Accessibility links

logo-print

გამოხმაურება „ხურჩის ტერაქტის“ გახსნაზე


არჩილ კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილი

ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. ლაპარაკია 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც აფეთქდა ორი სამგზავრო ავტომობილი და დაიჭრა ერთი მოქალაქე. ადვოკატთა თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებენ. „ხურჩის ტერაქტის გახსნას“ გამოეხმაურნენ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაშიც.

2008 წლის 21 მაისს რომან შამათავას კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, მალხაზ მურღულია კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობდა. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, დაკავებულებს ბრალი ედებათ როგორც ტერაქტის მოწყობაში, ასევე უფლებამოსილების გადამეტებაში:

„ეს ინფორმაცია, რაც გავრცელდა შს სამინისტროს მიერ, პირველადია და ის მიუთითებს საგამოძიებო ორგანოს ვარაუდს, რომ ტერაქტი იქნა ორგანიზებული, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ხოლო ის, თუ როგორ და რანაირად, ამ დეტალებს გამოძიება დაადგენს“.

ხურჩის ტერაქტის ორგანიზატორთა სრული წრის დადგენის იმედი აქვს სოზარ სუბარსაც. 2008 წლის 21 მაისს ის სახალხო დამცველად მუშაობდა და კარგად ახსოვს ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც ეჭვის ქვეშ დააყენა მაშინდელი გამოძიების ოფიციალური ვერსია:

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც დაადგინა, თუ როგორ ხდება „რუსთავი 2“-ის კამერის უკნიდან გასროლა და როგორ ხვდება ტყვია დაზარალებულს. კადრში ჩანს დაზარალებული ქალბატონი, რომელიც საყვედურობს პოლიციელებს, რა მიქენით ესო. პოლიციელი აწყნარებს, არაფერი, მსუბუქი ჭრილობააო. ეს კადრები ერთხელ გავიდა ეთერში, შემდეგ კი ამოჭრეს. ეს ყველაფერი ჰქონდა 5 წლის წინა გამოძიებას, მაგრამ არაფერი გააკეთა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, სოფელ ხურჩაში ორგანიზებულად გადმოყვანილ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას. ამ დროს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიეს. "РПГ"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქეს ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წაყენებულ ბრალდებებში დაკავებულები თავს დამნაშავეებად არ ცნობენ. მათი ადვოკატების დარეჯან გელაშვილისა და გოგა ონიანის თქმით, რომან შამათავა და მალხაზ მურღულია პროტესტს შიმშილობის აქციით გამოხატავენ:

დარეჯან გულაშვილი: „კატეგორიულად უარყოფენ ასეთი დანაშაულის ჩადენას. პირიქით, სამარცხვინოდაც კი ეჩვენებათ ასეთი ბრალის წაყენება და, რა თქმა უნდა, ბოლომდე იბრძოლებენ დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა“.

გოგა ონიანი: „ხელისუფლება საზოგადოებას ვეღარაფრით ვეღარ გააკვირვებს. ალბათ, ერთადერთი რამ დარჩა, გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაც ქართულ მხარეს დააბრალონ. სერიოზულად თუ ვიტყვით, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ჯერ არ მიგვიღია მტკიცებულებები. ამბობენ, რომ ჯერ მზად არ არიან. ბუნებრივია, გვიჩნდება მოსაზრება: თუ მზად არ იყვნენ, არც უნდა წაეყენებინათ ბრალდება. ბარლდებულები ამბობენ, რომ აუცილებლად დაამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს“.
მაშინაც ჩვენი მხარე ამბობდა, რომ ეს იყო ქართული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. კერძოდ, ამას აცხადებდნენ მაშინდელი პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში და გალის რაიონის მილიციის უფროსი ლოურენს კოღონია...

ბრალდებული ყოფილი პოლიციელების უდანაშაულობისა არ სჯერათ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა სოხუმში ანაიდ გრიგორიანმა კომენტარი სთხოვა სტანისლავ ლაკობას, თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს:

„ჩვენთვის ეს საიდუმლო არ ყოფილა. მაშინაც ჩვენი მხარე ამბობდა, რომ ეს იყო ქართული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. კერძოდ, ამას აცხადებდნენ მაშინდელი პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში და გალის რაიონის მილიციის უფროსი ლოურენს კოღონია. დღეს ეს ფაქტები დადასტურდა. ქართული მხარე მოსახლეობის დასაშინებლად ხშირად მიმართავდა მსგავს აქციებს, რათა შემდეგ აფხაზეთის მხარისთვის დაედო ბრალი“.

სტანისლავ ლაკობა ასევე იმედოვნებს, რომ ქართველი სამართალდამცავები ნათელს მოჰფენენ 2007 წლის 3 თებერვალს გალის რაიონიდან გაუჩინარებული ეთნიკური ქართველის, აფხაზეთის მოქალაქისა და გალის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გაუჩინარების საკითხს, რომელიც არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშიც შევიდა. აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ეჭვობენ, რომ დავით სიგუა გატაცებული და მოკლულია.
XS
SM
MD
LG