Accessibility links

logo-print
გარემოს დაცვის სამინისტროს მოწვევით, ნიდერლანდელი ექსპერტები თვე-ნახევრის განმავლობაში სწავლობდნენ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების თაობაზე ჩატარებულ გამოკვლევას - გამოკვლევას, რომელიც, პროექტის განმახორციელებელი კომპანია ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” დაკვეთით, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა (CENN) შექმნა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნიდან ირკვევა, რომ ქართველი ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტი არაერთ შესწორებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას საჭიროებს.

ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები შეისწავლეს ექსპერტებმა ნიდერლანდიდან. როგორც არენ კორლჰოფი, ნიდერლანდების გარემოს შეფასების კომისიის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ამბობს, ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მისია იყო გამოეკვლიათ, შეესაბამება თუ არა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტებს. შესწავლის შედეგად, არენ კორლჰოფი ასკვნის, რომ ინფორმაცია, რომელიც შესულია დოკუმენტში, არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნებს.

”ჩვენს ანგარიშში გვექნება რამდენიმე რეკომენდაცია იმ ინფორმაციის თაობაზე, რომელიც უნდა შეგროვდეს და გაანალიზდეს. ჩვენი აზრით, ამ ინფორმაციის შეგროვებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. გარემოს დაცვის მინისტრს ვურჩევთ, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არ მიიღოს გადაწყვეტილება ამ პროექტთან დაკავშირებით, სანამ საჭირო ინფორმაცია არ იქნება მოწოდებული და შესწავლილი”, - ამბობს არენ კორლჰოფი.

ბიომრავალფეროვნების ექსპერტის როი სლუტვეხის აზრით, ინდურ-ინგლისური კომპანიის ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესის, დაახლოებით 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობას გულისხმობს, ძალიან ძნელად დასასაბუთებელია. როგორც ის მიუთითებს, ამ ეტაპისათვის არ არსებობს არანაირი ეროვნული თუ ენერგეტიკის პოლიტიკა და ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რომელიც დაანახვებდა საზოგადოებას, თუ რატომ უნდა აშენდეს კაშხალი. როი სლუტვეხი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე კონკრეტულ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის განხორციელების შემთხვევაში და რომლის შესახებაც ქართველი ექსპერტების მიერ შექმნილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში სრულყოფილი ინფორმაცია არ მოიძიება. მათ შორის ერთ-ერთია სეისმური რისკები, თუმცა,
ჩვენ ვიყავით სოფელ ხაიშში, შევხვდით იქაურ მოსახლეობას. ისინი ძალიან ემოციურად საუბრობდნენ თავიანთ სახლებზე, თავინათ სამუშაოებზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კომუნიკაცია ზეგავლენის ქვეშ მოყოლილ ადამიანებთან არ იყო საკმარისი და გამჭვირვალე...
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროექტში სოციალური ასპექტების გათვალისწინებაც. შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესისთვის დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობა სოფელ ხაიშის დატბორვას გამოიწვევს, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების სოფლიდან გასახლება გახდება საჭირო:

”ჩვენ ვიყავით სოფელ ხაიშში, შევხვდით იქაურ მოსახლეობას. ისინი ძალიან ემოციურად საუბრობდნენ თავიანთ სახლებზე, თავინათ სამუშაოებზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კომუნიკაცია ზეგავლენის ქვეშ მოყოლილ ადამიანებთან არ იყო საკმარისი და გამჭვირვალე. მათ აქვთ ძალიან დიდი უნდობლობა მთავრობისა და ინვესტორის მიმართ. განსახლების გეგმა, რომელიც შესულია გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებაში, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, - ამბობს როი სლუტვეხი.

რაც შეეხება პროექტის ეკონომიკურ ასპექტებს, ნიდერლანდელი ექსპერტების დაკვირვებით, საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას დაკარგავს ან რას მიიღებს ჰესის მშენებლობის შედეგად ქვეყანა.

უცხოელი ექსპერტების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებში, აცხადებენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნის საბოლოო ვარიანტს ისინი სამ კვირაში გამოაქვეყნებენ და გაუგზავნიან როგორც გარემოს დაცვის, ისე ენერგეტიკის სამინისტროს.

უცხოელი ექსპერტების საპასუხოდ, ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” გენერალური დირექტორი პაატა წერეთელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიის მიერ დაქირავებულმა ქართველმა ექსპერტებმა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შეიმუშავეს, თავად დოკუმენტის ავტორები კი კომენტარზე უარს ამბობენ.

”გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ინვესტორი კომპანიის მიერ დაქირავებულმა ქართველმა ექსპერტებმა შექმნეს, რომლებმაც იხელმძღვანელეს მსოფლიო ბანკის და წამყვანი ევროპული კომპანიების ფორმატებით და გაიდლაინებით და, შესაბამისად, ამ კრიტერიუმებით შეიქმნა ჩვენი დოკუმენტი”, - აცხადებს პაატა წერეთელი.
ჩვენ ვერ დავინახეთ პროექტის ვერც ეკონომიკური დასაბუთება, ვერც სოციალური და ვერც გარემოს დაცვის თვალსაზრისით. საქართველოს არც სახელმწიფო სექტორი და არც კანონმდებლობა არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთი სერიოზული პროექტები უშეცდომოდ განახორციელოს...

ხუდონჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე. ამის მიზეზად ის იმ დეფიციტს ასახელებს, რომელიც ქვეყანას ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით უდგას, რის გამოც საჭირო ხდება ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება. მისი თქმით, თუკი ახალი სიმძლავრეები არ შეიქმნა, დროთა განმავლობაში დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება:

”ყველაზე მომზადებული ელექტროსადგური, რომელიც ახლო მომავალში შეიძლება ამოქმედდეს, ეს არის ხუდონის ელექტროსადგური. თავად ხუდონის ელექტროსადგურის გამომუშავება წელიწადში მილიარდ-ნახევარ კილოვატსაათზე მეტი იქნება. თუ წარმოვიდგენთ, რომ დღეს სულ 8- 9 მილიარდი არის საერთო მოხმარება, მილიარდ-ნახევარი ამ საერთო მოხმარების თითქმის 20 პროცენტია. ეს ყველაფერი კი ძალიან წაადგება ქვეყანას”.

ჰესის მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის სრულყოფასა და ხელისუფლების მხრიდან მის აუცილებელ გათვალისწინებაზე საუბრობს ირაკლი მაჭარაშვილი, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს ხუდონჰესის პროექტისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ავტორებთან არაერთი კითხვა აქვთ:

”ჩვენ ვერ დავინახეთ პროექტის ვერც ეკონომიკური დასაბუთება, ვერც სოციალური და ვერც გარემოს დაცვის თვალსაზრისით. საქართველოს არც სახელმწიფო სექტორი და არც კანონმდებლობა არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთი სერიოზული პროექტები უშეცდომოდ განახორციელოს. აქ ლაპარაკია, რომ არ არსებობს ენერგეტიკული სტრატეგია, არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობა, არ არსებობს განსახლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. არანაირი სტანდარტები არ გაგვაჩნია. სანამ ეს ყველაფერი არ გვექნება, დიდი შანსია, რომ ხალხი და ქვეყანა იქნება დაზარალებული”, - მიაჩნია ირაკლი მაჭარაშვილს.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელმაც პირადად მოისმინა უცხოელი ექსპერტების შენიშვნები და რეკომენდაციები, ამბობს, რომ გაუჩნდა ეჭვი, რომ ექსპერტები ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას. რაც შეეხება სამინისტროს პოზიციას, ის აცხადებს:
კახა კალაძე,

კახა კალაძე,


”ჩვენი მიდგომაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ანუ ავაშენოთ ჰიდროელექტროსადგურები იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაიწყება ხუდონჰესის მშენებლობა. თუმცა, როგორც ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” გენერალური დირექტორი პაატა წერეთელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის და რა სახით დაიწყება ჰესის მშენებლობა.

შეგახსენებთ, რომ მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა ჯერ კიდევ 25 წლის წინ, 1986 წელს, დაიწყო, თუმცა, მოსალოდნელი საფრთხეებისა და საზოგადოების მხრიდან პროტესტის ფონზე, მშენებლობა შეჩერდა. საქართველოს მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო, 2009 წლის დეკემბერში კი საქართველოს მთავრობასა და კომპანია Trans Electrica Limited-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე.

საპროექტო გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტში დაახლოებით 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია იგეგმება. აქედან 600 მილიონი დოლარი კაშხლის მშენებლობისთვისაა განკუთვნილი, 400 მილიონი კი მოსახლეობის განსახლებასა და სოციალურ მოთხოვნილებებს მოხმარდება. ხუდონჰესი ქვეყანაში სიმძლავრით მეორე ჰესი იქნება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, მოგებას 2017 წლიდან მოიტანს, როდესაც, სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განხორციელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG