Accessibility links

ხურჩის ტერაქტის საქმე - რას იხსენებს აფეთქებული ავტობუსის მგზავრი


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ხურჩის ტერაქტის საქმეში, თუმცა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტებისთვის. რომან შამათავას აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლისა და 6 თვის ვადით.

რომან შამათავას ბრალი ედებოდა, რომ მან, როგორც ქართული ხელისუფლების წარმომადგენელმა, ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ის გამართლდა. სასამართლო დაეთანხმა ჩვენს მოსაზრებას, რომ ეს ჩაიდინეს აფხაზებმა...

რომან შამათავას ადვოკატი რომეო საჯაია სასამართლოს განაჩენით კმაყოფილია. მისი აზრით, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურა, რომ ხურჩაში 2008 წელს აფეთქება არა ქართველებმა, არამედ აფხაზმა სამხედროებმა მოაწყვეს:

„რომან შამათავას ბრალი ედებოდა, რომ მან, როგორც ქართული ხელისუფლების წარმომადგენელმა, ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ის გამართლდა. სასამართლო დაეთანხმა ჩვენს მოსაზრებას, რომ ეს ჩაიდინეს აფხაზებმა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც გულისხმობს შემდეგს: ბრძანება რომ არ იყო გაფორმებული წერილობით, ზეპირსიტყვიერი ბრძანებით მოხდა სამხედროების გასვლა ხურჩის ტერიტორიაზე. საიარაღოდან იარაღების გამოტანა, დავალებების მიცემა და ა.შ. - ეს არ იყო ყველაფერი რეგისტრირებული და სახელმწიფოს ხარჯები გამოიწვიაო. აქედან გამომდინარე, მან უფლებამოსილებას გადაამეტაო“.

რომეო საჯაიას განმარტებით, მუხლს, რომელშიც რომან შამათავა გამტყუნდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, რომელიც ოკუპირებულ ნაბაკევს ესაზღვრება, ტერაქტი 2008 წლის 21 მაისს განხორციელდა. მაშინ რომან შამათავას კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, სოფელ ხურჩაში ორგანიზებულად გადმოყვანილ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას. ამ დროს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიეს - „РПГ"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქეს ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ.

იქ ვუცდიდით, სტადიონზე. ნაბაკევიდან უნდა გადმოსულიყო ხალხი. მოგვესმა სროლის ხმა - იქ მდინარე გადის, ხურჩა, და იქედან, აფხაზეთის მხრიდან. ვაიმე, აფხაზებიო, და გადმოვცვივდით იქედან. ძლივს გავედით მეზობლის თხილნარით...

იმაზე, თუ რა მოხდა 2008 წლის 21 მაისს ხურჩაში, ლაპარაკი არ სურთ ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელში მცხოვრებთ. რადიო თავისუფლებასთან საუბარზე მხოლოდ ზოია შონია დათანხმდა. ამბობს, რომ ტერაქტის შესახებ დღეს პირველად ჰყვება საჯაროდ. ის ერთ-ერთ იმ ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც ააფეთქეს.

„იქ ვუცდიდით, სტადიონზე. ნაბაკევიდან უნდა გადმოსულიყო ხალხი. მოგვესმა სროლის ხმა - იქ მდინარე გადის, ხურჩა, და იქედან, აფხაზეთის მხრიდან. ვაიმე, აფხაზებიო, და გადმოვცვივდით იქედან. ძლივს გავედით მეზობლის თხილნარით“, - იხსენებს ზოია შონია. მისი თქმით, სამგზავრო ავტობუსი მაშინ ადგილობრივმა გამგეობამ მოსახლეობისთვის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად დააყენა, რადგან მოქალაქეთა ნაწილს კენჭისყრა მეზობელ სოფელ დარჩელში უწევს.

ხურჩაში მომხდარზე განსხვავებული ვერსია უამბეს რესპონდენტებმა ჟურნალისტ გერონტი ყალიჩავას ავტობუსის აფეთქებიდან რამდენიმე წუთში. ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ის რედაქტორი მაშინ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იყო და შემთხვევის ადგილზე მუშაობდა. გერონტი ყალიჩავას თქმით, ხურჩელებმა მაშინ უთხრეს, რომ გაფრთხილებულნი იყვნენ მოსალოდნელი სროლის შესახებ:

„ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ ავტობუსში ჩასასხდომად და არჩევნებში ხმის მისაცემად მას ეპატიჟებოდა ჟურნალისტი. მეუბნებოდა, რომ მათ უთხრეს, საფრთხე არ შეგექმნებათო. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც დაჭრილი იყო ქვედა კიდურის არეში, ყვიროდა, არ მოგკლავთ და მითხარით, ეს რა გამიკეთეთო“.

ხურჩაში ავტობუსის აფეთქების ბრალდებით რომან შამათავასა და მასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, მალხაზ მურღულიას, დაკავების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 22 ოქტომბერს გააკეთა. მალხაზ მურღულია აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა.

XS
SM
MD
LG