Accessibility links

logo-print
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწვეულმა ნიდერლანდის გარემოზე ზემოქმედების კომისიის წევრებმა (NCEA- Netherlands Commission on Environmental Assessment) საზოგადოებას წარუდგინეს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. კომისიის დასკვნის მიხედვით, ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
საბჭოთა კავშირი, ანუ ქვეყანა, რომელმაც შორეულ 1984 წელს ხუდონჰესის მშენებლობა დაიწყო, დიდი ხანია აღარ არსებობს, დაინგრა და მწყობრიდან გამოვიდა საბჭოთა ენერგეტიკოსებისა და მშენებლების მიერ დასრულებული ნაგებობებიც, - სადერივაციო გვირაბი, მიწისქვეშა ელექტროსადგური, მარცხენა საყრდენი კედელი და სხვა შენობები, - თუმცა დრომ ვერაფერი დააკლო თავად სადგურის მშენებლობის იდეას, რომელიც, მიუხედავად ზემო სვანეთის მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულების და ლამის 30-წლიანი წყვეტისა, კვლავ ხორცს ისხამს, რის პასუხადაც მესტიის რაიონში საპროტესტო აქციები იმართება.

აქციის ორგანიზატორის ხმა: „ხალხნო, გინდათ ხუდონჰესის აშენება?“
მომიტინგეთა პასუხი: „არა! არა!“

ასე ერთხმად უარყვეს მესტიის რაიონულ ცენტრში 2013 წლის 20 მაისს შეკრებილმა ადამიანებმა ხუდონჰესის მშენებლობის შესაძლო განახლება, ხოლო ყოველგვარი სპეკულაციის გამორიცხვის მიზნით, მთაში მიღებული ტრადიციის შესაბამისად, ხატზე დაიფიცეს, რომ ნათქვამს არ გადავიდოდნენ. რუსუდან ნაკანიც, მესტიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მთიანი რეგიონის ქალების“ ლიდერი, ამბობს, რომ ადგილობრივთა პოზიცია შეუვალია და რომ ინვესტორისა თუ მთავრობის შეთავაზებები ვერაფერს შეცვლის:

„რა თქმა უნდა, მთავრობა იქნება თუ ინვესტორი კომპანია, შეეცდება გვერდიდან შემოგვიაროს და რაღაც მომხიბლავი წინადადებაც მოიფიქროს, მაგრამ ეს ვერ გაჭრის. არავინ ამ თემაზე აღარ ლაპარაკობს. ეს არის დამთავრებული, დახურული საკითხი!“

შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სოფელში მცხოვრები ხალხის სხვა ადგილებში განსახლება ეფექტიანად და დეტალურად არ იყო გათვალისწინებული. ამ ხალხთან კომუნიკაციაც არაეფექტიანი იყო. არსებობს სასწრაფო საჭიროება იმისა, რომ ამ რეგიონში მყოფ ადამიანებთან დისკუსია, კომუნიკაცია განახლდეს...
საქმე ის არის, რომ „ხუდონჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” გეგმის მიხედვით, 200 მეტრი სიმაღლის თაღური ბეტონის კაშხლის მშენებლობით დაიტბორება 528 ჰექტარი ტერიტორია, რის შედეგადაც წყლის ქვეშ მოექცევა სოფლები: ხაიში, დაკარი, გაღმა ხაიში და ტობარი, ასევე ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ექცევა სხვა ათი დასახლებული პუნქტი, რომლის ნაწილი ასევე საჭიროებს განსახლებას. ნიდერლანდის გარემოს შეფასების კომისიის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის არენ კორლჰოფის განცხადებით, პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება იმ რამდენიმე საკვანძო საკითხის დეტალური შესწავლის გარეშე, რომლებიც სათანადოდ არ არის წარმოდგენილი ინვესტორი კომპანიის, ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” დაკვეთით შესრულებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში:

"რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვაქვს ხუთი მთავარი ელემენტი, რომლებსაც ჩემი კოლეგები მოგვიანებით შეიმუშავებენ. ეს ხუთი ელემენტი, ჩვენი აზრით, არის გადამწყვეტი, სასიცოცხლო. უპირველეს ყოვლისა, ეს არის განსახლება. შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სოფელში მცხოვრები ხალხის სხვა ადგილებში განსახლება ეფექტიანად და დეტალურად არ იყო გათვალისწინებული. ამ ხალხთან კომუნიკაციაც არაეფექტიანი იყო. არსებობს სასწრაფო საჭიროება იმისა, რომ ამ რეგიონში მყოფ ადამიანებთან დისკუსია, კომუნიკაცია განახლდეს და შემდეგ იყოს გათვალისწინებული. მეორე ელემენტი არის სედიმენტაცია. ჩვენი აზრით, ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რამდენ ხანს იქნება ეს კაშხალი, ანუ რა მოცულობის სედიმენტაციაა მოსალოდნელი, ანუ რამდენი წლით არის განსაზღვრული კაშხლის მოქმედება - 50, 90 თუ 20 წლით. ეს, გარკვეულწილად, დამოკიდებულია მოდელური ცდის ჩატარებაზე, რაც უმნიშვნელოვანესია კაშხლის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსასაზღვრად".

გარდა ამისა, ნიდერლანდელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნდა მომზადდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი, დეტალური აღწერითა და მდგომარეობის მითითებით, რის შემდეგაც უნდა გაკეთდეს მოქმედების გეგმა. ასევე საჭიროა განხორციელდეს გეოლოგიური საფრთხეების სრული შეფასება, მათ შორის, სეისმური რისკები, ეროზია, ბუნებრივი ფერდობებისა და კაშხლის ფუნდამენტის სტაბილურობა. ნიდერლანდელი ექსპერტების დასკვნით, ასევე დასათვლელია პროექტისგან მოსალოდნელი რისკებისა და სარგებლის ბალანსი, ანუ ერთ მხარესაა საკუთრების დაკარგვა, განსახლება, გარემოს დეგრადაცია, ფლორისა და ფაუნის განადგურება, რის საპირწონედაც საკითხავია: რა სარგებელს მოუტანს პროექტი ქვეყანას? მიიღებს თუ არა ქვეყანა უფრო იაფ ელექტროენერგიას? რას მიიღებენ დაზარალებულები? როგორ განაწილდება პროექტისგან მიღებული სარგებელი? ამ კითხვებზე პასუხებს ითხოვს ირაკლი მაჭარაშვილიც - ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, რომელსაც ასევე უკიდურესად აღიზიანებს საკითხისადმი მთავრობის დამოკიდებულება:

„რა ხეირს მიიღებს და რას დაკარგავს ამ პროექტით საქართველო? უცნაურია, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხში არანაირად არ მონაწილეობს. განსახლების საკითხები განსახლების სამინისტროს თავსატეხი უნდა იყოს და არა გარემოს დაცვის სამინისტროსი. ასევე აქტიურად უნდა იყოს ჩართული ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ ყველა ამათ ხელი აქვთ დაბანილი და უნდათ ყველაფერი გადატყდეს გარემოს დაცვის სამინისტროზე. რამდენად გამოადგება ქვეყანას ასეთი ხელშეკრულების შედეგად აშენებული ელექტროსადგური - ამაზეა საუბარი. თუ ქვეყანას სჭირდება, ხალხი წინაპრების საფლავებს კი არა, თავსა და შვილებს გაწირავს, მაგრამ ხომ უნდა გავაგებინოთ ხალხს, სჭირდება თუ არა ჩვენს ქვეყანას ასეთი რამ და მართლა არის თუ არა საჭირო ასეთი თავგანწირვა“.

სეისმომედეგობასთან დაკავშირებით კომპანია „შტუკემ“ განაცხადა, რომ ნაგებობა გათვლილი იქნება, რვა ბალის ნაცვლად, ცხრა ბალზე, შესაბამისი კვლევა კი დამკვეთ კომპანიას მიეწოდება ორ კვირაში. რაც შეეხება განსახლებას, ვაპირებთ ვიმუშაოთ თითოეულ პოტენციურად განსასახლებელ პირთან...
კითხვის პასუხად, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა ამბობს, რომ თავის გასაწირი არც არაფერია. მისი თქმით, ინვესტორ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ანგარიშში ასახული ექნება ყველა დეტალი, რომელიც, პირველ რიგში, გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს სედიმენტაციის, იმავე ნატანით წყალსაცავის შევსების ტემპებთან დაკავშირებით, რაც, საბოლოო ჯამში, ჰესის სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. და კიდევ:

„სეისმომედეგობასთან დაკავშირებით კომპანია „შტუკემ“ განაცხადა, რომ ნაგებობა გათვლილი იქნება, რვა ბალის ნაცვლად, ცხრა ბალზე, შესაბამისი კვლევა კი დამკვეთ კომპანიას მიეწოდება ორ კვირაში. რაც შეეხება განსახლებას, ვაპირებთ ვიმუშაოთ თითოეულ პოტენციურად განსასახლებელ პირთან, რათა მოვახდინოთ ზარალის კომპენსირება იმ დონეზე, რა დონეზეც არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში“.

დავით მირცხულავას თქმით, ჯამში, 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციიდან 400 მილიონი სწორედ განსახლებაზე დაიხარჯება. რაც შეეხება 700 მეგავატი სიმძლავრის სადგურის მშენებლობით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, საქართველო მიიღებს 1 მილიარდ 400 მილიონ კილოვატ/საათ ენერგიის გამომუშავებას.

„ასევე გავლენას მოახდენს ენგურჰესის გამომუშავებაზე, რომელიც 300 მილიონი კვტ/სთ-ით გაიზრდება, ანუ, ფაქტიურად, უფასო ელექტროენერგიას, რომელიც 1,3 თეთრი ღირს, დაემატება 300 მილიონი კილოვატ/საათი. სწორედ ენგურის ენერგიით არის, რომ ვინარჩუნებთ დაბალ დონეზე შეწონილ ტარიფს“, უთხრა დავით მირცხულავამ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხუდონჰესზე გამომუშავებული 1 კილოვატ.საათი ელექტროენერგია 5,86 ცენტი ეღირება, რაც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რევაზ არველაძის თქმით, 2020 წლისთვის არც ძვირი იქნება და არც ზედმეტი:

„კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ამით გავხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. დღეს ჩვენი ეკონომიკა ისე მძიმე მდგომარეობაშია, რომ მართლა რომ წინ წავიდეს, არც ხუდონჰესი ეყოფა და არც მრავალი სხვა სადგური. თანაც, ამ სადგურის გამომუშავებული ენერგია იქნება პიკური, რომელზე მოთხოვნილებაც ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში ძალიან დიდია. პიკური ელექტროენერგია რამდენჯერმე უფრო ძვირია, ვიდრე ბაზისური. ჩვენ თუ ბაზისური ელექტროენერგიის ნაკლებობა გვექნება, გავცვლით პიკურში ერთი სამთან თანაფარდობით“.

ხუდონის თემა არის არა მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხი, ის არის სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული. ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის საკითხი. დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან...
თუმცა, ენერგეტიკოსებისაგან განსხვავებით, ეკოლოგები და გარემოს დაცვის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჰესის მშენებლობის ნებართვის გაცემამდე საჭიროა მეტად არგუმენტირებული დასაბუთება იმისა, საერთოდ სჭირდება თუ არა საქართველოს ამ სიმძლავრის ელექტროსადგური. ასე ფიქრობს ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე:

„პირველ რიგში, ყველა პირობა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ არა მარტო ის, თუ რა არის გარემოსთან მიმართებით გასაკეთებელი, არამედ ისიც, თუ როგორ აშენდება. ბევრი ასპექტი აქვს ხუდონჰესის მშენებლობას, მათ შორის, დადებითიც, რადგანაც ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მშენებლობა აუცილებლობას წარმოადგენს, ოღონდ უნდა იყოს მცირე ზომის ენგურჰესთან მიმართებით, მაგრამ ხუდონი უნდა იყოს ეს? არ ვიცი!“

ფორმალურად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს დადებითი ეკოლოგიური დასკვნაა საჭირო, თუმცა, როგორც მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობს, საკითხი მთავრობის კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს:

„ხუდონის თემა არის არა მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხი, ის არის სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული. ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის საკითხი. დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან... ამიტომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელშიც თავის სიტყვას იტყვის ეკონომიკის სამინისტრო და, საბოლოო ჯამში, გადაწვეტილებასაც ერთობლივად მივიღებთ“.

გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია პრობლემის პოლიტიკური ფაქტორი. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობის პროგრამაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ენერგეტიკული რესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე, არადა, ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევა სწორედ აქეთ არის მიმართული. ამასთან, არჩევნების დროს „ქართული ოცნება“ ზემო სვანეთის მოსახლეობას ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერებას ჰპირდებოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG