიწვეულ ალექსანდრე ხეთაგურს.

ხუდონჰესისგან განსხვავებით, დეპუტატების ყურადღება საერთოდ ვერ დაიმსახურა ”ტყის კოდექსმა” - კანონპროექტმა, რომელიც უკვე კარგა ხანია გარემოსდამცველების მწვავე კრიტიკის სამიზნეს წარმოადგენს. ამ საკითხის იგნორირებამ გაკვირვებული დატოვა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის (CENN) პროგრამების მენეჯერი კახა ბახტაძე:

“არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ ამაზე... იმავე, მაგალითად, შეშის საკითხთან მიმართებით ხომ შეეძლოთ ეკითხათ - ”ტყის კოდექსის” მიხედვით როგორ შეიცვლება ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულაციები და როგორ მოხდება იმ ინვესტორებთან მუშაობა, რომლებიც 49-წლიანი იჯარით აიღებენ ტყის ფართობებს. ამით არავინ დაინტერესდა, რამაც ჩვენ ძალიან გაგვაკვირვა. არადა, თემა მნიშვნელოვანია, რადგანაც სატყეო ფონდი საქართველოს ტერიტორიის მესამედზე მეტს შეადგენს.”

კახა ბახტაძის ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული „ტყის კოდექსის“ განხილვის პროცესში და 24 ნოემბერს ენერგეტიკის სამინისტროში ის ამ საკითხის მორიგ განხილვასაც ესწრებოდა, თუმცა, გარემოსდამცველის თქმით, ჯერ ისევ ბევრი რამ არის გასარკვევი. მაგალითად, ჯერ ისევ უცნობია, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ გარემოს დაცვისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემის პროცესში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG