Accessibility links

ამ დღეებში ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ მედიასთან საუბრისას გაკეთებულმა რამდენიმე განცხადებამ ერთგვარი გაუგებრობა შეიტანა პროექტის განვითარების პერსპექტივაში.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის 22 მაისის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტზე სახელმწიფომ გარკვეული სამუშაოები დროებით შეაჩერა. მისი თქმით, პროექტის გაჭიანურების მიზეზი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებია, რომელიც სატარიფო პოლიტიკის გადახედვას ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, სატარიფო პოლიტიკის გადახედვა ძირითადად იმ ფასის განსაზღვრას გულისხმობს, რაც ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ესკო) ელექტროენერგიის შესაძენად ჰესებს უნდა გადაუხადოს.

"სავალუტო ფონდი ამბობს, რომ საჭიროა უფრო მეტი მექანიზმები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ მოხდეს სწორი გაანალიზება. იმდენად მასშტაბური გახდა ეს დარგი და ეს მიმართულება, რომ სსფ-მა საჭიროდ ჩათვალა, გვქონდეს დამატებითი შესაძლებლობები ბიუჯეტთან დაკავშირებული რისკების სწორად შესაფასებლად, რადგან ის ვალდებულება, რაც ესკოს გააჩნია, შესაძლებელია, სახელმწიფოს ასანაზღაურებელი გახდეს“, – განმარტა ელოშვილმა.

პროექტის განმახორციელებელ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ კომპანიას არანაირი განცხადება პროექტის შეჩერების შესახებ არ მიუღია. „ტრანს ელექტრიკის" ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ სამუშაოები იმ ტემპით მიდის, რა ტემპითაც მიდიოდა. კერძოდ, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში უნდა დაფიქსირდეს. გარდა ამისა, მისი თქმით, სახელმწიფოსთან ყველა აუცილებელი მემორანდუმია გაფორმებული. შესაბამისად, პროექტის გაჩერებაზე საუბარი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ხუდონის 702-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტმა საკმაოდ დიდი დაპირისპირება გამოიწვია საზოგადოებაში, სწორედ გარემოსდაცვითი საკითხების საფუძველზე. პროექტი მდინარე ენგურის ჰიდრორესურსის ათვისებას ითვალისწინებს. კერძოდ, მდინარის რესურსი შეესაბამება 3 530 მვტ სიმძლავრის ენერგიას, რომლის წარმოების პოტენციალი აღწევს 10,3 მილიარდ კვტ/სთ-ს, საიდანაც 5,5 მილიარდი კვტ/სთ უკვე ათვისებულია. ენგურ-ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის

ხუდონჰესის პროექტი მდებარეობს მდინარე ენგურის ზედა ნაწილში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლიდან 34 კმ დაშორებით. პროექტი მოიცავს თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას. დადგმული სიმძლავრეა 702 მვტ, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავებით 1,5 მლრდ. კვტ/სთ.

ეს ყველაზე მსხვილი ჰიდროპროექტია, რომლის განხორციელებასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებები პერმანენტულად ცდილობდნენ. საქართველოს მდინარეების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით, თუმცა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასეთების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მცირეწყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე.

დღეისთვის საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე, დაახლოებით, 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96,5 კმ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ეკვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია - 50 მლრდ კვტ.საათის ეკვივალენტური.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG